მიმდინარე წლის 3 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, განახლებული შემადგენლობით, პირველ სხდომას გამართავს. 21 ივნისს, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების ვადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 8 წევრს ამოეწურა.
ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა 4 არამოსამართლე წევრი 33 კანდიდატიდან აირჩია. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ორგანომ დროულად არ უზრუნველყო კანდიდატების განხილვისა და შეფასების სათანადო პროცედურების პარლამენტის რეგლამენტით გაწერა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც თითოეული კანდიდატისთვის 5 წუთიანი მოხსენების გაკეთების შესაძლებლობის მიცემას გულისხმობდა, დადებითად შეიძლება შეფასებულიყო, რომ არა პროცესის ფორმალურ ხასიათი. მიუხედავად მაღალი საჯარო ინტერესის არსებობისა, კომიტეტის წევრებს და დამსწრე პირებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა კონკრეტული კითხვებით მიემართათ კანდიდატებისათვის.
საბოლოოდ, პარლამენტმა ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა ნაზიბროლა ჯანეზაშვილის, ირმა გელაშვილის, ლევან გზირიშვილისა და ზაზა ხარებავას კანდიდატურებს. საგულისხმოა, რომ არჩეული კანდიდატების უმრავლესობის პოზიცია, სასამართლო სისტემაში მიმდინარე და განსახორციელებელი რეფორმების, ასევე ბოლოდროინდელი მოვლენების თაობაზე, საზოგადოებისათვის უცნობია და ბუნდოვანია, თუ რის საფუძველზე მოიპოვა არჩეული წევრების ნაწილმა პარლამენტის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერა.
რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, 24 ივნისს, მოსამართლეთა რიგგარეშე კონფერენციაზე დამსწრე მოსამართლეებმა ირაკლი შენგელიას, ირაკლი ბონდარენკოს, დიმიტრი გვრიტიშვილისა და ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურებს დაუჭირეს მხარი. დღის წესრიგის თანახმად, ოთხი ვაკანტური თანამდებობიდან 2 ვაკანტურ თანამდებობაზე ცალკე ეყარა კენჭი იმ კანდიდატებს, რომლებიც, კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილნი არიან საბჭოს წევრის თანამდებობასთან ერთად ეკავოთ სასამართლოს თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის ან სასამართლო კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარის თანამდებობა. დარჩენილი ორი ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კი, კენჭი ეყარათ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ადმინისტრაციულ თანამდებობას არ იკავებენ. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ბონდარენკო და ვასილ მშვენიერაძე ამჟამად მენეჯერულ თანამდებობებს არ ითავსებენ, საყურადღებოა, რომ ირაკლი ბონდარენკო 2012-2017 წლებში თავმჯდომარეობდა სიღნაღის რაიონულ სასამართლოს, ხოლო ვასილ მშვენიერაძე კი, 2012-2016 წლებში იკავებდა მცხეთის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის პოსტს. სასამართლო სისტემაზე ჩვენი დაკვირვება აჩვენებს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფს აერთიანებს. ამავდროულად აღსანიშნავია ისიც, რომ კონფერენციის მიერ არჩეული იუსტიციის საბჭოს 4 ახალი წევრიდან, არცერთი არაა ქალი.
კოალიციამ არაერთხელ მოუწოდა მოსამართლეთა კონფერენციას საბჭოს წევრებად ნომინირებული კანდიდატებისათვის მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მდგომარეობის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვის წარმოდგენის შესაძლებლობის მიცემისა და ასევე კანდიდატებისათვის კითხვების დასმისკენ. სამწუხაროდ, აღნიშნული მოწოდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ამ არჩევნებზეც არ იქნა გათვალისწინებული. მოსამართლეთა კონფერენციის მსვლელობისას ნომინირებულ კანდიდატებს არც საკუთარი ხედვა და მოსაზრებები წარმოუდგენიათ და არც მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილე მოსამართლეებს მიუმართავთ მათთვის კონკრეტული შეკითხვით.
მოსამართლეთა კონფერენციის დასრულების შემდგომ, საბჭოს ახალარჩეული მოსამართლე წევრების მიერ მედიასთან გაკეთებული განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ახალი წევრები მათი საქმიანობის მთავარ პრიორიტეტად არა არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრას, არამედ წინა შემადგენლობის მიერ აღებული გეზისა და მიღწეულის შენარჩუნებას ასახელებენ.
მიუხედავად ჩვენი სკეპტიციზმისა, რისი საფუძველიც საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების პროცესი და საბჭოს ახალარჩეული წევრების დიდი ნაწილის უკვე საჯაროდ გაცხადებული პოზიციაა, გამოვთქვამთ მზაობას თანამშრომლობისათვის და საბჭოს განახლებულ შემადგენლობას ვთავაზობთ შეხვედრას, სადაც კოალიციის სახელით კიდევ ერთხელ გავაცნობთ სასამართლო სისტემაში არსებულ იმ ძირითად პრობლემებს, რომელთა გამოვლენასაც კოალიციაში შემავალი ორგანიზაციები ჩვენი საქმიანობისას ვახდენთ, ასევე ჩვენს ხედვასა და რეკომენდაციებს გასატარებელი რეფორმების შესახებ.
ამავდროულად, მოვუწოდებთ საბჭოს განახლებულ შემადგენლობას, რომ საქმიანობა შემდეგი ძირითადი მიმართულებებისკენ წარმართოს: