სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ჩაშლილ სხდომასთან დაკავშირებით

2014-05-23 13:33
Featured image
2014 წლის 21 მაისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ინიციატივით მოწვეული სხდომა, რომელზეც დღის წესრიგის თანახმად, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა იგეგმებოდა (გადატვირთულობის პრობლემა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რეზერვში მყოფი მოსამართლეების დანიშვნის საკითხი) ჩაიშაილა. სხდომის ჩაშლის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ  საბჭოს მოსამართლე წევრებიდან სხდომას არც ერთი მათგანი არ დაესწრო. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საბჭოს სხდომა მოწვეულ იქნა არამოსამართლე წევრების ინიციატივით. თუმცა, ეს ინიციატივა არა თუ მხარდაჭერილ არ იქნა მოსამართლე წევრების მხრიდან, არამედ, როგორც აღვნიშნეთ, მისი სრული იგნორირება მოხდა. როგორც საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა განმარტეს, საბჭოს ყველა წევრი  სხდომის შესახებ წინასწარ ინფორმირებული იყო. 
 
ზემოაღნიშნული ფაქტი ვერ შეფასდება საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კონსტრუქციულ თანამშრომლობად და მართლმსაჯულების ინტერესებით გამსჭვალულ ქმედებად. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს 5 არამოსამართლე და 9 მოსამართლე მოქმედ წევრებს შორის არსებობდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა  და მართლმსაჯულების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი ძალებით გადაწყვეტის სურვილი. მსგავსი მიდგომა აუცილებელია თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ  ზოგიერთი  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა 10 ხმა, რაც მხოლოდ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრების ერთობლივი მხარდაჭერის შემთხვევაში მიიღწევა. 
 
სასამართლო სისტემის წინაშე არსებული პრობლემებისა და გამოწვევების მოგვარება უპირველეს ყოვლისა თავად სასამართლო ხელისუფლებას ხელეწიფება და ევალება. საქართველოს კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, როგორც უმნიშვნელოვანესი ფუნქციებით აღჭურვილ კონსტიტუციურ ორგანოს, სასამართლო სისტემაში არსებული რიგი პრობლემების მოგვარების სათანადო მექანიზმებით აღჭურავს. ამ მექანიზმების გამოყენება საბჭოს არა მხოლოდ უფლებამოსილება, არამედ ვალდებულებაც არის. მნიშვნელოვანია კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმები და შესაძლებლობები საბჭომ ეფექტურად გამოიყენოს და რაიმე საკითხის განხილვის დროს კვლავ არ გაჩნდეს კითხვა , ხომ არ გადაწონის მართლმსაჯულების ინტერესებს ვიწრო ჯგუფური თუ სხვა სახის ინტერესები. 
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა ზემოაღნიშნული დამოკდებულება  არის უაღრესად შემაშფოთებელი არა მხოლოდ კოალიციაში შემავალი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, არამედ თავად სასამართლო სისტების შიგნით ამ დამოკიდებულებამ მოსამართლეთა ნაწილის სამართლიანი პროტესტი და კრიტიკული შეფასება გამოიწვია: „არ გვინდა ვიფიქროთ, რომ სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებისა თუ გამოწვევებისადმი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობას - ერთ აზრზე მდგარ მოსამართლე წევრებს საუკეთესო შემთხვევაში აქვთ ინდიფერენტული დამოკიდებულება, ხოლო უარეს შემთხვევაში მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სისტემაში პრობლემების ხელოვნურად შენარჩუნება-გაღრმავებას“  - აღნიშნულია ასოციაცია ,,მოსამართლეთა ერთობის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
 
აქვე უნდა აღინიშნოს ის სამწუხარო ინფორმაცია, რაც გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით მომზადებულ და ახლახანს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით დადგინდა: სასჯელაღსრულების სამინისტროსთან, შსს-სთან, პროკურატურასთან და ყველა სხვა სახელმწიფო უწყებასთან შედარებით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ყველაზე უარესად 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პერიოდში იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასრულებდა.
 
კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სათანადოდ გააცნობიეროს ის დიდი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც მას ეკისრება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის თუ შემდგომი რეფორმირების პროცესში. თუ თავისი ქმედებებითა და გადაწყვეტილებებით საბჭო ვერ შეძლებს საზოგადოებაში დაიმკვიდროს დამოუკიდებელი, სანდო და ეფექტური ორგანოს იმიჯი, მას გაუჭირდება თავი გაართვას სასამართლო სისტემის წინაშე მდგომ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რაც ცხადია  საფრთხეს შეუქმნის როგორც ამ სისტემას, ასევე თითოეული მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის გარანტიებს საქართველოში.