საქმემან შენმან წარმოგაჩინოს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პირველად 10 წლის წინ მივედი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი.
მაშინ საია იყო თითქმის ერთადერთი ადგილი საქართველოში, სადაც ახალგაზრდა, დამწყებ იურისტს შეეძლო ესარგებლა პროფესიული ბიბლიოთეკით, მოესმინა ჯანსაღი დებატები სამართლებრივ საკითხებზე და მიეღო განათლება ისეთი ცნებების შესახებ, რაც ლამის ყოველდღიურად გვესმის დღეს, მაგრამ მაშინ იმდენად უცხო იყო, რომ უხეშადაც კი ხვდებოდა ყურს - დემოკრატიული მმართველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება...
საია და არა უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი იყო ის ადგილი, სადაც მომავალმა იურისტმა ვისწავლე, რომ როდესაც კანონი უსამართლოა, მოქალაქე კი არ უნდა შეეგუოს მას, არამედ მშვიდობიანი ფორმებით, მაგრამ ყველა კანონიერი მეთოდის გამოყენებით, უნდა იბრძოლოს მის შესაცვლელად.
დღეს, როდესაც საიას ირგვლივ ისმის ცილისმწამებლური რიტორიკა, როდესაც მისი ყოფილი თავმჯდომარის პიროვნებას იკვლევენ, როდესაც საიას და პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებენ კორუფციულ გარიგებებში, გვაქვს ორი არჩევანი - ვუპასუხოთ ან არ ვუპასუხოთ აბსურდულ ბრალდებებს. მაინც ვფიქრობ, რომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილი ოქრო არ არის და სათქმელი ხმამაღლა უნდა ითქვას. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ იგივეს გავაკეთებდი ყველა შემთხვევაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი დღეს, თუმცა, ახლა, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ, ამას გავაკეთებ განსაკუთრებული სიამაყის გრძნობით!
ვინ აფინანსებს საიას?
ჩვენი ყოველწლიური ანგარიშები, როგორც შინაარსობრივი, ასევე ფინანსური, ხელმისაწვდომია ჩვენსავე ვებ-გვერდზე, ყველასათვის - ვისაც ეს აინტერესებს, რადგან ჩვენი საქმიანობა დაფუძნების დღიდან დგას პრინციპზე - როდესაც სხვას (ხელისუფლებას) მოუწოდებ ღიაობისა და გამჭვირვალობისკენ, შენ თავად უნდა იძლეოდე ამის მაგალითს.
ჩვენი ფინანსური საქმიანობა ყოველწლიურად და ხშირად, წელიწადში რამდენჯერმე, მოწმდება ადგილობრივი თუ საერთაშორისო აუდიტის მიერ; ხოლო ჩვენი საქმიანობის შინაარსის და შედეგების შემფასებლები არიან ჩვენივე თანამშრომლები, საიას გამგეობა და ასოციაციის 800-ზე მეტი წევრი, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, დიპლომატიური კორპუსი და სხვ. თუმცა, პირველი და უპირველესი შემფასებლები ჩვენი საქმიანობისა არიან საქართველოს მოქალაქეები. ხოლო როგორ აფასებენ მოქალაქეები ჩვენს საქმიანობას, ამის ნათელი დასტური ისაა, რომ დღის არც ერთ მონაკვეთში საიას ცხრავე ოფისში საქართველოს მასშტაბით არ წყდება მოქალაქეთა ნაკადი, არ წყდება სატელეფონო ზარები, არ წყდება მედიის ინტერესი იმის შესახებ, თუ რას ფიქრობენ ამა თუ იმ საკითხზე საიაში... სხვათაშორის, საიას ელ-ფოსტაზე არ წყდება არც სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ გამოგზავნილი სახელმწიფო მნიშვნელობის დოკუმენტები (სტრატეგიები, პოლიტიკის დოკუმენტები, სამოქმედო გეგმები, კანონპროექტები და სხვ.) და მოლოდინი იმისა, რომ საია თავის აზრს მიაწოდებს მათ და ამით გაუმჯობესებაში დაეხმარება სახელმწიფო სტრუქტურებს.