რა არის სესხის ხელშეკრულება?
სესხის ხელშეკრულების თანახმად, გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ხოლო მსესხებელი ვალდებულია დაუბრუნოს მას იგივე რაოდენობის თანხა, შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტი და პირგასამტეხლო. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე მსესხებლის ოჯახის წევრებსა და ახლობელ პირებს პასუხისმგებლობა არ ეკისრებათ.
რა ფორმით შეიძლება დაიდოს სესხის ხელშეკრულება?
სესხის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც ზეპირად, ასევე წერილობით. ზეპირად დადებული ხელშეკრულების ნამდვილობა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით ვერ დადგინდება. ონლაინ სესხების შემთხვევაში, სესხის გამცემი დაწესებულების მიერ განსაზღვრულ პირობებთან დაკავშირებით მსესხებლის მიერ გაცხადებული თანხმობა ავტომატურად გულისხმობს მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადებას.
რამდენია სესხისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა?
მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი და განისაზღვროს მისი ოდენობა. სესხისათვის პროცენტის განსაზღვრისას სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100 პროცენტს. ეს წესი მოქმედებს სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაშიც. სესხის ვადის გაგრძელებად კი, მიიჩნევა არსებული სესხის დაფარვის შემდეგ ახალი სესხის გაცემა, თუ არსებული სესხის დაფარვიდან ახალი სესხის გაცემამდე 5 სამუშაო დღე არ გასულა.
რამდენად შესაძლებელია მხარეთა მიერ შეთანხმებული სესხის პროცენტის შემცირება?
მხარის მოთხოვნით სასამართლოს შეუძლია განახორციელოს კონტროლი ონლაინ სესხების კომპანიების მიერ განსაზღვრულ სესხის პროცენტზე. მსესხებელი უფლებამოსილია, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის შემცირება. ამ სახის მოთხოვნის დაყენება შესაძლებელია, როგორც სარჩელის, ისე შესაგებლის წარდგენის შემთხვევაში.
რა არის პირგასამტეხლო?
პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო შეიძლება გამოიხატოს, როგორც ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის გადასახდელი თანხით, ისე ერთჯერადი ფულადი გადასახადის სახით.
როგორ განისაზღვრება პირგასამტეხლოს ოდენობა სესხის ხელშეკრულებაში?
ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ წერილობით უნდა იყოს დადებული.
შესაძლებელია თუ არა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სასამართლოს მიერ?
მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს უფლება აქვს, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს სამართლიან ოდენობამდე. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს.
როგორ უნდა მივმართოთ სასამართლოს პროცენტისა და პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით?
კრედიტორის მიერ სასამართლოსადმი მიმართვის შემთხვევაში, მოპასუხე (მოვალე) ვალდებულია სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლების მიღების შემდეგ, გზავნილში მითითებულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი პასუხი (შესაგებელი). შესაგებელში მოვალემ უნდა მიუთითოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ან/და პირგასამტეხლოს არსებობის შესახებ და მოითხოვოს მისი შემცირება. გარდა ამისა, მოვალეს უფლება აქვს არ დაელოდოს კრედიტორის მიერ სასამართლოზე მიმართვას და თავად მოითხოვოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტის ან/დაპირგასამტეხლოს შემცირება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
დასაშვებია თუ არა მოვალის ფინანსური დავალიანების შესახებ მონაცემების მესამე პირებისათვის გამჟღავნება?
ხშირად, მიკროსაფინანსო დაწესებულებები ან პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები მოვალის ფინანსური ვალდებულების არსებობის ან/და მოცულობის შესახებ პერსონალურ მონაცემებს მის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ნათესავებს ან სხვა პირებს აცნობენ. ფინანსური დავალიანების შესახებ ინფორმაცია არის პერსონალური მონაცემი, რომლის მესამე პირებისათვის გამჟღავნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მისი გამჟღავნების სამართლებრივი საფუძველი. ასეთ საფუძველს შესაძლოა წარმოადგენდეს მაგ: მოვალის თანხმობა.
გარკვეულ შემთხვევებში, მონაცემების გამჟღავნების თაობაზე თანხმობის ტექსტი ზოგადი და ბუნდოვანია, რის გამოც პირი შესაძლოა ვერ აცნობიერებდეს თუ რას თანხმდება. შესაბამისად, სესხის აღებამდე აუცილებელია, რომ მსესხებელი სრულყოფილად გაეცნოს პირობებს და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ დათანხმდეს გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებს.
რა შედეგები შეიძლება მოყვეს პერსონალური მონაცემების გამჟღავნებას?
პირს, რომლის პერსონალური მონაცემებიც მისი თანხმობის გარეშე გამჟღავნდება, უფლება აქვს განცხადებით მიმართოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დარღვეული უფლების დასაცავად. ინსპექტორი ვალდებულია განიხილოს განცხადება და დარღვევის დადგენის შემთხვევაში, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები. მაგალითად, დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით.