ფოტო: რადიო თავისუფლება / მზია საგანელიძე
ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით სანატორიუმი "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტს და 16 იანვარს ადგილზე მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას სწრაფი რეაგირებისკენ, დევნილების უსაფრთხო და ღირსეულ პირობებში განსახლების უზრუნველსაყოფად.
მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ უგულებელყო საფრთხის შემცველ გარემოში დევნილთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ვალდებულება და 16 იანვარს ადგილზე მომხდარი ტრაგედია სწორედ უმოქმედობის და უნდობლობის პოლიტიკის შედეგია.
სანატორიუმი ქართლის შენობაში მცხოვრები დევნილების პროტესტი მედია და პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით 16 იანვარს დადგა, როცა 52 წლის დევნილმა კაცმა, ზურაბ ჭიჭოშვილმა პროტესტის ნიშნად ადგილზე თავი მოიკლა.
უკვე რამდენიმე წელია სანატორიუმ "ქართლის" შენობაში მცხოვრები დევნილები აპროტესტებენ აქ არსებულ მძიმე საცხოვრებელ პირობებს. შენობაში ამ დროისთვის 140-150 ოჯახი სახლობს. ისინი აქ აფხაზეთის ომის შემდეგ, 29 წლის წინ ჩასახლდნენ. დევნილების თქმით, შენობა არ არის უსაფრთხო, ავარიულია და ნელ-ნელა იშლება. ადგილობრივების თქმით, შენობა უკვე ორად არის გაყოფილი და არამყარია მისი საძირკველიც, სადაც წყლის დაგროვების ნიშნები ჩანს. 2015 წელს ჩატარებული ბოლო ექსპერტიზა აჩვენებს, რომ შენობა ცხოვრებისთვის უვარგისია. თუმცა 6 წლის შემდეგაც დევნილების განსახლება სახელმწიფომ არ უზრუნველყო.
დევნილების თქმით, ისინი პერიოდულად აქციებს მართავდნენ, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქცია მათ 2021 წლის დეკემბერში დაიწყეს და 2022 წლის 10 იანვარს განაახლეს, როცა დერეფნებში კედლის ნაწილი ისევ ჩამოიშალა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიშების და წუხილის გამო, დღესაც შენობაში მცხოვრები დევნილების ნაწილი, განსაკუთრებით ბავშვები და ხანდაზმულები, მთელ დღეს კორპუსის გვერდით მდებარე დარბაზში ატარებს. მათი ნაწილი ღამითაც კი ამ სივრცეში რჩება, რომელიც მხოლოდ ერთი შეშის ღუმელით თბება.
ბოლო კვირებში დევნილებს ჰქონდათ მოლაპარაკება შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მათ განსახლებაზე, თუმცა წარმოდგენილი პირობები მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა. მოლაპარაკებების დროს ხელისუფლება დევნილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფის ორ ალტერნატიულ გზას სთავაზობდა: 1. საკუთარი რესურსით ბინის მოძიება თბილისში, რომლის შესყიდვასაც სახელმწიფო უზრუნველყოფდა. 2. ქირის თანხის მიღება და ქირით ცხოვრება მანამ სანამ სახელმწიფო მათთვის შესყიდული ბინების მშენებლობას დაასრულებდა. დევნილები ჩვენთან განმარტავენ, რომ შემოთავაზებული პირველი პირობა მათთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რადგან სახელმწიფო მათ უკვე ექსპლოატაციაში შესული ბინების წინასწარ შესყიდვას სთხოვდა და სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული თანხა (1. კვ.მ ფართზე 550 დოლარის ოდენობით) ამ მდგომარეობის ბინების შესაძენად, არასაკმარისი იყო. მეორე ალტერნატივის მიმართ კი დევნილებს უნდობლობა ჰქონდათ, რადგან მათი თქმით, სახელმწიფომ არ მისცა სამართლებრივი გარანტიები, რომ ბინის ქირას საკმარისი პერიოდით მიიღებდნენ. ამასთან, 300 ლარად ბინის ქირით მოძიება, (ბაზარზე არსებული ინფლაციის გათვალისწინებით) მათთვის რთული იქნებოდა. მით უფრო, რომ დევნილებისთვის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს არ გაუზიარებია ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც მათთვის ახალი საცხოვრებელი სივრცეების მშენებლობას უახლოეს მომავალში დაადასტურებდა. ამ პირობებში დევნილები სახელმწიფოს ბინის დაუყოვნებლივ შეძენას და გადაცემას სთხოვდნენ.
ეს ვალდებულება სახელმწიფომ თავის დროზე საკუთარ თავზე არ აიღო. მხოლოდ გუშინ, როცა ადგილზე უმძიმესი ტრაგედია მოხდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილებს ახალ საცხოვრებელი ფართებით უპირობოდ 2022 წლისთვის უზრუნველყოფს.
ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმაგანაცხადა, რომ მომხდარი პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევა იყო და გამოძიებამდე ის არ უნდა დაკავშირებოდა დევნილების პრობლემას. მინისტრის განცხადების საპირისპიროდ, ბატონი ზურაბის მეზობლები ჩვენთან განმარტავენ, რომ გარდაცვლილი აქტიურად იყო ჩართული მათ პროტესტში და მონაწილეობას იღებდა პროტესტის დაგეგმვაში და ბოლო დღეებში მათთან საუბარში რამდენჯერმე ახსენა, რომ თავს თუ მოიკლავდა მხოლოდ ასე შეძლებდა მათ წუხილებზე ყურადღების შექმნას.
ცხადია, რომ მოლაპარაკებების დროს სახელმწიფოს მიერ გაკეთებული შეთავაზებები ადეკვატური არ იყო და ისედაც სოციალურად მოწყვლად ჯგუფს საცხოვრებელთან, როგორც სოციალური დაცვის საბაზისო პირობასთან, დაკავშირებული მკაფიო და მყარი გარანტიების გარეშე, სოციალურ განუსაზღვრელობაში ტოვებდა. სახელმწიფოს მიერ გამართული მოლაპარაკებები დევნილებისთვის ნდობის შემქმნელი პროცესი არ იყო, რადგან ის მაღალ დონეზე არ წარიმართა და წლების განმავლობაში შექმნილი სოციალური უიმედობის ფონზე, საკმარისად დამზღვევ პირობებს არ შეიცავდა. ბატონი ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალება სოციალური ფრუსტრაციის და კრიზისის ყველაზე მძიმე გამოხატულება ჩანს და ის დევნილების საკითხების მიმართ ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაციის წინაპირობა უნდა გახდეს.
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტიდან თითქმის 30 წელი გავიდა, თუმცა იძულებით გადაადგილებული პირების ნახევარიც კი სახელმწიფომ არ უზრუნველყო საცხოვრებლით. 2020 წლის ბოლოს მონაცემებით, საქართველოში 288 146 დევნილი პირი და 91 023 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. 2020 წლისთვის სახელმწიფოს 42 370 ოჯახი ჰყავს განსახლებული, ხოლო 40 131 ოჯახს დადგენილი წესით შევსებული აქვს განაცხადი საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით და განსახლების მოლოდინშია.
ამასთან, დევნილების დიდი უმრავლესობა დღესაც არაადამიანურ პირობებში, საერთო საცხოვრებლებში, მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს. სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გააქტიურდა ნგრევადი ობიექტებიდან ოჯახების განსახლების პროცესი, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტების რიცხვი კვლავ მაღალია. ექსპერტიზის მიერ შეფასებული 90 ობიექტიდან, 71 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. დანარჩენი 19 დევნილების კერძო საკუთრებაშია, რის შემოწმებასაც სააგენტო აღარ ახორციელებს.[1]გარდა ამისა, სახელმწიფო პროაქტიულად არ ამოწმებს შენობების მდგრადობას და ექსპერტული შემოწმება მხოლოდ დევნილთა მიმართვიანობის საფუძველზე ხდება.
დევნილები ჩვენი მოსახლეობის 7 % შეადგენენ, თუმცა მათი ინტერესები, წუხილები და საჭიროებები პოლიტიკურად სათანადოდ რეპრეზენტირებული არ არის. 2018 წელს ხელისუფლებამ “მცირე მთავრობის” კონცეფციის ქვეშ მიიღო გადაწყვეტილება გაეუქმებინა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. დამოუკიდებელი სამინისტროს ნაცვლად შეიქმნა სსიპ ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ქვეშ, - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფისსააგენტო. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ დევნილების საკითხს არ აქვს მაღალი პოლიტიკური პრიორიტეტულობა და მათკენ მიმართული პოლიტიკა მხოლოდ ცალკეული სოციალური სერვისების და საჭიროებების დაკმაყოფილებით შემოიფარგლება, რომელიც ასევე ხარვეზიანი და არასრულია. Ნიშანდობლივია, რომ ე.წ. “Მცირე მთავრობის” კონცეფციის ფარგლებში ერთადერთი სამინისტრო რომელიც გაუქმდა არის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო, რაც იმთავითვე მიანიშნებს ხელისუფლებისათვის დევნილების მრავალშრიანი პრობლემების ნაკლებპრიორიტეტულობაზე.
დევნილთა ინტერესების წარმოდგენას ვერ უზრუნველყოფს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა დაბალია. ეს პრობლემა კიდევ ერთხელ გამოჩნდა აფხაზეთის ა.რ. მთავრობის წარმომადგენლის დავით ფაცაციას დანიშნვისა და სანატორიუმში მცხოვრებ დევნილებთან კომუნიკაციის პროცესში.
სამწუხაროდ, სახელმწიფოს მიერ დევნილები დანახულნი არიან არა როგორც პოლიტიკური აგენტობის მქონე მოქალაქეები, არამედ ბენეფიციარები, რომელთა პოლიტიკის მართვისთვის მცირე ტექნოკრატიული სამუშაოებიც საკმარისია.
ცხადია, რომ დევნილების მიმართ ამგვარი პოლიტიკა გავლენას ახდენს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის პროცესზე, რომელიც ვერ აჩვენებს კონფლიქტის მსხვერპლების მიმართ ჯეროვან მოპყრობას და მაღალ ინტერესს და გამოტოვებს იმ განსაკუთრებულ პოტენციალს, რომელიც დევნილებს ნდობის მშენებლობის და შერიგების პროცესში შეიძლება ჰქონდეთ.
კიდევ ერთხელ გვსურს, ხაზი გავუსვათ სახელმწიფოს ვალდებულებას, უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს სანატორიუმში მაცხოვრებლების უსაფრთხოება და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა და მოვუწოდებთ მთავრობასა და შესაბამის უწყებებს:
- დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სანატორიუმში მცხოვრებ დევინილთა გადაყვანა უსაფრთხო და ადეკვატურ საცხოვრისში;
- მოახდინოს ამ შენობაში მცხოვრები ადამიანების ინტერესების უპირობო პრიორიტეტიზაცია და უმოკლეს ვადებში, პირველივე შესაძლებლობისთანავე, უზრუნველყოს ისინი ღირსეული საცხოვრისით;
- პროაქტიურად, ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდეს უსაფრთხოების რისკების წინაშე მდგარ სხვადასხვა ობიექტებში მცხოვრები დევნილების მდგომარეობისა და საჭიროებების კვლევა და მათი დროული განსახლება ჯეროვანი ალტერნატივების შექმნის გზით.
- იმსჯელოს დევნილთა საჭიროებების, ინტერესების და წუხილების რეპრეზენტაციის უკეთეს ინსტიტუციურ გზებზე და მექანიზმებზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები: