სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ხელისუფლების უმოქმედობა კლანის მხარდაჭერის დემონსტირებაა

2021-05-28 12:08
Featured image

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 4 წლის ვადით 4 მოსამართლე წევრი აირჩია, რითაც სრულიად უგულვებელყო საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მოწოდება და ამ გადაწყვეტილებით, სასამართლოს სისტემაში გაბატონებული კლანის პოზიციები კიდევ უფრო გაამყარა. მიგვაჩნია, რომ წარსული რეფორმების სისტემური გადაფასების და საფუძვლიანი ცვლილებების გარეშე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების სულისკვეთებას და საფრთხეს უქმნის მისი მიზნების მიღწევას.

26 მაისს გამართულ კონფერენციასთან დაკავშირებით, მმართველმა ძალამ პროცესების სრული იგნორირების სტრატეგია არჩია და პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად გადაიტანა კონკრეტულ მოსამართლეებსა და სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფზე. ხელისუფლების უმოქმედობა და რეალური პასუხისმგებლობისგან გაქცევა სერიოზულ საფრთხეს უქმნის მართლმსაჯულების  ფუნდამენტური რეფორმის პერსპექტივას, რაც 19 აპრილის შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. ეს მოცემულობა კი მიუთითებს ხელისუფლების ნების არქონაზე, გაატაროს რეალური რეფორმა და გადადგას ნაბიჯები ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.  

ცალკე შეშფოთებას იმსახურებს სასამართლო ხელისუფლებაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის უკიდურესი დეფიციტი. 26 მაისს ჩატარებულ კონფერენციაზე, მოსამართლეთა კორპუსს არ ჰქონდა წინასწარი ინფორმაცია, თუ ვინ იქნებოდა საბჭოს წევრობის კანდიდატი და აღნიშნული მათთვის მხოლოდ კონფერენციის დღეს გახდა ცნობილი. შესაბამისად, კონფერენციაში მონაწილე მოსამართლეებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რეალურად მოესმინათ კანდიდატების ხედვა და მოსაზრებები სისტემაში არსებულ ვითარებაზე. ამის მიუხედავად, მოსამართლეთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ყოველგვარი კითხვებისა და დაინტერესების გარეშე დაუჭირა მხარი წამოყენებულ კანდიდატებს. 26 მაისის კონფერენცია მიანიშნებს არამარტო იმაზე, რომ სასამართლოში არსებობს გავლენიანი მოსამართლეების ჯგუფი, არამედ იმაზეც, რომ სისტემაში განსხვავებული, კრიტიკული აზრის დაფიქსირება უკიდურესად რთულია.

დღეს საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ფასადური რეფორმებით საერთაშორისო პარტნიორები და ქართული საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას სასამართლოს სიტემის რეფორმირების სურვილი აქვს. ამავდროულად, ხელისუფლება არ აღიარებს სისტემაში არსებულ მთავარ პრობლემას -  მოსამართლეთა კლანის არსებობას. მმართველმა გუნდმა, პირველ რიგში, უნდა აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული კლანური მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარება და შემდგომი სასამართლო რეფორმები სწორედ ამ გამოწვევების გააზრებით უნდა განახორციელოს. 

დაანონსებული სასამართლოს რეფორმის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ნამდვილი პრობლემის გადაწყვეტაზე ორიენტირებული რეფორმის განსახორციელებლად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. შესაბამისად, ქართულმა ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომლის მიზანიც სასამართლოს და, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კლანის წევრებისგან გაწმენდას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესის შეჩერებასა და საბჭოში მიუკერძოებელი არამოსამართლე წევრების დანიშვნას მოემსახურება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ: 

- საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე მუშაობა და, ამ მიზნით, უზრუნველყოს ინკლუზიური, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თანხმობაზე დაფუძნებული განხილვის პროცესი; 

- საერთაშორისო საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთოს სასამართლოს რეფორმის მიმდინარეობის პროცესში და გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ყველა იმ ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ხელს უშლის დამოუკიდებელი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბებას საქართველოში.  

 

 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ღია საზოგადოების ფონდი

უფლებების საქართველო

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება