საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაღრმავებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, ევროკავშირის მედიაციითა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, უშუალო ჩართულობით ხელმოწერილმა 19 აპრილის შეთანხმებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შეუქმნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. სამწუხაროდ, დღეს, 28 ივლისს, ქართულმა ოცნებამ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა და ის ანულირებულია.
საიამ არაერთხელ გაუსვა ხაზი პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობას და მოუწოდებდა მედიაციის პროცესში ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას, გაეთვალისწინებინა ქვეყანაში არსებული ვითარება, საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული მომავლისთვისთვის შექმნილი საფრთხეები და გადაედგა ნაბიჯები შეთანხმების სასარგებლოდ.[1] მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებას პარტიების ნაწილი, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიცური ძალა არ შეუერთდა, რასაც საია ყოველთვის უარყოფითად აფასებდა, ეს არ შეიძლება ამართლებდეს ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, რაც გამოიწვევს საზოგადოებაში პოლარიზაციის ხარისხის გაზრდას, წინასაარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად დაძაბვასა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებას.
დოკუმენტზე ხელმოწერით, საპარლამენტო უმრავლესობამ შეთანხმების შესრულებისა და ამბიციური დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო, რაც არამხოლოდ ქართული ოცნების კეთილი ნება, არამედ მისი, როგორც ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის, მოვალეობაა. მიგვაჩნია, რომ ხელმოწერილი შეთანხმების ანულირებით, ქართული ოცნება უარს აცხადებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე, რითაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესს და იმ მთავარ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებსაც საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული ურთიერთობა ეფუძნება.
[1] “მედიაციის პროცესში ჩართულმა მხარეებმა ხელი უნდა მოაწერონ ევროპული საბჭოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ კომპრომისულ წინადადებას”, საიას ოფიციალური ვებ-გვერდი, 19.04.2021, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3iXiWOr.