სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ - 7-9 მარტის აქციის დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშის პრეზენტაცია

2023-10-30 13:47
Featured image

„ხალხი რუსული კანონის წინააღმდეგ“ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების დაშლასა და მასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შეფასების ანგარიშია, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 2023 წლის 30 ოქტომბერს გამართა. 

საია დაარსებიდან 29 წლის განმავლობაში შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებასთან დაკავშირებით არაერთ მნიშვნელოვან სამოქალაქო პროტესტს აკვირდებოდა, და ამზადებდა შესაბამის შეფასებებს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს კონსტიტუციური და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევების თაობაზე. ასევე, გასცემდა შესაბამის რეკომენდაციებს, რათა გაუმჯობესებულიყო ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, მათ ესარგებლათ მშვიდობიანი შეკრების უფლებით ხელშეშლის, მასში მომეტებული ჩარევის, თავისუფალი გამოხატვისთვის სივრცის შევიწროების გარეშე. დასანანია, რომ, გაუმჯობესებული სამართლებრივი გარანტიების მიუხედავად, ხელისუფლებას არ აქვს ნებელობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქციებზე, რომლებიც პოლიტიკურად უფრო მეტად მგრძნობიარე საკითხებს შესაძლოა ეხებოდეს, პატივი სცეს დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს კონსტიტუციურ პრინციპებს.

ანგარიშის[1] თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  მარტის აქციების დაშლის შესახებ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გარანტირებული მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. კერძოდ, აქციის მონაწილეების შეკრებისა და მანიფესტაციის მშვიდობიანად სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაერთგზის ჩარევის ლეგიტიმური მიზნის გარეშე და არაპროპორციულად განხორციელდა; რიგ შემთხვევაში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა, მათ შორის, არ გამოიყენა აქციის ორგანიზატორებთან ან მონაწილეებთან მოლაპარაკების რესურსი, რათა შეემცირებინა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროება და აუცილებლობა. აქციის მონაწილეების დიდი უმრავლესობა მშვიდობიანად სარგებლობდა შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით, ხოლო სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ლოკალური ხასიათის სამართალდარღვევებზე რეაგირებას არსებითი გავლენა არ უნდა მოეხდინა მთლიანი აქციის მიმდინარეობაზე და კონკრეტული ინციდენტების აღმოფხვრა შესაძლებელი იყო ინდივიდუალური საშუალებების გამოყენებით. ადგილი ჰქონდა, ასევე, მედიის წარმომადგენლებისთვისპროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტებს. 

ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების მომეტებულ შეზღუდვას, ასევე, ხელს უწყობდა ადმინისტრაციული დაკავებების პრაქტიკა. კერძოდ, 7-9 მარტის აქციების დაშლისას ისევ გამოიკვეთა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და მის შესაბამისად წარმოებული დაკავებები / სასამართლო პრაქტიკა კვლავაც ინსტრუმენტია, რათა სამოქალაქო უფლებების განხორციელების სივრცე კიდევ უფრო შეიზღუდოს. 

კვლავ საგანგაშოა, რომ აქციის დაშლის, თუ ადმინისტრაციული დაკავებების დროს, აქციის მონაწილეების ნაწილი დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, რაც გამოიხატებოდა სხვადასხვა ფორმით, როგორც სიტყვიერ, ისე, ფიზიკურ შეურაცხყოფაში. ზოგიერთ შემთხვევაში, ასევე, პრობლემური იყო ერთჯერადი ხელბორკილის დადების პრაქტიკაც.

ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პარლამენტსა და სასამართლოს მიმართავს. 

 იხილეთ ანგარიში სრულად 

ანგარიში მომზადდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ანგარიშის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია საია. 

 

 


[1] ანგარიში მომზადდა უწყებებისგან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციებზე; მედიამონიტორინგზე; ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების მასალებსა და საიას მიერ ჩატარებულ ინტერვიუებზე დაყრდნობით.