სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:30 საათისთვის

2014-07-12 21:40
Featured image

 20:30 საათისთვის საია აგრძელებს არჩევნების დაკვირვებას.

 
ხმის მიცემის პროცესი უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათისათვის დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. აღნიშნული დროისათვის დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებული დარღვევები, ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტები, საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანის მცდელობის ფაქტი და სხვა დარღევევები. 
 
უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
 
ინციდენტი სამგორის #18 უბანზე 
 
სამგორის #18 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ამომრჩეველს, ჟივლენ კვიციანს ხელში ორი საარჩევნო ბიულეტენი ეკავა. საუბნო საარჩევნო კომისიამ მას მეორე ბიულეტენის ჩვენება და მისი უბანზე დატოვება მოსთხოვა, რასაც ამომრჩევლის მხრიდან აგრესია მოჰყვა. ამ სიტუაციაში ამომრჩეველმა ერთი საარჩევნო ბიულეტენი კონვერტში ჩადო და საარჩევნო ყუთში მოათავსა, ხოლო მეორე ბიულეტენი, დაჭმუჭნა და სწრაფი ნაბიჯით კარისკენ გაემართა. ის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა შეაჩერეს და ბიულეტენის უბნიდან გატანის შესაძლებლობა არ მისცეს. მან დაჭმუჭნული ბიულეტენი დაბლა დააგდო და უბანი დატოვა.
 

დარღვევა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით 
 
საბურთალოს N60 უბანზე დაფიქსირდა შემდეგი დარღვევა: გადასატანი საარჩევნო ყუთის უბანზე დაბრუნების შემდგომ უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც განაცხადა, რომ ის იყო გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მასთან გადასატანი ყუთი არ მიუტანიათ, რის გამოც მან არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო. ამასთან, აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთის სიაში ამ ამომრჩევლის გვარისა და სახელის გასწვრივ გაკეთებული იყო ამომრჩევლის ხელმოწერა, რომელიც ამომრჩევლის განცხადებით, მას არ ეკუთვნოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა  დაწერა საჩივარი და გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა. შესაძლებელია, აღნიშნულ ქმედებაში იყოს დანაშაულის ნიშნები.
 
 თერჯოლის 30 უბანში გადასატანი ყუთის დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ დარღვეული იყო გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა.  აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა.  
 
  
ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენა
 
ვაკის 67-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში საიას დამკვირვებელმა აღმოაჩინა ე.წ „კაპიტნის სახელმძღვანელო,“ რომელიც 5-7 გვერდისგან შედგებოდა და ამომრჩეველთა აღრიცხვის ინსტრუქციას წარმოადგენდა. ინსტრუქციიდან ირკვეოდა, რომ დამკვირვებელს ინფორმაცია ნომერზე 90031 უნდა გადაეგზავნათ. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ეს დოკუმენტი სადამკვირვებლო ორგანიზაციას „მწვანე დედამიწის“ დამკვირვებელს ეკუთვნოდა, რომელიც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.
 
ჩვენ დავუკავშირდით „მწვანე დედამიწის“ ხელმძღვანელს ბატონ ნუგზარ მელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი ორგანიზაციას ესაჭიროებოდა სამომავლოდ არჩევნებზე ხმის პარალელური დათვლის მიზნებისთვის და ჩვენს დამატებით კითხვებს არ უპასუხა. 
 
საიას ინფორმაციით, 2014 წლის 15 ივნისს, კენჭისყრის დღეს, საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნების“ კოორდინატორები უფასო სატელეფონო შეტყობინებებს სწორედ აღნიშნულ ნომერზე 90031 აგზავნიდნენ, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც საიას დამკვირვებელმა ვაკის #61 უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან 15 ივნისს მოიპოვა. 
 
2014 წლის 30 ივნისს საიამ ზემოაღნიშნულ ფაქტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიმართა და საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ ხარჯების კანონიერების შესწავლა მოითხოვა.
 
საიას დამკვირვებლებმა მთელ რიგ უბნებზე საარჩევნო სუბიექტების მიერ  მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების ფაქტები დააფიქსირეს. მაგალითად, ასეთ ფაქტებს ადგილი ჰქონდა საბურთალოს #16, #64, #56, #68-ე და გლდანის #107-ე უბნებზე. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც, საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები უბნებზე დამკვირვებელთა ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფდნენ. მაგალითაც, სამარშუტო ტაქსებით ამომრჩეველთა მობილიზება შეინიშნებოდა საბურთალოს #68-ე, ასევე  გლდანის #107-ე უბნებზე. კოორდინატორების მობილიზება შეინიშნებოდა რუსთვის #34 საუბნო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც ხდებოდა უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა. 
 
 
დაპირისპირება საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე
 
მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით დღის 13:00 საათისთვის ინციდენტი მოხდა რუსთავის #79 უბანზე. კერძოდ, სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კლუბი თავისუფალი ზონის“ ორ წარმომადგენელს საარჩევნო უბნის გარეთ მყოფმა დაუდგენელმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერით გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. საიას ოლქის დამკვირვებლის უბანზე მისვლისას ინციდენტი ამოწურული იყო, თუმცა საიას დამკვირვებელთან საუბარში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა დაადასტურეს ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი. მათი განცხდებით, ვინაიდან ინციდენტში მონაწილე პირებს არ ჰქონდათ სამკერდე ნიშანი (მოწმობა), კომისიის წევრებმა ვერ შეძლეს ინციდენტში კონკრეტულ პირთა იდენტიფიცირება.  
        
 არაუფლებამოსილ პირთა მიერ არჩევნებში მონაწილეობის მცდელობა
 
ისნის #20 უბანზე მარკირების მქონე ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა. კომისიამ აღნიშნულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცა.
 
 
არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა 
       
ვაკის N68 საარჩევნო უბანზე იძულებით გადაადგილებულმა პირმა არჩევნებში მონაწილეობა დევნილის ძალადაკარგული  მოწმობის საფუძველზე შეძლო. აღნიშნულ დარღვევაზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 

კომისიის წევრის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება
 
ისნის N11 საარჩევნო უბანზე 15:00 საათისთვის გაცემული ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას ერთიან სიაში. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 
      
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 29 საჩივარი და 28 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 23 საარჩევნო ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11 
 
კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63  დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 1 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). 
 
13 ივლისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 11:00 საათზე.

 
 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.