სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 20:00 საათისთვის

2019-05-19 20:28
Featured image

დღის 20:00 საათისთვის საია-ს დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ხმის მიცემის პროცედურებმა უბნებზე არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამავდროულად, შენარჩუნდა დღის პირველი ნახევრის ნეგატიური ტენდენცია: დაძაბული გარემო ზუგდიდის ოლქში და ამომრჩევლის ნების კონტროლი, ყველა სხვა ოლქის მასშტაბით, რომელიც საარჩევნო უბნებთან კოორდინატორებისა და მხარდამჭერების მობილიზებაში გამოიხატებოდა.  

ზუგდიდის საარჩევნო ოლქში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა უბანსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდებოდა ინცინდენტები პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერებს შორის. ამ ფონზე შემაშფოთებელია, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის, სიტყვები, რომელიც სიტუაციის გამწვავებას უწყობს ხელს. ექსპრეზიდენტი თავის განცხადებაში ასევე აკნინებს სადამკვირვებლო ორგანიზაციების როლს.

განსაკუთრებით საყურადღებოა ზუგდიდის ოლქში ჟურნალისტის, ონლაინ გამოცემა, Presa.ge-ს რედაქტორის, გიორგი კაპანაძის დაკავება. როგორც გავრცელებული კადრებით დასტურდება, არ არსებობდა მისი თავისუფლების შეზღუდვის სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო პოლიციელთა ქმედება სცილდება კანონით მათთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას და საჭიროებს შემდგომ შესწავლას.

საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, წყალტუბოში, სადაც ელექტრონული ხმის დათვლის ტესტირება მიმდინარეობს, კვლავ არსებობს ტექნიკური პრობლემები, რის გამოც, გარკვეული ხნის განმავლობაში, 2 უბანში შეჩერებული იყო ხმის მიცემის პროცესი.

14:00 საათის შემდეგ საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას ერთი საჩივრით მიმართა, რომელიც ზუგდიდის ოლქის #83 უბანზე განმეორებით ხმის მიცემას შეეხებოდა (სულ ამ დრომდე საიას 7 დარღვევაზე აქვს წარდგენილი საჩივარი).

საიას დამკვირვებლები რჩებიან შესაბამის უბნებზე და თვალყურს ადევნებენ ხმის დათვლის პროცესს.

 

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 19 მაისს საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მარნეულის, ზუგდიდის, ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნებს, ასევე წყალტუბოს და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედურ არჩევნებს 50 დამკვირვებლის მეშვეობით დააკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 22 საარჩევნო უბანში. საია არჩევნებს 6 საარჩევნო ოლქში 17 მობილური ჯგუფით და 7 ოლქის დამკვირვებელით დააკვირდება. საიას ყურადღებას გაამახვილებს როგორც საარჩევნო პროცედურების დაცვაზე (საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის და შეჯამების პროცესი), აგრეთვე მონიტორინგს გაუწევს საუბნო საარჩევნო კომისიების მიმდინარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია სტრატეგიული სამართალწარმოების მექანიზმსაც გამოიყენებს საოლქო საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში.

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ.

ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30

პრესკონფერენცია გაიმართება 19 მაისს: 14:00 საათზე და 20:00 საათზე. ხოლო 20 მაისს  საია შეაფასებს არჩევნების დღეს 12:00 საათზე.

19 მაისის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ღია საზოგადოების ფონდის“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.