სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 16:00 საათისთვის

2014-07-12 16:39
Featured image
დღის 16:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
 
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა  ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტები ცალკეული უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე.  ასევე დაფიქსირდა სხვა სახის დარღვევებიც: 
საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.
 
ინციდენტი მოხდა ისნის #20 უბანზე. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, დაახლოებით დღის 12 საათზე საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“  წარმომადგენელმა იოსებ ხიმშიაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ამავე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს. დამკვირვებლის ინფორმაციით,  ხიმშიაშვილი საუბნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და კომისიის სხვა წევრებს დაემუქრა და განუცხადათ, რომ „ნახავდნენ რაც მოუვიდოდათ არჩევნები რომ დამთავრდებოდა.“ 
 
დაპირისპირება უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე
 
ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, კრწანისში #209-ე ბაგა-ბაღის ეზოში ინციდენტი მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და საარჩევნო ბლოკის „ქართულის ოცნების“ კოორდინატორებს შორის. სიტყვიერი დაპირისპირებას, რომელიც დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, საიას დამკვირვებელი შეესწრო. 
 
ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულია სამი საარჩევნო უბანი: #24, #25 და #26 უბნები. როგორც საიას დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  კოორდინატორებმა განუცხადეს, კონფლიქტი „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა წამოიწყეს, როდესაც მათ ტერიტორიის დატოვება მოთხოვეს. მათივე განცხადებით, სიტყვიერი შელაპარაკებისას „ქართული ოცნების“ კოორდინატორები  მათ ეუბნებოდნენ, რომ „მათმა მატარებელმა ჩაიარა და მარტო იმიტომ იყვნენ დამნაშავეები, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდნენ ხმას.“  „ქართული ოცნების“  კოორდინატორის განმარტებით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აგიტაციას ეწეოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.  
საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, ნაძალადევის ოლქის მე-8, მე-9 და მე-10 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მე-7 საჯარო სკოლის ეზოში, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის. ადგილზე გამოძახებულ იქნა პატრული, რომელმაც სიტუაცია განმუხტა.  
 
ხონის #1 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტები გადაადგილდებოდნენ სიებით, უკავშირდებოდნენ ამომრჩევლებს და არჩევნებში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდებდნენ. ისინი ამომრჩეველს ტრანსპორტირებით უზრუნველყოფასაც სთავაზობდნენ. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებმა მათ ფოტო გადაუღეს, რასაც „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის სტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 
 
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა
 
რუსთავის #30 უბანზე საიას დამკვირვებელს არ მისცეს უფლება შენიშვნა დაეფიქსირებინა ჩანაწერთა წიგნში. საუბნო საარჩევნო კომისიაში საიას დამკვირვებელს განუმარტეს, რომ მას მხოლოდ განცხადების წარდგენის უფლება ჰქონდა საუბნო კომისიაში. აღნიშნულის თაობაზე საიას დამკვირვებელმა პრობლემის აღმოფხვრა საოლქო საარჩევნო კომისიას სთხოვა. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის განმარტებით, საიას დამკვირვებელს არ ჰქონდა ჩანაწერთა წიგნში ჩანაწერის გაკეთების უფლება. მისი განმარტებით, დამკვირვებელს მხოლოდ განცხადების წარდგენის უფლება ჰქონდა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. ინფორმაცია მივაწოდეთ ცესკოსაც, რის შედეგადაც პრობლემა აღმოიფხვრა. 
 
კომისიის წევრთა მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება
 
ოზურგეთის #10 უბანზე ამომრჩეველი პირადობის მოწმობის გარეშე დაუშვეს საარჩევნო უბანზე და ის უბნის თავმჯდომარის მოადგილის პირადობის მოწმობით შეეცადა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა და დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა, რის შემდეგაც ამომრჩეველს კომისიის წევრის პირადობის მოწმობის მეშვეობით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა. 
 
მთაწმინდის #35 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი რეგისტრატორის ბეჭდით წინასწარ ამოწმებდა საარჩევნო ბიულეტენებს. საიას შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
 
გლდანის #77-ე უბანზე ამომრჩეველს მისი გვარის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა გაკეთებული, რის გამოც ვეღარ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 
მცხეთის #2 უბანზე რეგისტრატორმა ნაცვლად 1 ბიულეტენისა 2 ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე.  ამომრჩეველმა 2 -ივე ბიულეტენზე გააკეთა არჩევანი, მოათავსა კონვერტში და შემდეგ ჩააგდო ყუთში. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 
ბათუმის N56 უბანზე რეგისტრატორმა ამომრჩეველს ბეჭდითა და ხელმოწერით დაუმოწმებელი ბიულეტენი გადასცა.  საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
 
ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენა
 
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, გლდანის #57 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები, რომლებიც  უბანზე მისული ამომრჩევლების სახელებისა და გვარების აღრიცხვას ახდენდნენ. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა  აღნიშნული ადამიანები, მათ გადაინაცვლეს მოშორებით უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან.
 
გლდანის N77, N78, N69 უბნებზე N100 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე დაუდგენელი პირები ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციას ინიშნავენ. აღნიშნული პირები უარს აცხადებენ ვინაობის გამხელაზე.
 
თელავის N40, N47, N21 და N53 უბნების მიმდებარე ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, რომლებიც ინიშნავდნენ უბნებზე მისულ მხარდამჭერთა რაოდენობას.
 
აღნიშნული ფაქტები შესაძლებელია წარმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. 
 
 
ლუქის მთლიანობის დარღვევა
 
ტყიბულის #37 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაუზიანდა ძირითადი საარჩევნო ყუთის ლუქი. საიას დამკვირვებელმა შენიშვნა დააფიქსირა ჩანაწერთა წიგნში და მიუთითა თავმჯდომარეს, რომ პრობლემის მოგვარებამდე არ დაწყებულიყო კენჭისყრა. დარღვევა აღმოიფხვრა, საოლქო საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომიას ახალი ლუქი მიაწოდა. 
 
წილისყრის პროცედურების დარღვევა
 
გორის #9 უბანზე რეგისტრატორსა და ნაკადის მომწესრიგებელ კომისიის წევრს სურდათ მათი ფუნქციების მთელი დღის განმავლობაში გადაცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ კომისიის წევრებმა ფუნქციები მხოლოდ დროებით გადაცვალეს, რის თაობაზეც ჩანაწერთა წიგნში შესაბამისი ჩანაწერი გაკეთდა. 
 
გორის #16 უბანზე წილისყრის შედეგად კომისიის წევრთა შორის ფუნქციის გამოვლენის შემდგომ ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ფუნქციის გარეშე დარჩენილ კომისიის წევრს დაუთმო თავისი ფუნქცია, რის თაობაზეც კომისიის მდივანმა შესაბამისი ჩანაწერი გააკეთა ჩანაწერთა წიგნში. საიას დამკვირვებლის მიერ შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, დარღვევა აღმოიფხვრა.
 
თელავის #20 უბანზე გადასატან ყუთს ერთი და იმავე საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნების“ ორი წევრი გაყვა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. 
 
კრწანისის N12 უბანზე კომისიამ გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლი წევრების წილისწყრაში მონაწილეობის უფლება არ მისცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრს იმ დასაბუთებით, რომ ის ავტომატურად უნდა გაყოლოდა საარჩევნო ყუთს.  საიას ზეპირი მითითებით, დარღვევა აღმოიფხვრა და ნაციონალური მოძრაობის კომისიის წევრმა მიიღო წილისყრაში მონაწილეობა. ამავე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლმა წილისყრით გამოვლენილმა კომისიის წევრმა უარი თქვა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, რის შემდგომაც იგი თვითნებურად ჩანაცვლდა სხვა კომისიის წევრით. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა და წილისყრა განმეორებით ჩატარდა.
 
არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემის მცდელობა
 
თელავის N45 სააჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს მარკირების შემოწმებისას, მარცხენა ხელის ცერა თითზე საეჭვო სითხე დაუფიქსირდა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ აღნიშნულ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცა.
 
 
საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები 
 
ხონის #25, ბაღდათის #1, ტყიბულის #19 და #24 საარჩევნო უბნებზე საკონტროლო ფურცელში არ იქნა შეტანილი პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის  ადგილები. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა საჩივრები წარადგინეს. 
 
უბნის არასათანადოდ მოწყობა
 
მცხეთის #6 უბანზე ჩანაწერთა წიგნში აკლდა საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის ხელმოწერა. კერძოდ, ჩანაწერთა წიგნში დასალუქ ფურცელზე თავმჯდომარის ხელმოწერასთან ერთად  არ იყო დაფიქსირებული მდივნის ხელმოწერა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვა. საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანმა ხელი მოაწერა ჩანაწერთა წიგნის დასალუქ ფურცელზე.
 
კრწანისის #33 უბანზე (სპეც უბანი) დაფიქსირდა უბანში რეგისტრირებულ ამომრჩეველზე ნაკლები ბიულეტენი.  კერძოდ უბანში რეგისტრირებულია 108 ამომრჩეველი და უბანზე მიტანილია 100 ბიულეტენი. დაახლოებით დილის 11:30 საათისთვის აღნიშნულ უბანზე ხმა მისცა 70 ამომრჩეველზე მეტმა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ოლქს არ აქვს დაბეჭდილი საჭირო რაოდენობის ბიულეტენი და იმ შემთხვევაში, თუ ყველა ამომრჩეველი გამოცხადდება უბანზე, საკმარისი ბიულეტენების არარსებობის გამო, ისინი ვერ შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. 
 
თერჯოლის N30 საარჩევნო უბანზე არ იყო გამოკრული კანდიდატთა სიები. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა.
 
ისნის N6 საარჩევნო უბანზე არსებული ბიულეტენების რაოდენობა ნაკლებია უბანში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე.
 
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 22 საჩივარი და 21 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 23 საარჩევნო ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11 
 
კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63  დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 2 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). 
 
ბოლო პრესკონფერენცია გაიმართება 20:30 საათზე. ხოლო 13 ივლისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 11:00 საათზე.
 

 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.