სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

2014-06-29 15:04
Featured image
15:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები: 
 
უბნის არასათანადოდ მოწყობა
 
ზუგდიდის N32-ე უბნის გახსნისას, დაახლოებით 7:30-ზე აღმოჩნდა, რომ საუბნო საარჩევნო კომისია არ იყო სათანადო წესით აღჭურვილი. კერძოდ,  კომისიას არ ჰქონდა ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქები, რომლითაც კომისიის თავმჯდომარეს კენჭისყრის დაწყებამდე ძირითადი და გადასატანი ყუთები უნდა დაელუქა. საუბნო საარჩევნო კომისიამ ჩვეულებრივი ქაღალდით დალუქა ძირითადი და გადასატანი საარჩევნო ყუთები. საუბნო საარჩევნო კომისიამ განმარტა, რომ მათ დაეკარგათ ლუქები.
 
საიას  დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისია დარღვევის აღმოფხვრას შეეცადა, პროცედურები შეაჩერა და საოლქო საარჩევნო კომისიისგან ინდივიდუალური ნომრის მქონე ლუქების გადმოცემა მოითხოვა. ხოლო ახალი ლუქების გადმოცემის შემდეგ ძირითადი და გადასატანი ყუთები ახალი ლუქებით დალუქა. 
 
დუშეთის #4 და #52 უბნებზე ჩანაწერთა წიგნები არ იყო დალუქული სათანადო წესით: აღნიშნულ უბნებზე დასალუქ ფურცლებს არ ჰქონდა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის ხელმოწერები, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიის ბეჭედი.
 
დუშეთის ოლქის #4 უბანზე არ იყო გამოკრული ცესკოს მიერ დადგენილი საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. საუბნო საარჩევნო კომისიამ საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი თვალსაჩინო ადგილას გამოაკრა.
 
წილისყრის პროცედურების დარღვევები
 
უბნის გახსნამდე ახალქალაქის #1 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წილისყრის პროცედურებს არასახელმწიფო ენაზე ატარებდნენ. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ წილისყრის პროცედურები ქართულ ენაზე წარიმართა. 
 
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე
 
ქობულეთის #34 უბანზე იმყოფებოდა საარჩევნო სუბიექტის  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, რომელიც არ იყო უფლებამოსილი წარმოედგინა საარჩევნო სუბიექტი საუბნო საარჩევნო კომისიაში. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მას დაატოვებინა საარჩევნო უბანი. 
 
უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება
 
ახალქალაქის #1 უბანზე 08:50 წუთზე ერთ-ერთმა რეგისტრატორმა ამომრჩეველთა სამაგიდო სიაში შეცდომით, უბანზე მისული ამომრჩევლის მაგივრად მოაწერა ხელი. საიას დამკვირვებლის მითითების შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა. ამომრჩეველმა თავის გრაფაში დარჩენილ ადგილას მოაწერა ხელი, ხოლო აღნიშნულ საკითხთან  დაკავშირებით რეგისტრატორმა ახსნა - განმარტება შეადგინა.
 
ქობულეთის #34 უბანზე იმყოფებოდნენ საარჩევნო სუბიექტების „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. როგორც გაირკვა, მათ წარმომადგენლობის უფლებამოსილება 20 ივნისს ამოეწურათ. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ საუბნო საარჩევნო კომისიამ ორივე პირს უბანი დაატოვებინა. 
 
არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა
 
ზუგდიდის #32 უბანზე ადგილი ჰქონდა იძულებით გადაადგილებული პირის მიერ დევნილის მოწმობის გარეშე არჩევნებში მონაწილეობის მიღების მცდელობას, რაც არ განხორციელდა  საიას დამკვირვებლის შენიშვნის შედეგად. 
 
დარღვევები გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით
 
ხონის #22 უბანზე გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ გადასატანი ყუთის სიას ეკლდა ერთი ამომრჩევლის ხელმოწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით გადასატან ყუთის გამყოლი კომისიის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათ გამორჩათ ერთი ამომრჩევლის ხელმოწერის გაკეთება. აღნიშნულთან დაკავშირებით საიამ საჩივარი წარადგინა. 
 
 
ხონის #22 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები, დაახლოებით 300 - მდე პირი. შეგახსენებთ, რომ 15 ივნისს ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების დროს ხონის #22 უბანზე შეიჭრნენ უცხო პირები, უბანი დაარბიეს და საარჩევნო ყუთი დაამტვრიეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივი რეაგირებისაკენ მოუწოდა. 
 
 
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 საჩივარი და 7 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. შვიდივე შემთხვევაში საიას დამკვირვებლის შენიშვნები გათვალისწინებული იქნა, რის გამოც საჩივრები აღარ დაიწერა.

უნდა აღინიშნოს, რომ განმეორებითი კენჭისყრა 14 უბანზე ტარდება, აქედან 6 უბანზე კენჭისყრა ტარდება საიას საჩივრების დაკმაყოფილების შემდეგ. 
 
არჩევნების დღეს საიაში მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით,  მოქალაქეებს, შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
კენჭისყრის დღეს, საიაში მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63  დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 

 
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID) დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.