დღის 14:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას.
ძირითადად, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. თუმცა დაფიქსირდა არსებითი ხასიათის დარღვევაც. ზუგდიდის N32 უბანზე დარღვევის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საიას მობილური ჯგუფის დამკვირვებელი მივიდა ზემოაღნიშნულ უბანზე. ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით 10:00 საათზე, ზუგდიდის #32-ე უბანზე გამოცხადდნენ ორი წლის წინ გაუჩინარებული გოგიტა აბულაძის დედა, ცინარა აბულაძე და მისი ნათესავები. ცინარა აბულაძე მისი შვილის საქმეზე გამოძიების ჩატარებას ითხოვდა. საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე კენჭისყრა აღარ მიმდინარეობს, რადგან კაბინები დამტვრეულია, ყუთიდან ბიულეტენები ამოყრილი და უბანზეა გაბნეული.
უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს შეფასებისას საიას ანგარიშში დაფიქსირებულია, რომ 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ.
საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები.
დარღვევა კასპის N25 უბანზე
მნიშველოვანი დარღვევა დაფიქსირდა კასპის N25 უბანზე: ამომრჩეველზე არ გაიცემოდა გამგებლის ასარჩევი ბიულეტენები. ჩვენი ინფორმაციით, საუბნო საარჩევნო ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ბათილად ცნოს ყუთში აღმოჩენილი 27 ბიულეტენი. ჩვენ მიერ დაიწერა საჩივარი კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე
დაფიქსირდა არაუფლებამოსილთა პირთა ყოფნა უბანზე. ქარელის 25-ე უბანზე „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსთვის“ დამკვირვებლად მონაწილეობდა „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მარლენ ლომიტაშვილი. ასევე კასპის #22 უბანზე დამკვირვებლად მონაწილეობდა ამავე საარჩევნო სუბიექტის კასპის გამგებლობის კანდიდატი ვახტანგ გუგულაშვილი. საიას დამკვირვებლის ჩარევის შედეგად დაატოვებინეს უბანი.
საიამ შეატყობინა ცესკოს და აღნიშნულ პირებს გააუქმდათ დამკვირვებლად რეგისტრაცია.
არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა
რუსთავის 82-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის მიერ ხმის მიცემა. კომისიის წევრმა 2 მაჟორიტარული ბიულეტენით მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ უბანზე გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისია და საუბნოს საარჩევნო კომისიის წევრს ახნა-განმარტება ჩამოართვა.
ქობულეთის ჩაისუბნის უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველი არ დაუშვა უბანზე იმის გამო, შეუბასამოდ ეცვა, რაც მან მიიჩნია არაეთიკურად (ამომრჩეველს ეცვა „შორტი“). ამომრჩეველს არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა.
საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები
ნაძალადევის ოლქის 32-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ აღნიშნეს ყუთში ჩაგდების ზუსტი დრო. მარნეულის 50-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი არ ჩააგდეს ყუთში პირველი ამომრჩევლის მოსვლის შემდეგ. აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა საჩივრები წარადგინეს.
არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა
აღმოჩნდა, რომ იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეულ კატეგორიაზე არ არის გაცემული დევნილის ახალი მოწმობა, რის გამოც მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ხონის #24 უბანზე, ვინაიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს არ ჰქონდათ დევნილის ახალი მოწმობები, ისინი ძველი დევნილის მოწმობებით ცდილობდნენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.
ცესკოს ინფორმაციით, ვინაიდან ამ პირთა ხელახალი რეგისტრაცია დასრულდა 31 მაისს და ისინი მართლზომიერად იყვნენ რეგისტრირებულნი საარჩევნო სიებში და ამ პერიოდისთვის ვერ მოესწრო მოწმობების გაცემა, ცესკოს გასცა რეკომენდაცია, რომ არ შეზღუდულიყო მათი საარჩევნო უფლება და დევნილის ძველი მოწმობის ან დევნილის მოწმობის გარეშე მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა.
მიგვაჩნია, რომ ცესკოს აღნიშნული რეკომენდაცია წინააღმდეგობაში მოდის საარჩევნო კოდექსის მოთხოვნებთან.
ვაკის #19 უბანზე იძულებით გადაადგილებულმა პირმა დევნილის მოწმობის გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა.
ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 44 საჩივარი და 56 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
ცხელი ხაზის ნომერია 230-61- 63
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23).
მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 16 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.