სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 12:00 საათისთვის

2017-11-12 12:07
Featured image

დღის 12 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით.

 

ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა:

საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება  

- ბორჯომის #15 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, როგორც მას, ასევე ორივე ამომრჩეველს, გამორჩა ხელმოწერის გაკეთება ამომრჩევლის სიაში;

- ოზურგეთის #22 უბანზე კომისიის ორი წევრი დაგვიანებით გამოცხადდა, რის გამოც მათ ვერ მიიღეს წილისყრაში მონაწილეობა.

 

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევები

- ბორჯომის #25 უბანზე გადასატანი ყუთის გამყოლი კომიიის წევრებმა უბნიდან გაიტანეს 16 საარჩევნო ბიულეტენი და 14 კონვერტი. საარჩევნო კომისიის წევრების ახსნა-განმარტებით, მანქანაში მგზავრობის დროს 3 ცალი კონვერტი მათ გადასატან ყუთში ჩაუვარდათ. (საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა ამ უბანზე და გადასატანი ყუთის ბათილობა მოითხოვა);  

- ბორჯომის #12 უბანზე გადასატანი ყუთი დილის 10:00 საათზე დაბრუნდა დალუქულ მდგომარეობაში. მოგვიანებით პრეტენზია დააფიქსირა ერთ-ერთი ამომრჩევლის ოჯახის წევრმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისმა მშობელმა გადასატანი ყუთის მეშვეობით ხმა ვერ მისცა, რის შედმგომაც კომისიამ გადაწყვიტა დალუქული საარჩევნო ყუთის ხელმეორედ გატანა საარჩევნო უბნიდან. საიას დამკვირვებლის მხრიდან შენიშვნის დაფიქსირების შემდეგ, გადასატანი საარჩევნო ყუთი მეორედ აღარ გაუტანიათ საარჩევნო უბნიდან;

- ოზურგეთის #42-ე უბანზე საკონტროლო ფურცელზე არ მიუთითეს პირველი ამომრჩევლის რეგისტრაციის ადგილი;

- ხაშურის #1 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა გადასატან ყუთში (და არა ძირითად ყუთში) ჩააგდო კონვერტი;

- ხაშურის # 29 უბანზე 50-ის ნაცვლად 49 ბიულეტენი აღმოჩნდა ბიულეტენის შეკვრაში.

 

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

ოზურგეთის #37 უბანზე ამომრჩეველმა საკუთარი ნებით ბიულეტენზე გაკეთებული არჩევანი ქართული ოცნების წარმომადგენელს აჩვენა.

 

ამომრჩევლის ნების კონტროლი

- ბორჯომის #10 უბნის გარეთ იმყოფება სადამკვირვებლო ორგანიზაცია ა(ა)იპ „21-ე საუკუნის“ დამკვირვებელი, რომელსაც ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ხელთ აქვს წიგნად აკინძული ამომრჩეველთა სიის ფოტოსურათიანი ვერსია, რომელზეც ამომრჩევლის პირადობის მოწმობის ნომერი დატანილი არ არის.

ცესკოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ა(ა)იპ „21-ე საუკუნე“ რეგისტრირებულია სადამკვირვებლო ორგანიზაციად და ყავს 3138 დამკვირვებელი.

- ბორჯომის #13 და #19 უბნების გარეთ, სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ;

- ოზურგეთის #12 და #44-ე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით მოჰყავთ ამომრჩეველი.

 

წილისყრის პროცესის დარღვევები

ყაზბეგის #8 უბანზე კომისიის წევრებმა  წილისყრის შედეგად გამოვლენილი კომისიის წევრის ფუნქციები თვითნებურად გადაცვალეს.

 

ამ დროისთვის ზემოაღწერილ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 საჩივარი და 11 შენიშვნა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 12 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურს ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში  აკვირდება.  

საიას ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30

არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენ მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

საია შემდეგ პრესკონფერენციებს გამართავს დღეს, 12 ნოემბერს, 18:00 საათზე და საღამოს,  21:00 საათზე.  არჩევნების მე-2 ტურის შემაჯამებელ განცხადებას კი, საია ხვალ, 13 ნოემბერს, დღის 13:00სთ-ზე გააკეთებს.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.