სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საია-მ სამართლებრივი რეაგირება 350-ზე მეტ შემთხვევაში მოითხოვა

2021-10-08 11:12
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღეს ქვეყნის მასშტაბით 10 მუნიციპალიტეტში (21 საარჩევნო ოლქში)[1] აკვირდებოდა. კენჭისყრის დასრულების და ხმის დათვლის პროცესის შემდგომ, საია-მ შეისწავლა ამავე ოლქებში შემავალ უბნებზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმები. შედეგად, კენჭისყრის დღეს და შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე, საია-მ სამართლებრივი რეაგირება ჯამში 350-ზე მეტ შემთხვევაზე მოახდინა.

ამათგან:

- საუბნო საარჩევნო კომისიებში წარადგინა 34 საჩივარი;

- კენჭისყრის შენობის პერიმეტრთან დაფიქსირებულ დარღვევებზე შსს-ს სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით მიმართა 23 შემთხვევაში; 

- საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის პროცედურების და ხმის დათვლის დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე მიმართა 60-მდე შემთხვევაში;

- შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებულ დარღვევებზე საჩივრები წარადგინა 250-მდე შემთხვევაში. ამათგან, სხვადასხვა მონაცემების ხელახალი გადათვლა მოითხოვა 230-ზე მეტ უბანთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, საია ითხოვს ისნის ოლქში შემავალი ყველა უბნის მონაცემების ხელახლა გადათვლას. ამ მოთხოვნის დაყენების საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, ისნის ოლქში შემთხვევითი შერჩევით გადათვლილი 5 უბნიდან, 4 შემთხვევაში გამოვლინდა სხვადასხვა ტიპის ცდომილება.  

საჩივრების ნაწილი ამ ეტაპზე სრულად არ არის განხილული და საოლქო საარჩევნო კომისიებში საია სამართლებრივ დავებს აგრძელებს.  

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, საია ძირითადად, დავობს იმ შემთხვევებში, როდესაც მათში ფიქსირდება:

- დისბალანსი გამოხატული მეტობაში (1-ით ან მეტით);

- დისბალანსი გამოხატული ნაკლებობაში (5-ით ან მეტით);

- გადასწორებულია ან შეუვსებელია მოსული ამომრჩევლების რაოდენობა, სუბიექტებისათვის მიცემული ხმათა რაოდენობა ან/და ბათილი ბიულეტენების გრაფა.

საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს შემაჯამებელი ოქმის შევსების წესსა და პროცედურას. შემაჯამებელი ოქმის შევსებისას მასში შეიტანება არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა, სუბიექტებისთვის მიცემული ხმების, ასევე ბათილი ბიულეტინების რაოდენობა.  იმ შემთხვევაში, თუ სუბიექტებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი ნაკლებია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე, შემაჯამებელ ოქმში ფიქსირდება ნაკლებობაში გამოხატული დისბალანსი. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობაში არ გვხვდება პირდაპირი ჩანაწერი, ნაკლებობის შემთხვევაში რა რეაგირება უნდა მოახდინოს დავის განმხილველმა ორგანომ, საია მიიჩნევს, რომ დისბალანსის ამგვარი ფორმა მეტად პრობლემურია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობით ნაკლებობა ფიქსირდება. 

ნაკლებობის მიზეზები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მათ შორის, შესაძლებელია მონაცემები შემაჯამებელ ოქმში არასწორად იყოს დათვლილი და დალუქული დოკუმენტაციის გახსნის შემდგომ, მასში ნამდვილი ხმები აღმოჩნდეს, რაც არსებულ დისბალანსს გაასწორებს. ასევე, არ არის გამორიცხული, რომ ნაკლებობა დაკავშირებული იყოს გაყალბების ერთ-ერთ ფორმასთან, ე.წ. კარუსელთან. რაც შეეხება მეტობას, ამგვარი დისბალანსი მიანიშნებს, რომ საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველზე მეტი ბიულეტენია გამოყენებული. 

საია მოელის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია დააკმაყოფილებს ყველა არგუმენტირებულ მოთხოვნას და გადათვლის სადავო უბნებს. ამგვარი მიდგომა ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის გაზრდას საარჩევნო პროცესების და მის შედეგებთან მიმართებით. 

დავების განხილვის შედეგებთან დაკავშირებით, საია საკუთარ შეფასებას მოგვიანებით, საარჩევნო დავების დასრულების შემდგომ გააკეთებს. 

 


[1] მთაწმინდა, ვაკე, საბურთალო, ისანი, სამგორი, კრწანისი, ჩუღურეთი, დიდუბე, ნაძალადევი, გლდანი, მცხეთა, დუშეთი, თელავი, რუსთავი, მარნეული, გორი, ახალქალაქი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი და ზუგდიდი.