სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კანონშემოქმედება

2012-11-20 21:32
Featured image
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საწესდებო მიზნების მიღწევის ერთ-ერთ საშუალებას საკანონმდებლო პროცესში მისი აქტიური მონაწილეობა წარმოადგენს. საია წლების მანძილზე უწყვეტად ახორციელებს კანონშემოქმედებითი პროცესის მონიტორინგს, ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს პარლამენტში ინიცირებულ მნიშვნელოვან კანონპროექტებთან დაკავშირებით და წარადგენს ორგანიზაციის სამართლებრივ შეფასებებს, შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებს საკომიტეტო მოსმენებისას. 
 
ასოციაცია აქტიურად ერთვება პარლამეტში ინიცირებული კანონპროექტების განხილვაში თუ შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და ეფექტური მმართველობის კუთხით. ამასთან, თუ კანონპროექტები შეეხება საიას თემატურ საქმიანობას ან წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს. მნიშვნელოვანია რომ, საია არ შემოიფარგლება მხოლოდ ინიცირებულ კანონპროექტების ანალიზითა და შეფასებით, არამედ თავად წარუდგენს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებებს. საკანონმდებლო  ორგანოსათვის ახლებურ რეგულაციებისა და ფორმულირებების შეთავაზებით, საია ცდილობს პოზიტიური წვლილი შეიტანოს არსებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწასა და გაუმჯობესებაში.
 
ვებ-გვერდზე განთავსებული მონაცემთა ბაზები დაინტერესებულ პირებს აძლევს შესაძლებლობას სწრაფად, მარტივად და უფასოდ მოიძიონ მნიშვნელოვანი კანონპროექტები, მათთან დაკავშირებით მომზადებული სამართლებრივი დასკვნები და საიას მიერ პარლამეტისათვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები.
 
მონაცემთა ბაზები აერთიანებს კანონშემოქმედებით სფეროში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ 2006 წლიდან გაწეული სამუშაოს შესახებ ინფორმაციას. კერძოდ, სამართლებრივი დასკვნების ბაზა შეიცავს საიას მიერ საქართველოს პარლამენტისათვის კანონპროექტებთან დაკავშირებით წარდგენილი სამართლებრივ შეფასებებს; ხოლო საკანონმდებლო წინადადების ბაზაში თავმოყრილია  საიას მიერ  პარლამენტისათვის წარდგენილი ყველა საკანონმდებლო წინადადება.
 
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო პროექტი/შესაბამისი დასკვნა/საკანონმდებლო წინადადება ისეთი კრიტერიუმების გამოყენებით, როგორებიცაა: სფერო/დარგი; კანონპროექტის/წინადადების განხილვის სტადია; პროექტის ავტორი; ინიციატორი; კანონპროექტის/წინადადების დასახელება; კანონპროექტის ინიცირების პერიოდი.
 
აქვე, შეგიძლიათ გაეცნოთ ამა თუ იმ კანონპროექტთან/წინადადებასთან დაკავშირებით მედია საშუალებებით გავრცელებულ სატელევიზიო სიუჟეტებს, საგაზეთო სტატიებსა და რადიო გადაცემებს.
 
ვებ-გვერდი ასევე, გაძლევთ შესაძლებლობას გამოიწეროთ ინფორმაცია ახლად დამატებული დასკვნებისა და საკანონმდებლო წინადადებების შესახებ. ამ ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურ რეჟიმში მიიღებთ საიას მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი დასკვნის/წინადადების ელექტრონულ ვერსიას. ასევე შეგიძლიათ გაგვიზიაროთ თქვენი იდეები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმის ცვლილების საჭიროების თაობაზე.
 
ვებ-გვერდზე იხილავთ  ინფორმაციას პარლამენტის, მისი მუშაობისა და საკანონმდებლო პროცესის თქვენთვის საინტერესო სხვა საკითხების შესახებ.