საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 5 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგს ახორციელებს. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირდა კანონდარღვევებიც.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციის უფლება არ აქვთ, “სახელწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებს, როდესაც ისინი ასრულებენ თანამდებობრივ და სამსახურებრივ მოვალეობებს”. 13 სექტემბერს, ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანიის ეთერით გადაიცა სიუჟეტი სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებებზე. ამ სიიუჟეტში შოთა რუსთაველის სახელობის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით მიშველაძე აცხადებს: “ქალაქის მთავრობა, ქალაქის მერი და ნაციონალური მოძრაობა იჩენს კეთილ ნებას და წილობრივი დაფინანსებით ვეხმარებით ჩვენ მოსახლეობას.” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას რუსთავის მერის მოადგილემ წერილობით აცნობა, რომ სახურავებისა და წყლის გაყვანილობის სისტემის შეკეთების ღონისძიებები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან (70%) და ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების მიერ (30%). მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის განცხადება აშკარა წინასაარჩევნო აგიტაცია და აშკარა კანონდარღვევაა.
საიას რუსთავის წარმომადგენლობაში შემოვიდა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატის ლელა აფციაურის საარჩევნო შტაბში ხდებოდა ვაუჩერების დარიგება დახმარების მიზნით. ასოციაციის წარმომადგენელი ლელა ბექაური აღნიშნულ შტაბში მივიდა, სადაც პირადად ნახა აღნიშნული ვაუჩერები. ვაუჩერები ელექტროენერგიის 37 კილოვატის საფასურის შეღავათს მოიცავდა. აღნიშნული ვაუჩერები გაიცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მაჟორიტარი კანდიდატის ლეილა აფციაურის სახელით და ეს არის მისი წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი.
16 სექტემბერს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისის მთავრობისა და ნაციონალური მოძრაობის საქალაქო ორგანიზაციის ინიციატივით, წყალტუბოს რაიონის კოპიტნარის დასახლებაში უფასო სამგზავრო ავტობუსი დაინიშნა. ავტობუსით იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი ბობოხიძემაც იმგზავრეს. “ავტობუსი ქალაქის მერიამ გამოყო, ხოლო საწვავსა და სხვა ხარჯებს ერთი წლის განმავლობაში ნაციონალები გაიღებენ”. ეს ინფორმაცია არ დაადასტურა ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის ტრანსპორტის მართვისა და რეგულირების სამსახურმა. წერილში, რომელიც სამსახურის უფროსმა დ. ჩაკვეტაძემ გამოუგზავნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ნათქვამია: “კოპიტნარის დასახლებაში უფასო ავტობუსი არ დანიშნულა. პერსპექტივაში გათვალისწინებულია ადრეულ პერიოდში მოქმედი საავტობუსო ხაზის “ქუთაისი-კოპიტნარის”-ს აღდგენა და მგზავრობის ღირებულება განსაზღვრული იქნება 70 თეთრის ოდენობით”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს საჯარო მოხელეებისა თუ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილ კანონდარღვევებს და მოუწოდებს მათ დაიცვან კანონი, რათა დემოკრატიულად ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.