დღეს, 1 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აჭარაში ტრეფიკინგის წინააღმდეგ აქცია გამართა. ასოციაციის თანამშრომლები ბათუმსა და ქობულეთში ტრეფიკინგის საწინააღმდეგო ათასობით ღია ბარათს არიგებდნენ და მოქალაქეებს ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ.
ბოლო პერიოდში მკვეთრად გახშირდა საქართველოს მოქალაქეების ტრეფიკინგში ჩართვა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით ახორციელებს პროექტს “არა! - ადამიანებით ტრეფიკინგს,” რომლის ფარგლებშიც არაერთი ანტიტრეფიკინგული კამპანიაა დაგეგმილი.
უახლოეს მომავალში საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად საქართველოს საზღვრის გადაკვეთის პუნქტებზე სპეციალური სტენდები დაიდგმება, რომელზეც ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაცია განთავსდება და ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მოქმედებს ტრეფიკინგის საკითხთა დაინტერესებულთათვის ცხელი ხაზიც. ესენია – თბილისში 99 50 76 და ბათუმში 888 33622.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ტრეფიკინგის საწინააღმდეგო პროგრამა ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.