საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადა კვლევა - „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა საქართველოში (2013-2021 წლები). “დოკუმენტის ამოცანაა „ქართული ოცნების” მმართველობის პერიდში შემუშავებული სასამართლო რეფორმის სტრატეგიისა და დინამიკის სისტემური ანალიზი.
კვლევა აფასებს 2013-2021 წლებში საერთო სასამართლოების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, გარდაქმნების დინამიკასა და მათ გავლენას არსებულ გამოწვევებზე. დოკუმენტი შედგება სამი ნაწილისგან. კვლევის პირველი ნაწილი აფასებს სასამართლოს მართვის ზოგად სისტემას, კოლეგიური მართვის ორგანოებსა და ძირითად უწყებებს სასამართლოს შიგნით; მეორე ნაწილი ეძღვნება მოსამართლის კარიერისა და დისციპლინირების საკითხების განხილვას; მესამე ნაწილში კი თავმოყრილია ცალკეული სასამართლოების მართვასთან დაკავშირებული და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარანტიების ანალიზი.
კვლევის მიგნებების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კანონმდებლობა შედარებით დეტალური გახდა, კოლეგიურ ორგანოებს დაუდგინდათ გამჭვირვალობის უფრო მაღალი სტანდარტი და ზოგიერთ შემთხვევაში განისაზღვრა დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღების ვალდებულება, საერთო ჯამში, ამას არ შეუცვლია სასამართლოში ჩამოყალიბებული იერარქიებისა და ძალაუფლების ლოგიკა. ეს, დიდწილად, განაპირობა რეფორმების შინაარსში ისეთი ასპექტების უგულებელყოფამ, როგორიცაა სასამართლოში ინტერესთა ჯგუფების არსებობა, მათი ფაქტობრივი ძალაუფლება, ფორმალური და არაფორმალური გავლენები, იერარქიები და სტატუსები, რომლებიც წლების განმავლობაში იქმნებოდა და ძლიერდებოდა.
ამ წლებში, კანონმდებლობის დახვეწისა და დეტალიზაციის გზამ, სასამართლოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ინსტიტუციური დიზაინის საკითხად აქცია, ყურადღების მიღმა დატოვა რეალური გავლენები, ფორმალური თუ არაფორმალური მოთამაშეები, მათი ინტერესები თუ ძალაუფლება. შედეგად, შეცვლილი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ჩარჩო ვერ გახდა ახლებური, დემოკრატიული წესრიგის შექმნის საფუძველი. რეფორმებმა შეინარჩუნა უმრავლესობის მმართველობაზე დაფუძნებული ლოგიკა და ფაქტობრივად არსებულ გავლენიან ჯგუფს - „მოსამართლეთა კლანს“, მათ შორის, პოზიტიური საკანონმდებლო სიახლეებით მანიპულირების საშუალება მისცა.
იხილეთ კვლევა
კვლევის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იყო გაწეული. ანგარიშის შინაარსზე პასუხისმგებელია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ის შეიძლება არ ასახავდეს აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის, USAID-ის ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.