მედიით გავრცელებული და საიას სასამართლო მონიტორის (რომელიც უშუალოდ ესწრებოდა პროცესს) მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ შაბათს, 14 დეკმბერს, უცნობმა პირებმა ის გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მანქანაში ჩასვეს, თავზე გადააფარეს მოსაცმელი და წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით.
მერაბიშვილის განცხადებით, ის მიიყვანეს უცნობ შენობაში, მისი ვარაუდით სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, სადაც მას დახვდა საქართველოს მთავარი პროკურორი და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პიროვნება. მერაბიშვილის გადმოცემით, მთავარმა პროკურორმა მას მოსთხოვა თანამშრომლობა ზურაბ ჟვანიას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით და მიხეილ სააკაშვილის საბანკო ანგარიშის ნომრების დასახელება, სანაცვლოდ, მას დაჰპირდა დახმარებას ქვეყნიდან გასვლაში. წინაღმდეგ შემთხვევაში კი მერაბიშვილს დაემუქრნენ, რომ მას ციხეში შეუქმნიდნენ ცუდ პირობებს და მის მეგობრებსაც დაიჭერდნენ.
ზემოაღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს რამდენიმე მათგანს ვუპასუხოთ:
უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება?
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის თანახმად, ,,დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი, პროკურორი ვალდებულნი არიან, დაიწყონ გამოძიება“. იმავე კოდექსის 101-ე მუხლი აღნიშნულ დანაწესს კიდევ უფრო აკონკრეტებს და მიუთითებს შემდეგს: ,,გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში“.
ივანე მერაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. მაგალითად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ჩვენების მიცემის მიზნით პირის იძულება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს გამოძიების დაწყების ვალდებულებას. ამასთან, ამ ვალდებულების განხორციელების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. ანუ, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას.
რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს აღნიშნული საქმე?
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე. თუმცა საიას შეფასებით აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს პრობლემას, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა განსახილველმა შემთხვევამ. ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ერთი უწყების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს სხვა უწყებამ, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით თავიდანვე არ დაისვას კითხვის ნიშნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანა, რაც უწყებრივი ქვემდებარეობის მარეგულირებელ ნორმებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.
საია ასევე ეხმიანება სასამართლო პროცესზე ი.მერაბიშვილის განცხადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს. ი.მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე დააყენა თავისი ადვოკატების აცილების საკითხი და დატოვა დარბაზი. დარბაზი დატოვეს მისმა ადვოკატებმა სტეფანე თუმანიშვილმა და ოთარ კახიძემ, იმ მოტივით, რომ ისინი ვეღარ გააგრძელებდნენ ბრალდებულის ინტერსების დაცვას. სხდომის დარბაზში დარჩა მერაბიშვილის მესამე ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი, რომელიც აგრეთვე ახორციელებდა ზურაბ ჭიაბერაშვილის ინტერსების დაცვას. გ.ჩივიაშვილის განცხადებით, ის მერაბიშვილის ინტერსებს ასევე ვეღარ დაიცავდა. მოსამართლემ სამივე ადვოკატი დააჯარიმა 200 ლარის ოდენობით, სასამართლოს უპატივცემულობის გამო. იმის გათვალისწინებით, რომ მარწმუნებელმა თავად განაცხადა უარი ადვოკატებზე, საიასთვის გაუგებარია მოსამართლის მოტივაცია ადვოკატების დაჯარიმებასთან დაკავშირებით.