2019 წლის 11 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაიმართება სხდომა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომიდან ანა დოლიძის აცილების თაობაზე. ანა დოლიძის ინტერესებს სასამართლოში იცავს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, აცილების საფუძველი გახდა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გასაუბრებების წინა პერიოდში ანა დილიძის საჯარო განცხადებები სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
14 დეკემბრის სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს შემადგენლობაში იყო თეა ძიმისტარაშვილი, რომელიც აღმოჩნდა ანა დოლიძის საბჭოს სხდომიდან აცილების შუამდგომლობის წარმდგენი ერთ-ერთი მოსამართლის ილონა თოდუას ნათესავი. საიას ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე თეა ძიმისტარაშვილი აცილებულ იქნა შემადგენლობიდან.
21 დეკემბრის სხდომაზე მესამე მოსამართლედ ჩაერთო მოსამართლე თამარ ონიანი, რომელიც საბჭოს მოქმედი წევრია. მან 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში საბჭოს სხდომაზე ხმა მისცა ანა დოლიძის მოსამართლეთა გასაუბრების პროცესიდან აცილების გადაწყვეტილებას იმავე საფუძვლით, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს დავა. ვინაიდან თამარ ონიანი წარმოადგენდა იმ ორგანოს წევრს, რომლის გადაწყვეტილებებზეც მიმდინარეობს დავა, მოხდა მისი აცილება სააპელაციო კოლეგიის შემადგენლობიდან.
სააპელაციო სასამართლოში საჩივრის განმხილველი კოლეგიის მომხსენებელი მოსამართლეა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად წარდგენილი გიორგი ტყავაძე, რომელმაც 2019 წლის 11 იანვრის სხდომაზე უნდა განიხილოს საიას შუამდგომლობა ანა დოლიძის აცილების საფუძვლად გამხდარი ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსათვის მიმართვის თაობაზე.[1]
[1] https://gyla.ge/ge/post/saia-iusticiis-umaghlesi-sabtchos-tsevris-gasaubrebaze-acilebis-arsebul-models-arakonstituciurad-miichnevs#sthash.q8flWbqf.dpbs