ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლეს, ნინო გიორგაძეს, რომელიც 2020 წლის დეკემბრიდან სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არის დანიშნული,იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების კენჭისყრაზეც კი არ უშვებს და უარს ეუბნება უვადოდ გამწესებაზე. ხაზგასასმელია, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამგვარი მიდგომა ამ დრომდე არცერთი მოსამართლის მიმართ არ გამოუყენებია. ნინო გიორგაძე მოსამართლედ გამწესებამდე, სასამართლოში და იუსტიციის საბჭოში მუშაობდა.1
1 ნოემბერს იუსტიციის საბჭოს სხდომა ჩატარდა, დღის წესრიგი მეოთხე საკითხად ითვალისწინებდა, „ზოგიერთი მოსამართლის უფლებამოსილების თაობაზე“ ზოგადი ფორმულირებით ჩანაწერს. სხდომაზე, საბჭოს მდივანმა განმარტა, რომ საკითხი შეეხებოდა, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნინო გიორგაძის საჩივარს საბჭოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებაზე, მისი უვადოდ გამწესების კენჭისყრაზე არდაშვების შესახებ. მოსამართლის სამწლიანი შეფასების ანგარიშები მოსამართლის თანამდებობაზე ყოფნის 3-წლიანი ვადის გასვლამდე კონფიდენციალურია, შესაბამისად, სხდომა დაიხურა. საკითხის განხილვას ესწრებოდა მოსამართლე ნინო გიორგაძე და იუსტიციის საბჭოს 14 წევრი.2 განხილვა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა. მოგვიანებით, საბჭოს 14-მა წევრმა მხარი დაუჭირა იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის აქტის ძალაში დატოვებას.
დღემდე პრობლემურია სამწლიან გამოსაცდელ ვადაში მყოფი მოსამართლის უვადოდ გამწესების მომწესრიგებელი კანონმდებლობა. ამავე დროს, საბჭოს მიერ დანიშვნა/წარდგენის პრაქტიკა წლებია კრიტიკას იმსახურებს და ნდობით არ სარგებლობს საზოგადოებაში.
კანონმდებლობით, გამოსაცდელი ვადით გამწესებულ მოსამართლეს 3 წლის განმავლობაში აფასებს საბჭოს სამი მოსამართლე და სამი არამოსამართლე წევრი.3 შეფასების შედეგების ანალიზის საფუძველზე, საბჭო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას პირის უვადოდ დანიშვნის შესახებ. შეფასების ანგარიში მოიცავს კეთილსინდისიერების კრიტერიუმით მოსამართლის შეფასების და კომპეტენტურობის კრიტერიუმის თითოეული მახასიათებლის მიხედვით მოსამართლის მიერ მოპოვებული ქულების შესახებ მიღებულ დასკვნას.4 თუ კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას 6 შემფასებლიდან 4 მიიჩნევს, რომ მოსამართლე ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებს, ეს საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ იგი გასაუბრების ეტაპზე არ დაუშვან.5 ასევე, თუ მის მიერ მოპოვებულ ქულების ჯამი ვერ აღწევს 70%-ს, საბჭოს თავმჯდომარე გამოსცემს სამართლებრივ აქტს უვადოდ გამწესების მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის შესახებ.6 საიას აზრით, ეს ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ რეგულირებას, რომლის მიხედვითაც, პირი მოსამართლედ არ დაინიშნება, თუ მის კანდიდატურას მხარს არ უჭერს საბჭოს 6 წევრი.7 არსებული წესის თანახმად, ფაქტობრივად, ამის გაკეთება 4 წევრს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ითვალისწინებს ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას შესაძლებლობას იუსტიციის საბჭოში,8 ეს პირველადი წესის არაკონსტიტუციურობას ვერ ცვლის.
1 ნოემბრის სხდომაზე სწორედ უვადოდ განწესების მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმის საკითხზე იმსჯელა საბჭომ და ძალაში დატოვა საბჭოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტი. ვინაიდან სხდომა იყო დახურული, მოკლებული ვართ შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, შემფასებლების მიერ შედგენილი დასკვნების, ასევე, მოსამართლის მიერ წარდგენილი გამაბათილებელი ინფორმაციის ობიექტურობაზე.
იმ პირობებში, როცა კანონმდებლობა ხარვეზიანია და პრაქტიკაშიც მოსამართლეების შერჩევის პრაქტიკა ნდობით არ სარგებლობს, კითხვებს აჩენს მოსამართლე ნინო გიორგაძის უვადოდ გამწესების კენჭისყრაზე არ დაშვება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სისტემაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა წლებია პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, არსებობს ეჭვები, რომ 1 ნოემბერს ნინო გიორგაძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება უკავშირდება მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ან/და განსხვავებულ შეხედულებებს.9 ასეთ დროს, მნიშვნელოვანია, მოსამართლემ ღიად ისაუბროს რა გახდა მისი უვადოდ გამწესებაზე უარის თქმის რეალური მიზეზები, მით უფრო, რომ სხდომის დასრულების შემდეგ მან საჯაროობის მზაობა გამოთქვა.
1ხელმისაწვდომია:http://hcoj.gov.ge/ka/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94.html განახლებულია:02.10.2023.
2 სხდომას მხოლოდ იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე არ ესწრებოდა.
3 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, 36-ე მუხლის მე-44 პუნქტი.
4 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 4 მუხლის მე-10 პუნქტის“ბ“ ქვეპუნქტი.
5 იქვე, 364 მუხლის მე-13 პუნქტი.
6 იქვე.
7 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 4 მუხლის მე-20 პუნქტი.
8 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 36 4 მუხლის მე-13 პუნქტი.
9 რატომ დასაჯა იუსტიციის საბჭომ მოსამართლე ნინო გიორგაძე, 2023 წლის 02 ნოემბერი, ხელმისაწვდომია: https://sakartvelosambebi.ge/ge/akhali-ambebi/ratom-dasaja-iustitsiis-sabchom-mosamartle-nino-giorgadze?fbclid=IwAR0Wgo-FyxKZalRC3O9GKlZr4dCZ70pF6guuFxJojdbJcnUyLWBmtYeWG-k, განახლებულია, 01.11.2023.