უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ლევან მურუსიძის მოსამართლის თანამდებობაზე უვადოდ დანიშვნის პროცესმა სრული სიცხადით დაადასტურა სასამართლო სისტემის ნაწილში და მის მმართველ რგოლში - იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - არსებული კრიზისული მდგომარეობა და ე.წ. კლანის ზღვარგადასული ძალაუფლება. საბჭო, ბოლო წლებია, აშკარად ბოროტად იყენებს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებებს და პრაქტიკულად არც ერთ გადაწყვეტილებას არ იღებს მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. სასამართლო სისტემის მმართველობაში შექმნილი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა უშუალოდ საბჭოს მოსამართლე წევრებისა და პარლამენტის მიერ დანიშნული ზოგიერთი არამოსამართლე წევრის უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებული მოქმედებების შედეგია. ბოლო პერიოდში საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს წევრობის 10 კანდიდატის ნომინირების უკიდურესად ხარვეზიანმა და გაუმჭვირვალე პროცესმა, ასევე ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნამ, კიდევ ერთხელ ნათლად გამოავლინა საბჭოში მოქმედი გავლენიანი ჯგუფის რეალური ინტერესები და მათი მუშაობის მეთოდები.
მიგვაჩნია, რომ საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის პირობებში არ არსებობს სასამართლო სისტემის გაჯანსაღების რესურსი, ვინაიდან:
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების ცალსახა გამოვლინებაა საბჭოს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები (ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელება). ამ ვითარებაში, მიგვაჩნია, რომ საბჭოს იმ მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებებს, არ აქვთ მორალური უფლება იყვნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები. შესაბამისად, მათ საკუთარი ინიციატივით უნდა დატოვონ საბჭოც და მოსამართლის თანამდებობაც. ამასთან მიგვაჩნია, რომ მოსამართლის თანამდებობები უნდა დატოვონ ასევე გავლენიანი ჯგუფის ყველაზე თვალსაჩინო წევრებმა: მიხეილ ჩინჩალაძემ და ლევან მურუსიძემ. აღნიშნული ცვლილებების გარეშე რთულად წარმოსადგენია მართლმსაჯულების სისტემის განვითარებისა და დამოუკიდებლობის გამყარების პერსპექტივა.
მიგვაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა განახლდეს და არამოსამართლე წევრები პარლამენტმა მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით უნდა დანიშნოს. ეს დამოუკიდებელი წევრების შერჩევის ერთადერთი გარანტიაა. საბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცებამდე, უნდა შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირების საკითხი. კანდიდატთა სია განახლებულმა საბჭომ უნდა წარადგინოს პარლამენტში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF)
ადამიანის უფლებათა ცენტრი