2017 წლის დეკემბერის დასაწყისში, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან, საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით, ოთხ განცხადებაზე მიიღო პასუხი. ეს ფაქტი ჩვეულებრივი მოვლენა იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება, იუსტიციის სამინისტრომ საიას განცხადებებზე პასუხი 11 თვის დაგვიანებით გასცა. მოქმედი კანონდმებლობის თანახმად, საჯარო ინფორმაციის გაცემის მაქსიმალური ვადა 10 დღეს შეადგენს. შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
იუსტიციის სამინისტროს მოქმედება ასევე წინააღმდეგობაში მოდის ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) პრინციპებთანაც. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საქართველო პარტნიორობას 2011 წელს შეუერთდა, ხოლო 2017 წლის ოქტომბერში, OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა.
საქართველოში „ღია მმართველობის პარტნიორობას“ კოორდინაციას იუსტიციის სამინისტრო უწევს და სწორედ ის წარმოადგენს ქვეყანას „OGP“-ის ფორმატში საერთაშორისო დონეზე. ამ ფონზე, მაშინ როდესაც, საჯარო ინფორმაციის გაცემის თვალსაზრისით, იუსტიციის სამინისტრო მაგალითი უნდა იყოს სხვა უწყებებისთვის, სამინისტრო 11 თვის დაგვიანებთ გასცემს საჯარო ინფორმაციას.
იუსტიციის სამინისტროს მხრიდან საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევის პარალელურად, 2014 წლიდან დღემდე, ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საჯარო ინფორმაციის ახალი აქტის მიღება, რომელიც შემუშავებულია და ყველა თვალსაზრისით მაღალ დონეზეა მომზადებული. გაურკვეველი მიზეზებით, უკვე არაერთი წელია, ჭიანურდება კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა, რომლის დროულად მიღება და ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. მათ შორის, საჯარო ინფორმაციის დაგვიანებით გაცემის რაოდენობის შემცირებას.
გვსურს ასევე აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბერს საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოაქვეყნოს საჯარო ინფორმაციის ანგარიში (ე.წ 10 დეკემბრის ანგარიში). ანგარიშში, მათ შორის, აღნიშნული უნდა იყოს საჯარო დაწესებულებაში შესული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების ან მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა რაოდენობა. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ განცხადებებზე 11 თვის დაგვიანებით პასუხის გაცემა „10 დეკემბრის ანგარიშის“ სტატისტიკურ მონაცემებში სამინისტროსთვის სასურველი შედეგის ასახვას ემსახურება და არა ადმინისტრაციული ორგანოს გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტის დაცვას.