სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

იცის თუ არა თბილისის მერიამ, ჯამში, რამდენი ქონება გაყიდა 1 ლარად

2022-03-31 10:53
Featured image

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას განეკუთვნება.[1] გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით იღებს თბილისის მთავრობა.[2] განკარგვის ერთ-ერთი ფორმაა თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და ხელშეკრულების პირობებს განსაზღვრავს თბილისის  მთავრობა საკრებულოს თანხმობით, კოდექსითა და თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით.[3]

თბილისის ქონების პირდაპირი განკარგვის ან კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზება შეიძლება სასყიდლით, პირობით ან უპირობოდ.[4] პრივატიზება ხდება მთავრობის მიერ განსაზღვრული წარმომადგენლის (რწმუნებულის) მეშვეობით ან ამ მიზნით თბილისის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც საკრებულოს მიერ თანხმობის გაცემიდან 3 თვის ვადაში, მთავრობის სახელით დებს ხელშეკრულებას.[5]

უფრო დაწვრილებით თბილისის უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხებს აწესრიგებს თბილისის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N21-85 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“.[6]

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას და კონკურენტული შერჩევის საფუძველზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისას, საპრივატიზებო საფასურს განსაზღვრავს თბილისის მთავრობა საკრებულოს თანხმობით, დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის გათვალისწინებით, ასევე აუდიტორული (ექსპერტი) დასკვნის გარეშე – ნებისმიერი, მათ შორის სიმბოლური თანხის ოდენობით.[7] საპრივატიზებო პირობებს განსაზღვრავს თბილისის მთავრობა და ითანხმებს საკრებულო.[8]

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა, რა მოცულობის/ფასის ქონებას და რომელ სუბიექტებზე ასხვისებს თბილისის მერია სიმბოლურ ფასად - 1 ლარად. ამ მიზნით, ორგანიზაციამ 2021 წლის ნოემბერში განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მიეწოდებინა 2017 წლის 24 ნოემბრიდან 2021 წლის 13 ნოემბრამდე პერიოდში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაცემული, თბილისის მუნიციპალიტეტის უძრავი ქონების ნუსხა, მათ შორის: მისამართი; საკადასტრო კოდი; ფართობი; ახალი მესაკუთრის ვინაობა/დასახელება; შესაბამისი პირობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, აგრეთვე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი განკარგულებების ასლები. მანამდე ორგანიზაციას, ამავე პერიოდზე, მიღებული ჰქონდა ინფორმაცია კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული პირების დაკმაყოფილების პროექტის ფარგლებში პრივატიზებული ქონების შესახებ და თვითნებურად დაკავებული ფართების შესახებ, შესაბამისად, ამჯერად დაინტერესდა, ამ მონაცემების გამოკლებით, რა სახის/ფართობის ქონება და რომელ/რამდენ სუბიექტზე გასცა თბილისის მერიამ.

ქონების მართვის სააგენტომ განცხადების მიღებიდან 2 თვის შემდეგ გამოაგზავნა პასუხი. მათი წერილის მიხედვით, მითითებულ პერიოდში გასხვისებული ქონების ოდენობა და შესაბამისი დოკუმენტაცია მოცულობითი, ხოლო მათი დამუშავება დაკავშირებული იყო არაპროპორციულად დიდ ძალისხმევასთან. ამის გამო სააგენტომ უარი თქვა მოთხოვნილი ინფორმაციის მოწოდებაზე და სთხოვა ორგანიზაციას დაეზუსტებინა მოთხოვნა.[9]

ამ პასუხის მიღების შემდეგ საიამ დაავიწროვა მოთხოვნა და მიმართა მხოლოდ სტატისტიკის მიწოდების განცხადებით, კერძოდ, იმავე პერიოდში, 1 ლარად რამდენი, რა ფართობის ობიექტი და რამდენ ფიზიკურ/იურიდიულ პირს გადაეცა საკუთრებაში. სააგენტომ დაზუსტებულ მოთხოვნას პირველ წერილზე მითითებით უპასუხა.[10]

სააგენტოს უკუკავშირიდან გამოჩნდა, რომ უწყება თავადაც არ აწარმოებს სტატისტიკას და 4 წლის შემდეგაც კი არ აქვს კონსოლიდირებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რა ოდენობის (ფართობი, ფასი) ობიექტი და რამდენ პირზე გასხვისდა მუნიციპალიტეტის მიერ სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

 


[1] ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[2] იქვე, 75-ე მუხლის „დ. ა“ ქვეპუნქტი.

[3] იქვე, 1181 მუხლის პირველი პუნქტი.

[4] იქვე, მე-2 პუნქტი.

[5] იქვე, მე-3 პუნქტი.

[6] თბილისის საკრებულოს 2015 წლის 12 აგვისტოს N21-85 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის დამტკიცების შესახებ“, https://matsne.gov.ge/ka/document/view/2947496?publication=1, განახლებულია: 30.03.2022.

[7] „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი; აგრეთვე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების“ 371 მუხლი.

[8] „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტი.

[9] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 11 იანვრის N61-01220111178 წერილი.

[10] ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს 2022 წლის 21 თებერვლის N61-01220522292 წერილი.