სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ICC-ის გამოძიება უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ: გამოწვევები და პერსპექტივები ICC-ის მიერ საქართველოს სიტუაციის გამოძიების პარალელურად

2022-04-21 13:27
Featured image

 „შეცდომები, რომელთა დაგმობასა და დასჯასაც ვცდილობთ, იმდენად გათვლილი, ისეთი ავთვისებიანი და დამანგრეველი იყო, რომ ცივილიზაცია ვერ გადაიტანს მათ იგნორირებას, რადგან ვერ გადარჩება მათი განმეორებით.“[1] ამ სიტყვებით გახსნა მოსამართლე რობერტ ჯექსონმა ნიურნბერგის სამხედრო ტრიბუნალი 1945 წლის 21 ნოემბერს. ამ სიტყვების წარმოთქმიდან გავიდა თითქმის 87 წელი, თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომით არ დამთავრებულა ადამიანური სისასტიკის გამოხატვა და იგი დღემდე გრძელდება. უკრაინის დღევანდელმა კონფლიქტმა მსოფლიოს გაახსენა მეორე მსოფლიო ომი და აგრესორთა დაუსჯელობის მანამდე არსებულ პერიოდი. 

რუსეთის ფედერაციის კომბატანტების მიერ ჩადენილი ქმედებები ენით აღუწერელ სისასტიკეს გამოხატავს, რომლებმაც მსოფლიოს დაანახა რუსული მხარის დაუსჯელობის შედეგი, რომელიც დღევანდელ უკრაინის კონფლიქტამდე გაცილებით ადრე დაიწყო. შესაბამისად, არც არის გასაკვირი, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე. ამ ბლოგში მოცემულია ზოგადი მიმოხილვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) ფუნქციონირების შესახებ; ასევე განხილულია კონკრეტულად უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებული ICC-ის გამოძიება, საქართველოს ICC-ის გამოძიებასთან პარალელურად; და ბოლოს განხილულია აგრესიის დანაშაულზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესაძლებლობა.

1.    სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC)

რა არის ICC? - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (International Criminal Court (ICC)) დაარსდა 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე, რომლის შექმნასაც თითქმის ნახევარი საუკუნე დასჭირდა (რაც სწორედ რომ „ცივი ომის“ დროს სახელმწიფოთა პოლიტიკურ ნებათა თანხვედრის არ არსებობას შეიძლება მივაწეროთ).[2] ეს არის მუდმივმოქმედი ორგანო, რომელსაც აქვს უფლებამოსილება განახორციელოს  იურისდიქცია პირებზე იმ საერთაშორისო დანაშაულებისათვის, რომლებიც არის გათვალისწინებული რომის სტატუტში.[3] ICC არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი.[4]

როგორ ვრცელდება ICC-ის იურისდიქცია? - ICC ავრცელებს თავის იურისდიქციას შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

Ratione Materiae - იურისდიქცია მოიცავს იმ დანაშაულებს, რომელთა ჩადენის გამო დასჯაც შეუძლია სასამართლოს.[5] სასამართლო ახორციელებს იურისდიქციას „მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის შემაშფოთებელ უმძიმეს დანაშაულებზე“,[6] კერძოდ - გენოციდის დანაშაულებზე,[7] ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე,[8] ომის დანაშაულებსა[9] და აგრესიის დანაშაულზე.[10]

Ratione Personae - იურისდიქცია პირებზე. სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ ექცევიან იმ სახელმწიფოთა მოქალაქენი, რომლებსაც რომის სტატუტი რატიფიცირებული აქვთ, ასევე, სასამართლოს იურისდიქცია შეიძლება გავრცელდეს იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებზეც, რომლებიც ad hoc (ამ კონკრეტულ შემთხვევაში) აღიარებენ სასამართლოს იურისდიქციას, ან უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით.[11]

Ratione Temporis - იურისდიქცია დროის მიხედვით. სასამართლოს გააჩნია იურისდიქცია მხოლოდ რომის სტატუტის ძალაში შესვლის (01.07.2002) შემდეგ ჩადენილ დანაშაულებზე.[12]

Ratione Loci - ტერიტორიული იურისდიქცია. სასამართლოს იურისდიქცია იმ დანაშაულებზე ვრცელდება, რომლებიც სტატუტის მონაწილე (ან კიდე ad hoc აღიარებულ, ან უშიშროების საბჭოს მიერ რეფერირებულ) სახელმწიფოთა ტერიტორიაზეა ჩადენილი, მიუხედავად დამნაშავის მოქალაქეობრივი კუთვნილებისა.[13]

რა არის კომპლემენტარობის პრინციპი? - რომის სტატუტის პრეამბულა აღიარებს, რომ ყველა სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა განახორციელოს საკუთარი სისხლისსამართლებრივი იურისდიქცია საერთაშორისო დანაშაულებებზე.[14] შესაბამისად, საქმე არ იქნება დასაშვები ICC-ის მიერ განსახილველად, თუ საქმეს იძიებს ან სისხლის სამართლებრივ დევნას აღძრავს, ან საქმე გამოიძია და გადაწყვიტა, არ აღძრას სისხლის სამართლებრივი დევნა შესაბამისი პირის მიმართ,  მოცემულ საქმეზე იურისდიქციის მქონე სახელმწიფომ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ სახელმწიფოს არ სურს ან არ შესწევს უნარი სათანადოდ წარმართოს გამოძიება ან განახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა; ან კიდევ, შესაბამისი პირი უკვე გასამართლებულია იმ ქმედებისთვის, რომელიც განცხადების საგანს წარმოადგენს.[15]

რა შემთხვევებში ახორციელებს ICC თავის იურისდიქციას? - სასამართლოს შეუძლია განახორციელოს იურისდიქცია, თუ მას, კონკრეტული სიტუაციის შესახებ -  რეფერალით მიმართავს სტატუტის მონაწილე სახელმწიფო; რეფერალით მიმართავს  გაეროს უშიშროების საბჭო, გაეროს წესდების მე-7 თავის გამოყენებით (რა შემთხვევაშიც უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები გაეროს წევრ სახელმწიფოთათვის სავალდებულო შესასრულებელი იქნება);[16] ან კიდევ, პროკურორი დაიწყებს proprio motu ინიციატივით გამოძიებას.[17] თუ ამათგან ერთ-ერთი გზით იყო კონკრეტულ საქმეზე ინფორმაცია მიღებული, პროკურორი შემდეგ აფასებს მიღებული ინფორმაციის მნიშვნელობას და, თუ პროკურორი დაასკვნის, რომ არსებობს გამოძიების გაგრძელების საკმარისი საფუძველი, იგი მიმართავს წინასწარი წარმოების პალატას თხოვნით, რომ მისცეს გამოძიების წარმოების უფლებამოსილება.[18] თუ წინასწარი წარმოების პალატა თხოვნისა და დამადასტურებელი მასალის განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ არსებობს გამოძიების გაგრძელების საკმარისი საფუძველი და ეს საქმე შედის სასამართლოს იურისდიქციაში, იგი გასცემს გამოძიების დაწყების უფლებამოსილებას.[19]

რა სტადიები არსებობს ICC-ის სამართალწარმოებაში? - არსებობს შემდეგი სტადიები:

I.         წინასწარი წარმოების ეტაპი - პროკურორის ოფისმა უნდა დაადგინოს, არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები საკმარისი სიმძიმის მქონე დანაშაულების შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება ICC-ს იურისდიქციას, არის თუ არა ჯეროვანი (Genuine) ეროვნული სამართალწარმოება და ემსახურება თუ არა გამოძიების დაწყება მართლმსაჯულებისა და დაზარალებულების ინტერესებს.[20]

II.         გამოძიება - მტკიცებულებების შეგროვებისა და ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების შემდეგ, პროკურატურა ICC-ის მოსამართლეებს სთხოვს გასცენ:  დაკავების ორდერი.[21]

III.         წინა-სასამართლო ეტაპი - თავდაპირველი გამოჩენა: სამი წინა-სასამართლო მოსამართლე ადასტურებს ბრალდებულის ვინაობას და რწმუნდება, რომ ბრალდებულმა გაიგო ბრალდების არსი. ბრალდების დადასტურების მოსმენები: ბრალმდებლის, დაცვისა და დაზარალებულთა კანონიერი წარმომადგენლის მოსმენის შემდეგ, მოსამართლეები წყვეტენ (ჩვეულებრივ, 60 დღის განმავლობაში) არის თუ არა საკმარისი მტკიცებულებები საქმის სასამართლოსთვის გადასაცემად.[22]

IV.         სასამართლოს ეტაპი -  საქმის განმხილველი სამი მოსამართლის წინაშე ბრალმდებელმა გონივრული ეჭვის მიღმა უნდა დაამტკიცოს ბრალდებულის ბრალეულობა. მოსამართლეები განიხილავენ ყველა მტკიცებულებას, შემდეგ გამოაქვთ განაჩენი და, როდესაც არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი, სასჯელს უფარდებენ. მოსამართლეებს შეუძლიათ პირს 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, გამონაკლის შემთხვევებში კი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯონ. მოცემულის სააპელაციო პალატაში აპელაცია შესაძლებელია როგორც დაცვის, ასევე ბრალმდებელი მხარის მიერ.[23]

2.    ICC-ის გამოძიება უკრაინაში არსებული სიტუაციის შესახებ

რა საფუძვლით დაიწყო გამოძიება? - უკრაინა არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა, შესაბამისად, ICC-მ თავისი იურისდიქცია გაავრცელა უკრაინის მიერ 2 ad hoc დეკლარაციის საფუძველზე.[24] პირველი დეკლარაციით, უკრაინამ სასამართლოს იურისდიქცია გაავრცელა საკუთარ ტერიტორიაზე 2013 წლის 21 ნოემბრიდან, 2014 წლის 22 თებერვლამდე ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე.[25] ხოლო, მეორე დეკლარაციით კი, მოცემული იურისდიქცია გააგრძელა უვადოდ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე,[26] შესაბამისად, დღესდღეობით ჩადენილ დანაშაულებზეც აქვს ICC-ს იურისდიქცია. 

2020 წლის დეკემბერში პროკურორმა ბენსუდამ გამოაცხადა[27] წინასწარი წარმოების დასრულების შესახებ უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობდა 2014 წლის 24 აპრილიდან. მას ჰქონდა საფუძვლიანი ვარაუდი იმის დასაჯერებლად, რომ იყო ჩადენილი ომის დანაშაულთა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ფართო სპექტრი, რომლებიც აღწევდნენ სიმძიმის საჭირო დონეს. თუმცა, 2021 წლის განმავლობაში გამოძიების დაწყებისათვის უფლებამოსილების მიცემის მოთხოვნა არ ყოფილა გაკეთებული, და მხოლოდ მას შემდეგ მოხდა ასეთი განაცხადის გაკეთება პროკურორ ქარიმ ხანის მიერ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას 2022 წელს.[28] დამატებით, ICC-ს 41-მდე სახელმწიფომ მიმართა უკრაინის დღევანდელ სიტუაციასთან დაკავშირებით რეფერალით,[29] რაც არის დღემდე კონკრეტულ სიტუაციაზე ICC-სთვის სახელმწიფოთა რეფერალების ყველაზე დიდი რაოდენობა.[30] შესაბამისად, გამოძიებაც დაწყებულია უკვე მოცემულ სიტუაციასთან დაკავშირებით.[31]

რა დანაშაულებზე მიმდინარეობს გამოძიება? - როგორც უკვე აღინიშნა, გამოძიება მიმდინარეობს ომის დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე (ადამიანურობისწინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებსა და ომის დანაშაულებს შორის მთავარი განსხვავება დაკავშირებულია იმ გარემოებებთან, რომლებშიც ჩადენილია ეს ორი დანაშაული. ომის დანაშაულები არღვევს „ომის წარმოების წესებს“ (რომლის უმთავრესი წყაროც არის 1949 წლის ჟენევის კონვენციები და 1977 წლის მისი დამატებითი ოქმები და, ასევე, რომის სტატუტიც)საერთაშორისო და არასაერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტების დროს. ადამიანურობისწინააღმდეგ მიმართული დანაშაულები კი, ჩადენილია ნებისმიერ სამოქალაქო მოსახლეობაზე ფართომასშტაბიანი ან სისტემატური თავდასხმების ფარგლებში, თავდასხმის გაცნობიერებით, რომლის ჩადენისათვისაც აუცილებელ ფაქტორს არ წარმოადგენს შეიარაღებული კონფლიქტის არსებობა (ამ დანაშაულისთვის ერთ-ერთი უმთავრესი წყარო არის რომის სტატუტი)).[32]შესაბამისად, ამ სასამართლოს იურისდიქცია ვერ გავრცელდება გენოციდისა და აგრესიის დანაშაულზე. აგრესიაზე ვერ გავრცელდება,[33] რადგანაც ICC-ს არ აქვს იურისდიქცია აგრესიის დანაშაულზე იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილია არაწევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ან კიდე არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეების მიერ;[34] და, ასევე, ICC-თვის არ მიუმართავს გაეროს უშიშროების საბჭოს.[35]

პარალელები საქართველოს სიტუაციასთან - 2008 წელს საქართველოში სამხედრო ოპერაციებს რუსეთი ხელმძღვანელობდა (საკუთარი სამხედრო პირების გარდა, იგი ეფექტიან კონტროლს ავრცელებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის კომბატანტებზეც),[36] რის გამოც ზემოხსენებული კონფლიქტი საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტად კვალიფიცირდება.[37] შესაბამისად, რადგანაც უკრაინაში დღესდღეობით მიმდინარე კონფლიქტიც, ასევე, წარმოადგენს საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტს (აქაც რუსეთის ფედერაციაა კონფლიქტის მეორე მხარე), ორივე შემთხვევაში, ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებზე უპირველესი პასუხისმგებლობა რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს უნდა დაეკისროთ. ორივე შემთხვევაში პროკურორმა აღნიშნა, რომ არის საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ იყო ჩადენილი ომის დანაშაულები და ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები და მოცემულის შესახებ დაიწყო კიდეც გამოძიებები.[38] თუმცა, განსხვავებებს რაც შეეხება, უმთავრესი განსხვავება ალბათ სწორედ რომ ის ფაქტია, რომ საქართველოს აქვს რატიფიცირებული რომის სტატუტი, ხოლო უკრაინას არა. შესაბამისად, საქართველოს, უკრაინასთან მიმართებით, თითქოსდა, გარკვეული უპირატესობა აქვს აგრესიის დანაშაულის შესახებ სამართალწარმოების ჩატარებაში (თუ ჰიპოთეტურად დავუშვებთ, რომ უშიშროების საბჭოს მიერაც იქნება რეფერირებული, თუმცა, მოცემული არის საკმაოდ არარეალური). თუმცაღა, აქ სხვა პრობლემას ვაწყდებით, კერძოდ, 2008 წლის „აგვისტოს ომის“ დროს, კამპალას შესწორებები, აგრესიის დანაშაულებთან მიმართებით, ჯერ არ არსებობდა (2010 წელს მიიღეს), არათუ ძალაში არ ყოფილა შესული (რაც 2018 წელს მოხდა), შესაბამისად, საქართველოს შემთხვევაშიც ნაკლებად შესაძლებელია აგრესიის დანაშაულის შესახებ ICC-ის მიერ გამოძიების ჩატარება.

მომავალი გამოწვევები და პერსპექტივები - როგორც პრაქტიკიდან შეიძლება დავინახოთ,[39] ICC-ის სამართალწარმოება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ხშირად წლები მიაქვს ხოლმე. შესაბამისად, გამოძიების დაწყებას ნაკლებად თუ ექნება მასშტაბური ეფექტი დღევანდელ სიტუაციაზე.[40] იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორი გამოსცემს დაკავების ორდერებს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკურ თუ სამხედრო მაღალი თანამდებობის მქონე პირების მიმართ (რაც ნამდვილად არ არის მოსალოდნელი, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ საქართველოს პრაქტიკას, რომ დაკავების ორდერები მხოლოდ 2022 წელს გამოიცა (ხოლო გამოძიება დაიწყო 2016 წელს),[41] ისიც არა უშუალოდ რუსეთის ფედერაციის თანამდებობის პირებზე),[42] ამ პირთა გადაცემა ICC-თვის არ მოხდება (ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ „პუტინის რეჟიმი“ იქნება რუსეთში). მოცემული, კვლავ,  ICC-ის პრაქტიკიდან შეიძლება დავინახოთ, მაგალითად,  სუდანის პრეზიდენტის, ომარ ალ-ბაშირის შემთხვევა რომ გავითვალისწინოთ.[43] რუსეთის ფედერაცია ICC-თან უკვე თითქმის 6 წელია, რაც აღარ თანამშრომლობს, კერძოდ, 2016 წლის 16 ნოემბერს, ერთი დღის შემდეგ, რაც ICC-მ გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ოკუპაციას უწოდებს, რუსეთმა განაცხადა, რომ ოფიციალურად მოხსნა ხელმოწერა[44] რომის სტატუტიდან.[45] შესაბამისად, მოცემული ვითარება საკმაოდ ართულებს სასამართლოს მიერ გამოძიების ჩატარებას რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც საქართველოს პრაქტიკითაც მტკიცდება.[46] თუმცა, საქართველოს ვითარებისაგან განსხვავებით, დღესდღეობით, ტექნოლოგიური განვითარების დამსახურებით, საკმაოდ დიდი რაოდენობის რუსი კომბატანტის სავარაუდო დანაშაულების აღმწერი ვიდეო თუ ფოტო მასალა არსებობს, რამაც გაცილებით შეიძლება გააადვილოს მტკიცებულებათა შეგროვება. ასევე (კვლავ საქართველოსგან განსხვავებით), უკრაინის სიტუაციასთან მიმართებით, დასავლეთი არის უპრეცედენტოდ ერთიანი და მტკიცე, რაც გამოიხატება უკრაინის მრავალი სახის, თუნდაც, ჰუმანიტარული, თუ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით, ასევე, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გადადგმული უპრეცედენტო პროპორციების სანქციებით. მაშასადამე, მოცემული სახელმწიფოები (მითუმეტეს ისინი, რომლებმაც რეფერალით მიმართეს უკრაინის სიტუაციაზე ICC-ის), დიდი ალბათობით, ინტენსიურად ითანამშრომლებენ (როგორც გამოძიების ჩატარების თვალსაზრისით დახმარებაში, ასევე, ფინანსურად) პროკურორის ოფისთან მთელი სამართალწარმოების განმავლობაში. შესაბამისად, საკმაოდ დიდ გამოწვევებთან ერთად, უკრაინის სიტუაციას საკმაოდ დიდი პერსპექტივებიც აქვს.

3.    უკრაინის სიტუაციისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პერსპექტივები

ICC-ის იურისდიქციის მხოლოდ ომის დანაშაულებსა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გავრცელებამ გააჩინა მოსაზრებები უკრაინის სიტუაციისათვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ აგრესიის დანაშაულებთან მიმართებით.[47] მოცემულთან დაკავშირებით ქვემოთ იქნება მსჯელობა.

სპეციალურ ტრიბუნალებთან დაკავშირებული პრაქტიკა - პრაქტიკაში არსებული სპეციალური ტრიბუნალების დაყოფა შეიძლება ორ ტიპად - საერთაშორისო და „გასაერთაშორისოებულ“, იგივე შერეულ (ჰიბრიდული) ტრიბუნალებად. საერთაშორისო ტრიბუნალების ისტორია თანამედროვე საერთაშორისო სისტემის დასაბამიდან იწყება, რომელთა მიზანი იყო სახელმწიფოებს შორის და ზოგჯერ სხვა საერთაშორისო აქტორებს შორის დავის გადაწყვეტა.[48] ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ნიურნბერგის სასამართლო პროცესებიდან დაიწყო ისეთი ad hoc ტრიბუნალების შექმნა, ცალკეულ პირთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების, ძირითადი საერთაშორისო დანაშაულების, კერძოდ გენოციდის, ომის დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების განსახილველად.[49] მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში 4 ad hoc საერთაშორისო ტრიბუნალი დაფუძნდა,[50] კერძოდ - (1) ნიურნბერგში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი; (2) ტოკიოში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი შორეული აღმოსავლეთისათვის; (3) სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი ყოფილი იუგოსლავიისათვის, განთავსებული ჰააგაში; და (4) რუანდის სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალი, განთავსებული არუშაში. ხოლო რაც შეეხება  „გასაერთაშორისოებულ“, იგივე შერეულ (ჰიბრიდული) ტრიბუნალებს, ისინი საერთაშორისოსგან განსხვავებით, არიან უფრო მეტად მორგებული უშუალოდ იმ სიტუაციას (ეროვნულ კანონმდებლობას, იმ სახელმწიფოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას და ა.შ.), რომლისთვისაც ისინი იქმნებიან. ასეთ ტრიბუნალებს ჰქვიათ შერეული, რადგანაც  მათ აქვთ შერეული ეროვნულ-საერთაშორისო სამართლებრივი საფუძველი და ასაქმებენ ეროვნულ და საერთაშორისო (უცხოელ) პროკურორებსა და მოსამართლეებს (მაგ. სიერე ლეონეში, აღმოსავლეთ ტიმორში, კამბოჯაში, ცენტრალურ აფრიკულ რესპუბლიკაში და ა.შ.).[51]

როგორ ხდება სპეციალური ტრიბუნალების შექმნა? - როგორც ასეთი, ერთი კონკრეტული გზა არ არსებობს ამ ტრიბუნალების შესაქმნელად. უმეტესად, მოცემული სახელმწიფოთა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ნიურნბერგის ტრიბუნალთან მიმართებით, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ და სსრკ შეხვდნენ ლონდონში, რათა შეემუშავებინათ საერთაშორისო ტრიბუნალის წესდება და 1945 წლის 8 აგვისტოს ოთხმა მოკავშირემ ხელი მოაწერა ლონდონის შეთანხმებას, რომელმაც შექმნა ტრიბუნალი.[52] შორეული აღმოსავლეთის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალი (ტოკიოს ტრიბუნალი) კი შეიქმნა 1946 წლის იანვარში გენერალ დუგლას მაკარტურის პროკლამაციის საფუძველზე. მაკარტურს უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული მოკავშირე სახელმწიფოების მიერ, როგორც მოკავშირე ძალების უზენაეს მეთაურს, რათა განეხორციელებინა პოტსდამის დეკლარაციის მე-10 პრინციპი, რომელიც ომის დამნაშავეებს ჰპირდებოდა „მკაცრ სამართლიანობას“.[53] შესაბამისად, ყოველი ტრიბუნალი შექმნის განსაკუთრებული გზით ხასიათდება (თუმცა, ნიურნბერგისა და ტოკიოს ტრიბუნალების შემდეგ შექმნილი ad hoc ტრიბუნალების საქმიანობაში ყოველთვის გაერო იყო ჩართული, გარკვეული მხრივ მაინც). 

პრაქტიკიდან გამომდინარე რამდენად პერსპექტიული იქნება უკრაინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა? - ნიურნბერგისა და ტოკიოს სამხედრო ტრიბუნალები, რომლებიც შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დაფუძნებული იყო აქსისის ძალების დამარცხებული სახელმწიფოების - გერმანიისა და იაპონიის - თანხმობით, რაც გამარჯვებული ქვეყნებისთვის მათ უპირობო ჩაბარებასა და ოკუპაციას კვალდაკვალ მოჰყვა. დღესდღეობით, რუსეთის ან ბელორუსის თანხმობა შემოთავაზებული ტრიბუნალის იურისდიქციაზე ნაკლებად მოსალოდნელია.[54] შესაბამისად, მოცემულ სახელმწიფოთა თანამშრომლობის გარეშე, რაც არ უნდა in absentia გაასამართლონ აგრესიის დანაშაულების სავარაუდო ჩამდენი პირები, მათი ტრიბუნალისათვის გადაცემა არ მოხდება, რადგანაც ისინი სწორედ რომ რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან, შესაბამისად, თუ ეს პირები არ დატოვებენ ამ ქვეყნებს და ამ ტრიბუნალთან მოთანამშრომლე სახელმწიფოში არ წავლენ, ტრიბუნალი მხოლოდ ფორმალურად თუ შეძლებს სამართალწარმოების ჩატარებას. თანამშრომლობის არარსებობის გამო პრობლემა ჩნდება არა მარტო ბრალდებულთა (ან in absentia მსჯავრდებულთა) გადაცემასთან დაკავშირებით, არამედ გამოძიების პერიოდში საჭირო ქმედებების ჩატარებაშიც, რადგანაც, დღევანდელი მდგომარეობით (11.04.2022), უკრაინის ტერიტორიაზე, სადაც ჩადენილია საერთაშორისო დანაშაულები, უმრავლესობას აკონტროლებს სწორედ რომ აგრესორი რუსეთის ფედერაცია (თუ არ ჩავთვლით ჩრდილოეთ უკრაინის ტერიტორიებს, რომლებიც უკვე უკრაინის კონტროლს ქვეშ დაბრუნდა). ამათ გარდა, ასეთი სპეციალური ტრიბუნალის შექმნას საკმაოდ დიდი სახსრები სჭირდება.[55] რადგანაც რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ გაერომ დააფინანსოს ამ ჰიპოთეტური ტრიბუნალის შექმნა, და, შესაბამისად, მოცემული გახდება ტრიბუნალთან მოთანამშრომლე სახელმწიფოთა საზრუნავი. თუმცა, ესეც ცალკე საკითხავია, თუ რამდენად ექნებათ ასეთ სახელმწიფოებს ამ ტრიბუნალის დაფინანსების ან პოლიტიკური ნება ან შესაძლებლობა. მაშასადამე, აგრესიის ტრიბუნალის დაარსება მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ მის შემქმნელ სახელმწიფოებს ან ორგანიზაციებს და მმართველ ინსტიტუტებს შეუძლიათ უზრუნველყონ მყარი საფუძველი მისი, როგორც სისხლის სამართლის ინსტიტუტის, სათანადო ფუნქციონირებისთვის - რომელსაც ახლა აქვს ძალიან ბევრი "მაგრამ" და "თუ" .[56]

დასკვნა

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ბევრი გამოწვევებისა, ICC-ის სამართალწარმოებას, ასევე, აქვს ბევრი პერსპექტივაც. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ხოლმე აღსასრულებლად, მოცემული არ უნდა გახდეს მის მიერ მართლმსაჯულების აღსრულების შესაძლებლობის დაჯერების ხელისშემშლელი. უშუალოდ სპეციალურ ტრიბუნალს რაც შეეხება, მისი შექმნა დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ნაკლები იმედის მომცემია, რადგანაც საკმაოდ ბევრი რამე მისი ფუნქციონირების შესახებ არის ბურუსში მოცული.

 

ალექსანდრე პატარაია

საიას საერთაშორისო სამართალწარმოების გუნდის თანაშემწის

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას 

 

 


 

[1] იხ. Justice Robert H. Jackson, Chief of Counsel for the United States, Opening Statement before the International Military Tribunal (21.11.1945), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3729FCZ>, ნანახია - 11.04.2022. 

[2] იხ. ქეთევან ხუციშვილი, გაეროს უშიშროების საბჭოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს კონკურენტული და კომპლემენტარული კომპეტენციები (გამომცემლობა „უნივერსალი“, 2011), გვ. 44-45.

[3] გაეროს გენერალური ასამბლეა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტი (შემდგომში „რომის სტატუტი“) (ბოლოს შესწორებული 2010 წელს) (ISBN No. 92-9227-227-6, 17 ივლისი 1998); პირველი მუხლი, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/362SosM>, ნანახია - 10.04.2022.  

[4] რომის სტატუტი, მუხლი 4 (1).

[5] იხ. ხუციშვილი, გვ. 109.

[6] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 5 (1).

[7] იქვე, მუხლი 6.

[8] იქვე, მუხლი 7.

[9] იქვე, მუხლი 8.

[10] იქვე, მუხლი 8 bis.

[11] იხ. ხუციშვილი, გვ. 111.

[12] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 11.

[13] იხ. ხუციშვილი, გვ. 110. ასევე იხ, რომის სტატუტი, მუხლი 12.

[14] იხ. რომის სტატუტი, პრეამბულა.

[15] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 17.

[16] იხ. ხუციშვილი, გვ. 97.

[17] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 13.

[18] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 15 (2) და (3).

[19] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 15 (4).

[20] იხ. International Criminal Court official web-site, How the Court works, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3rifGlF>, ნანახია - 10.04.2022. 

[21] იქვე.

[22] იქვე.

[23] იქვე.

[24] Sergey Vasiliev, Aggression against Ukraine: Avenues for Accountability for Core Crimes (EJIL: talk! - Blog of the European Journal of International Law, 03.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3upKx1v>, ნანახია - 10.04.2022. 

[25] იხ. პირველი დეკლარაცია, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3jrj4q9>, ნანახია - 10.04.2022. 

[26] იხ. მეორე დეკლარაცია, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3xixeSy>, ნანახია - 10.04.2022. 

[27] იხ. International Criminal Court official web-site, Statement of the Prosecutor, Fatou Bensouda, on the conclusion of the preliminary examination in the situation in Ukraine (11.12.2020), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3LSIoBp>, ნანახია - 10.04.2022. 

[28] იხ. International Criminal Court official web-site, Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: “I have decided to proceed with opening an investigation.” (28.02.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/38uy0kY>, ნანახია - 10.04.2022.

[29] იხ. International Criminal Court official web-site, Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: Additional Referrals from Japan and North Macedonia; Contact portal launched for provision of information (11.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3xotWNs>, ნანახია - 10.04.2022.

[30] იხ. Vasiliev.

[31] იხ. International Criminal Court official web-site, Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: Receipt of Referrals from 39 States Parties and the Opening of an Investigation (02.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3Jz9Cf6>, ნანახია - 10.04.2022.

[32] იხ.  W. J. Fenrick, “Crimes in combat: the relationship between crimes against humanity and war crimes” (ICC-OTP and individual authors, 2004), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3NVMwTf>, ნანახია - 11.04.2022. 

[33] იხ. Vasiliev.

[34] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 15 bis (5). ასევე იხ. Vasiliev.

[35] იხ. რომის სტატუტი, მუხლი 15 ter. ასევე იხ. Vasiliev.

[36] რაც დასტურდება მრავალი საერთაშორისო ინსტიტუტის, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მიერ (Georgia v. Russia (II), application no. 38263/08, 21.01.2021); ასევე, ევროკავშირის ფაქტების დამდგენმა მისიამ მიუთითა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე რუს ჩინოვნიკებს უკვე ჰქონდათ დე ფაქტო კონტროლი სამხრეთ ოსეთის ინსტიტუტებზე, განსაკუთრებით, კი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორგანოებზე (იხ. Reports of EU Fact-Finding Mission(Volume I, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3rBSpvp>, ნანახია - 10.04.2022; Volume II, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/35X1Nls> ნანახია - 10.04.2022) - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საქართველოს კოალიციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის“ ICC პროკურორს წერილობით მიმართა (შემდგომში „საქართველოს კოალიციის მიმართვა“) (28.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3jlSYF1>, ნანახია - 10.04.2022.

[37] საქართველოს კოალიციის მიმართვა.

[38] იხ. International Criminal Court official web-site, The Prosecutor of the International Criminal Court, Fatou Bensouda, requests judges for authorisation to open an investigation into the Situation in Georgia (13.10.2015), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/37zwCgH>, ნანახია - 10.04.2022. ასევე იხ. International Criminal Court official web-site, Statement of ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, on the Situation in Ukraine: Receipt of Referrals from 39 States Parties and the Opening of an Investigation (02.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3Jz9Cf6>, ნანახია - 10.04.2022.

[39] იხ. Benjamin Gumpert and Yulia Nuzban, Part I: What can be done about the length of proceedings at the ICC? (EJIL: Talks!, 15.11.2019), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3xhM6jX>, ნანახია - 11.04.2022. 

[40] იხ. Vasiliev.

[41] იხ. International Criminal Court official web-site, Decision on the Prosecutor's request for authorization of an investigation,  ICC-01/15-12(27.01.2016), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3vcnTJv>, ნანახია - 11.04.2022. 

[42] იხ. International Criminal Court official web-site, ICC Prosecutor, Karim A.A. Khan QC, announces application for arrest warrants in the Situation in Georgia (10.03.2022), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3jsll4c>, ნანახია - 11.04.2022. 

[43] იხ. Coalition for the International Criminal Court - Sudan, ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3LWbaBq>, ნანახია - 11.04.2022. 

[44] მოცემული ქმედება რა უჩვეულოც არ უნდა იყოს სამართლებრივად, ICC-ის პრაქტიკაში ნამდვილად არ არის პირველი. პირველად მოცემული პრეცედენტი სწორედ რომ აშშ-მ შექმნა. იხ. Human Rights Watch,  United States "Unsigning" Treaty on War Crimes Court (06.05.2002), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/376KK0V>, ნანახია - 11.04.2022. ასევე იხ. Sergey Sayapin, Russia’s Withdrawal of Signature from the Rome Statute Would not Shield its Nationals from Potential Prosecution at the ICC (EJIL: Talks!, 21.11.2016), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3jwyedv>, ნანახია - 11.04.2022. 

[45] იხ. Shaun Walker and Owen Bowcott, Russia withdraws signature from international criminal court statute (The Guardian, 16.11.2016), ხელმისაწვდომია - <https://bit.ly/3v7SQhV>, ნანახია - 11.04.2022.