თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ წარმოებაში მიიღო პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის სარჩელი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას, შევიწროების ფაქტის დადგენას და მისი შეწყვეტის დავალებას, ასევე, მორალური ზიანისათვის სიმბოლური თანხის, ერთი ლარის ანაზღაურებას შეეხება. აღნიშნულ დავაში მოპასუხეები სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის რექტორი და უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შექმნილი ეთიკის კომისიის წევრები არიან.
როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, იაგო კაჭკაჭიშვილის მიმართ ზეწოლა და სამსახურში მტრული გარემოს შექმნა დაიწყო მას შემდეგ, როდესაც მან უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე პლაგიატში ამხილა.
პლაგიატში მხილების საპასუხოდ, 2020 წლის 13 აპრილს, რექტორის ბრძანებით შეიქმნა 7 წევრისაგან შემდგარი სპეციალური კომისია, რომელსაც იაგო კაჭკაჭიშვილის სადოქტორო დისერტაციის შესწავლა დაევალა. კომისიამ 2020 წლის 23 აგვისტოს მოამზადა დასკვნა, რომლითაც იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომში დაადგინა ,,მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.
იაგო კაჭკაჭიშვილი სასამართლოში წარდგენილ სარჩელში ამტკიცებს, რომ კომისიის დასკვნა შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტებს. ამის მიუხედავად, იგი ხელმისაწვდომი გახდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსათვის, ხოლო შემდგომ - მედიის მეშვეობით ფართოდ გავრცელდა. ამით შეილახა პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის საქმიანი რეპუტაცია და აკადემიური კეთილსინდისიერება, რაც მისთვის, როგორც აკადემიურ სფეროში დასაქმებული კეთილსინდისიერი პროფესორისათვის, მნიშვნელოვან ზიანს წარმოადგენს.
პროფესორ იაგო კაჭკაჭიშვილის ინტერესებს სასამართლოში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.