კონფერენციაში, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ინიციატივით 16 თებერვალს გაიმართა 50 ქვეყნის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ მთელი მსოფლიოდან წინასწარ გაგზავნილი ასობით შეკითხვიდან კონფერენციის ორგანიზატორებმა მხოლოდ ოთხ კითხვას უპასუხეს. ამ ოთხი პასუხიდან ერთ-ერთი საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, თამარ ჩუგოშვილის შეკითხვას ეხებოდა.
კითხვა ეხებოდა საქართველოში ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული განვითარების თავსებადობას, კერძოდ, საიამ რჩევა ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტს, თუ როგორ შეიძლება, რომ ეკონომიკური განვითარების მიზეზით არ შეფერხდეს და ეჭვქვეშ არ დადგეს კანონის უზენაესობა.
"თუ არ გექნებათ კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების კომბინაცია, თქვენ ვერ მიაღწევთ მდგრად ეკონომიკას", - ასეთი იყო ვიდეოკონფერენციის მსვლელობისას სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლების პასუხი.
საია მოხარულია, რომ საქართველო მოხვდა იმ ოთხ ქვეყანას შორის, რომელთა კითხვაც ვიდეოკონფერენციის ფარგლებში გაჟღერდა, ხოლო განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მთელი მსოფლიოდან გაგზავნილი ასობით შეკითხვიდან სწორედ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მიიღო პასუხი.
2011 წლის 16 თებერვალს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამართული ღონისძიება მნიშვნელოვანი მორალური მხარდაჭერაა სამოქალაქო საზოგადოებისათვის, რისთვისაც საია მადლობას უხდის როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ასევე აშშ-ის საელჩოს საქართველოში.