სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის სასწავლო ცენტრს, უზრუნველყონ ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესის ღიად და გამჭვირვალედ წარმართვა.
2020 წლის 30 იანვარს, საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის წესი დაამტკიცა. დადგენილების თანახმად, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი აწარმოებს საკონკურსო განაცხადების პირველად შერჩევასა და პროფესიული ტესტირების ადმინისტრირებას, რომლის შედეგებსაც მოწვეული კონსულტანტები შეაფასებენ. ტესტირების შედეგების საფუძველზე გამოკვეთილ 5 კანდიდატს იუსტიციის სასწავლო ცენტრი წარუდგენს საქართველოს მთავრობას, რომელიც, თავის მხრივ, წარდგენილი 5 კანდიდატიდან, 2 კანდიდატს აარჩევს და პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა, წესის მიღებიდან რამდენიმე დღეში, გამოაქვეყნა საკონკურსო პირობები და 10-დღიანი ვადა დაუწესა დაინტერესებულ პირებს საბუთების წარსადგენად. ვადის ამოწურვის შემდეგ იუსტიციის სასწავლო ცენტრმა განაცხადების მიღების ვადა დამატებით 1 კვირით, 21 თებერვლამდე გაახანგრძლივა.
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს მოსამართლეობის კანდიდატების სია საქართველოს მთავრობისთვის 23 თებერვლამდე უნდა წარედგინა. თუმცა, საქართველოს მთავრობის მიერ მიმდინარე წლის 21 თებერვალს მიღებული დადგენილებით, ცვლილება შევიდა კანდიდატთა შერჩევის წესში და მთავრობისთვის წარსადგენი კანდიდატების ვადა 6 მარტამდე გახანგრძლივდა.
შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, კვლავ ბუნდოვანი რჩება, რა მოთხოვნებისა და პროცედურების გათვალისწინებით არჩევს მთავრობა სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ მისთვის წარდგენილი 5 კანდიდატიდან 2 პირს. ასევე, საქართველოს კოალიციის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შეტანილი ცვლილებები არ შეხებია არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფას მოსამართლეთა შერჩევის პროცესში.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ როგორც განაცხადების წარდგენის, ასევე, მთავრობისთვის კანდიდატების წარდგენის ვადა უკვე ამოიწურა, სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია კონკურსში მონაწილე კანდიდატების სია. მსგავსი სია არც საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევის შემდეგ გამოქვეყნებულა და არც ამ ეტაპზეა ცნობილი, ვინ მოხვდა მთავრობისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის.
შესაბამისად, ეროვნულ დონეზე ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესი არ მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ და საზოგადოებისთვის უცნობია პროცესის მიმდინარეობა.
საქართველოს, ამ დრომდე, არ ჰყოლია ჰააგის სასამართლოში მოსამართლე და, მეორე მხრივ, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ საქართველოს სიტუაციაზე 4 წელია, რაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, დიდია საზოგადოების მხრიდან ინტერესი მიმდინარე კონკურსის მიმართ. ამ პირობებში, ნომინირების პროცესის გამჭვირვალედ და სამართლიანად წარმართვისთვის, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრს, იხელმძღვანელონ ღიაობის სტანდარტით, უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება ჰააგის სასამართლოში საქართველოდან წარსადგენი მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით და ამ მიზნით, გამოაქვეყნონ:
- კონკურსში მონაწილეობის მიზნით სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შეტანილი განაცხადები წარდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად და კანდიდატთა პირველადი სია;
- საკონკურსო განაცხადების პირველადი გადარჩევის შესახებ ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და გადარჩევის შედეგად არჩეულ კანდიდატთა სია;
- კონკურსანტებთან ჩატარებული ტესტირების შედეგები თითოეული კანდიდატის ვინაობის და მათ მიერ მიღებული ქულების მითითებით;
- ცენტრის მიერ მოწვეული კონსულტანტების ვინაობა;
- საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენი 5 კანდიდატის ვინაობა.
საქართველოს კოალიცია აგრძელებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე დაკვირვებას და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საერთაშორისო მართლმსაჯულება (Justice International)
კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი (ICCN)
კონსტიტუციის 42-ე მუხლი (Article 42)
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)