სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მიესალმება ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორატის გადაწყვეტილებას, 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულთა დასახმარებლად საქართველოში მხარდამჭერი მანდატის განხორციელება დაიწყოს.
აგვისტოს ომიდან 12 წლის შემდეგ დაზარალებულებს განსახლების ადგილებში და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში უწევთ ცხოვრება ამ კუთხით აღსანიშნავია მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, დასაქმების შესაძლებლობების არარსებობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა, სამედიცინო სერვისების უქონლობა, საარსებო წყაროების და განათლების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა. COVID-19-ის პანდემიამ დაზარალებულთა ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. გაუარესებული პირობები კი ხელს უწყობს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მიღებული ტრავმის გაცოცხლებას. საქართველოს კოალიციის მიერ გამოცემული ანგარიში „10 წელი აგვისტოს ომიდან – დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ დეტალურად აღწერს იმ პრობლემებს, რასაც დაზარალებულები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.
ანგარიშის საფუძველზე გამოვლენილი პრობლემების ადვოკატირების მიზნით, საქართველოს კოალიციამ არაერთი შეხვედრა გამართა დაზარალებულთა ნდობის ფონდთან. შედეგად, დაზარალებულთა ნდობის ფონდმა აგვისტოს ომის დაზარალებულთა მდგომარეობის შეფასება დაიწყო. შეფასება მიზნად ისახავდა იმ საკითხების გამოვლენას, თუ რა ზიანი მიადგათ პირებს აგვისტოს ომის შედეგად და რა გავლენა ჰქონდა აღნიშნულს მსხვერპლთა ამჟამინდელ მდგომარეობაზე. ამ პერიოდში საქართველოს კოალიცია აქტიურად თანამშრომლობდა ნდობის ფონდთან და დაზარალებულთა მდგომარეობის სათანადო შეფასებისთვის არაერთი ინფორმაცია მიაწოდა ფონდს.
დაზარალებულთა ნდობის ფონდმა გადაწყვეტილება საქართველოში მხარდამჭერი მანდატის დაწყების შესახებ, შეფასების დასრულების შემდეგ, 2020 წლის 10 ნოემბერს მიიღო. აღნიშნული ინფორმაცია ფართე საზოგადოებისთვის 2020 წლის 1 დეკემბერს გახდა ცნობილი. ნდობის ფონდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამა განკუთვნილია 2008 წლის ომის დაზარალებულებისთვის, რომლებიც დევნილთა დასახლებებში და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს რამდენიმე სახის დახმარებას, მათ შორის, სამედიცინო მკურნალობას, ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას და მატერიალურ მხარდაჭერას საარსებო მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე 3 წლის განმავლობაში განხორციელდება. ნდობის ფონდის განმარტებით, პროგრამის შესახებ დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებთან შემდგომი კონსულტაციების შემდეგ გამოქვეყნდება.
საქართველოს კოალიცია მიესალმება დაზარალებულთა ნდობის ფონდის გადაწყვეტილებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ სიტუაციაში, ფონდის მიერ კონკრეტული მხარდამჭერი პროგრამების განხორციელების დაწყება არსებითი მნიშვნელობისაა დაზარალებულებისთვის მათი არსებული ყოფის შესამსუბუქებლად.
საქართველოს კოალიცია, თავის მხრივ, გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა დაზარალებულთა ნდობის ფონდთან და ხელი შეუწყოს მხარდამჭერი მანდატის დროულ და ეფექტიან განხორციელებას.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
უფლებები საქართველო
წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT)
საერთაშორისო სამართლიანობა (Justice International)