სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საიამ „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდარტები“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გამართა

2020-04-14 14:19
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის 14 აპრილს 14:00 საათზე „აღკვეთის ღონისძიების გამოყენების სტანდატები“ კვლევის ონლაინ პრეზენტაცია გამართა.

კვლევის მიზნებისთვის გაანალიზდა ადგილობრივი კანონმდებლობა. კვლევის დროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენდა აღკვეთის ღონისძიებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს, გატარებული რეფორმებისა და მის საფუძველზე განვითარებული პრაქტიკის შეფასება. კვლევაში მიმოხილულია სისხლის სამართალწარმოებაში არსებული აღკვეთის ღონისძიების შესახებ საერთაშორისო სტანდარტები, ასევე, შეჯამებულია ამ სტანდარტების დანერგვის კუთხით ეროვნულ იურისდიქციებში არსებული დაბრკოლებები და საუკეთესო პრაქტიკა. კვლევის ფარგლებში ინტერვიუები ჩატარდა 13 მოსამართლესთან, ასევე, შედგა ფოკუსჯგუფი ადვოკატთა ასოციაციის სისხლის სამართლის კომიტეტთან, გამოკითხვა ჩატარდა 15 პროკურორთან და, დამატებით, 6 ადვოკატთან. 

კვლევის შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:

- ქართული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, პატიმრობა არ უნდა იყოს საწყისი წერტილი აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, არამედ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველა სხვა ღონისძიება მიჩნეული იქნება მიზანშეუწონლად.

- უზენაესი სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წლიდან გაზრდილია პატიმრობის გამოყენების მაჩვენებელი. კერძოდ, წლების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი პროცენტებში ასე გამოიყურება: 2016 წელი – 29%, 2017 წელი – 34%, 2018 წელი – 43%, 2019 წლის 11 თვის მონაცემებით კი – 47%.

- ინტერვიუებში მოსამართლეების, ადვოკატების და პროკურორების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს და პატიმრობის გამოყენების მაღალ მაჩვენებელს განაპირობებს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიების სახეების დეფიციტი, რაც მოსამართლეს ართმევს ფართო დისკრეციას. 

- კვლევის ფარგლებში გამოკითხული ადვოკატები მიუთითებენ, რომ  პრაქტიკაში პატიმრობის პერიოდულ გადასინჯვას აქვს ფორმალური ხასიათი და სასამართლო, ძირითადად, პატიმრობას კვლავ ძალაში ტოვებს ისე, რომ სასამართლო სხდომაზე მის აუცილებლობას არ ასაბუთებს.

- საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხო ქვეყნების პრაქტიკის ანალიზმა აჩვენა, რომ ფულადი გირაო წარმოშობს უთანასწორობას სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკურ და რასობრივ ჯგუფებს შორის და იწვევს სისხლის სამართლის სისტემისადმი ნდობის დაკარგვას. 

- გამოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის ანალიზმა ცხადყო, რომ არის შემთხვევები, როდესაც პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, თუმცა, გირაოს თანხის გადაუხდელობის გამო ბრალდებული რჩება პატიმრობაში, რაც დე ფაქტო ნიშნავს სასამართლოს მხრიდან პატიმრობის გამოყენებას. 

აღკვეთის ღონისძიების სახეების ფართო სპექტრი

- საერთაშორისო სტანდარტებისა და უცხო ქვეყნების პრაქტიკამ აჩვენა, რომ არ არსებობს ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების საერთაშორისო დონეზე დადგენილი ნუსხა. აუცილებელია, ეროვნულმა კანონმდებლობამ უზრუნველყოს ეფექტური ალტერნატიული აღკვეთის ღონისძიებების ფართო სპექტრი, რაც სასამართლოებს მათი გამოყენებისთვის ფართო დისკრეციას მიანიჭებს. 

- ინტერვიუებმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე პროკურორების, ადვოკატების და მოსამართლეების დიდი ნაწილი ემხრობა იდეას, მოეხსნას შეზღუდვა გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებით დადგენილ ნორმას, რომელიც ითვალისწინებს მის გამოყენებას მხოლოდ იმ დანაშაულებზე, რომლებისთვისაც გათვალისწინებულია 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. 

- გამოკითხულ მოსამართლეთა და პროკურორთა მცირე ნაწილი, ასევე, ადვოკატების დიდი ნაწილი ემხრობა იდეას, რომ დამატებითი აღკვეთის ღონისძიების სახეების გამოყენება შესაძლებელი გახდეს დამოუკიდებლად, როგორც ძირითადი აღკვეთის ღონისძიებები.

- ინტერვიუებმა აჩვენა, რომ მოსამართლეთა და ადვოკატთა აბსოლუტური უმრავლესობა, ასევე, პროკურორების მცირე ნაწილი ემხრობა იდეას, გაიზარდოს ძირითადი აღკვეთის ღონისძიების სახეები, რაც მისცემს სასამართლოს ფართო დისკრეციას აღკვეთის ღონისძიების სახეების გამოყენებასთან დაკავშირებით. 

გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები და საკანონმდებლო წინადადებები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოხერხდება აღკვეთის ღონისძიებათა სისტემის იმგვარი კონცეფციის შემუშავება, რომელიც დაუახლოვდება მაღალ სტანდარტებს და უზრუნველყოფს ბრალდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას. 

 

 

კვლევა საიას მიერ განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით, პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) მეშვეობით, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ახორციელებს.