სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

აგიტაციაში უკანონო მონაწილეობა და აგიტაციის წესების დარღვევა

2016-09-08 17:43
Featured image

ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელის სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და უკანონო აგიტაციის განხორციელებისათვის ცალკე საკანონმდებლო რეგულაციები არ არსებობს. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კი, საარჩევნო დარღვევების ბუნებაც ტრანსფორმირდა და რიგ შემთხვევებში ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა, რისი ნათელი მაგალითია სოციალური ქსელის (მათ შორის Facebook) საშუალებით აგიტაცია  და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან ვიდეო ტრანსლირების განხორციელება და უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩართვა ამ გზით წინასაარჩევნო აგიტაციაში.

ვფიქრობთ, ქვემოაღწერილ შემთხვევებში ადგილი აქვს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას, რომელიც ერთის მხრივ გამოიხატება საჯარო მოხელის მხრიდან სამუშაო საათების პერიოდში სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, სააგიტაციო ინფორმაციის გაზიარებით, ხოლო მეორე მხრივ უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩართვით წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხო ქვეყნის ტერიტორიიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გამოვლენილმა ფაქტებმა გარკვეული ხარვეზებიც გამოავლინა საკანონმდებლო დონეზე. ინტერნეტ სივრცისა და სოციალური ქსელის ( მათ შორის Facebook) სააგიტაციო მიზნებისთვის გამოყენებისა და უკანონო აგიტაციის განხორციელებისათვის ცალკე საკანონმდებლო რეგულაციები არ არსებობს და სამწუხაროდ არც არსებული რეგულაციების პროგრესული განმარტება მოხდა, რამაც ამ სივრცეში  კანონდარღვევების განხორციელებისა და დაუსჯელობის სინდრომის რისკი გაზარდა.   

გთავაზობთ ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულ რამდენიმე ფაქტს:

2016  წლის  24 ივლისს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ამჟამად უკრაინის მოქალაქემ, უკრაინის  ქალაქ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა სავარაუდოდ წინასაარჩევნო აგიტაცია კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. კერძოდ:  გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატის რამინ ბაირამოვის წარდგენაზე გარდაბნის მოსახლეობას ინტერნეტით მიმართა და მაჟორიტარობის კადიდატის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა.

ანალოგიური დარღვევა მოხდა 2016 წლის 31 ივლისს,  მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანება „ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობის“  მიერ დაგეგმილ საჯარო შეხვედრაზე ქ.ბათუმში, სადაც 2016 წლის 08 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო და აჭარის არ უმაღლეს საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ამომრჩევლებს წარედგინა მაჟორიტარობის კანდიდატები. ამავე შეხვედრაზე გავრცელდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ვიდეო მიმართვა , რომელიც აშკარად შეიცავდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობისათვის მხარდაჭერის მოწოდებას. 

აგიტაციის წესების დარღვევისათვის საიამ საარჩევნო ადმინისტრაციას განცხადებით მიმართა.

საარჩევნო ადმინისტრაციამ არ გაითვალისწინა საიას მოსაზრება აგიტაციის წესების დარღვევაზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ვერ ჩაითვლება სამართალდარღვევად, ვინაიდან მისი ჩადენა არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე. გადაწყვეტილება საიამ სასამართლოში გაასაჩივრა.

 

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საორგანიზაციო და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი ლევან გოგელაშვილმა სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით 2016 წლის 16, 18, 19 აგვისტოს სამუშაო საათების განმავლობაში განათავსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი ინფორმაცია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მერი გოგოლაურმასოფო (ნანამესხმა და  ინგა დიაკონოვამ თავიანთ ფეისბუკ გვერდზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი კოპაძის ვიდეო სამუშაო საათების  განმავლობაში გააზიარეს.

სოციალური ქსელის მეშვეობით, წინასაარჩევნო აგიტაციაში, პოლიციის თანამშრომლის  მონაწილეობადაფიქსირდა.

2016 წლის 25 აგვისტოს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მოსულიშვილმა, სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, პირად გვერდზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის სააგიტაციო გვერდიდან („დავით სონღულაშვილი გურჯაანის მაჟორიტარად“), გააზიარა მოსახლეობასთან შეხვედრის ამსახველი ფოტო.

მედიაში 6 სექტემბერს  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შოთა მოსულიშვილი კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსად დაინიშნა.

წინასაარჩევნო აგიტაციითვის სოციალური მედიის გამოყნების ხერხს, იმერეთში გუბერნატორის მოადგილემაც მიმართა.

1, 4, 5 ივლისს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია სოციალური ქსელის (Facebook) საშუალებით, სამუშაო საათების განმავლობაში განათავსა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“-ს მხარდამჭერი ინფორმაცია. რაც საარჩევნო კოდექსის მიხედვით წარმოადგენს აგიტაციის წესების დარღვევას.

საიამ აგიტაციის წესების დარღვევისათვის საარჩევნო ადმინისტრაციასა და უწყებათშორის კომისიას მიმართა.

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიამ საიას განცხადება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ გუბერნატორის მოადგილეს არ გამოუყენებია ოფიციალური გვერდი და მას მითითებული ქმედებით მონაწილეობა არ მიუღია წინასაარჩევნო აგიტაციაში.

მიგვაჩნია, რომ სოციალური ქსელის მეშვეობით ინფორმაციის გაზიარება თავისუფლად ექცევა ‘’ნებისმიერი საჯარო მოქმედების’’ ცნებაში.  ამას ემატება ისიც, რომ დღესდღეობით ტექნოლოგიების სწრაფი  განვითარებისა და მზარდი მოთხოვნილებების ფონზე, სოციალურ ქსელებში განთავსებული ინფორმაცია გაცილებით მეტი ადამიანისათვის არის ხელმისაწვდომი ვიდრე კომუნიკაციის სხვა საშუალებებით.