22 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა დოლიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მეშვიდე საპყრობილეში იმყოფებოდა. მან სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილები – შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები - ალანია, აფციაური, ბიბილური და ღაჭავა მოინახულა.
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ანა დოლიძეს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება, ნებართვის გარეშე შევიდეს ნებისმიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რათა გაეცნოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და რეკომენდაციები მიაწოდოს საქართველოს პრეზიდენტს.
ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული ოთხივე პიროვნება კვლავაც ერთ საკანში იმყოფება, რაც საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევაა. “პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის 86-ე მუხლის მიხედვით ”ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე”.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა ერთ საკანში განთავსებას, რაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების არაობიექტურ მიმდინარეობაზე მიუთითებს და უერთდება საქართველოს სახალხო დამცველის მოწოდებას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ, რათა მან დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.