სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება

2023-02-02 16:39
Featured image

 

საიამ, 2023 წლის 02 თებერვალს, კვლევის „გარემოს დაცვის სისხლისსამართლებრივი რეგულირება“ - პრეზენტაცია გამართა. 

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა გარემოს დაცვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც უზრუნველყოფს დანაშაულთან ქმედით ბრძოლას და ამ სფეროში არსებული იმ დირექტივების ეფექტიან იმპლემენტაციას, რომელთა ეროვნულ დონეზე დანერგვის ვალდებულება საქართველომ  ასოცირების შეთანხმების ფარგლებში აიღო. ამ მიზნით კვლევა საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან  შესაბამისობის დადგენის მიზნით, განიხილავს ევროკავშირის 2008/99/EC დირექტივას სისხლის სამართლოს გზით გარემოს დაცვის შესახებ, ასევე ახალი დირექტივის პროექტს, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს ზემოთ მითითებული დირექტივა. კვლევაში მიმოხილულია   რა სახის დანაშაულებს იცნობს ევროკავშირი და კონკრეტული ქვეყნების კანონმდებლობები გარემოს დაცვის სფეროში, რა სანქციებია გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისათვის და რამდენად ქმედითია ისინი პრაქტიკაში. კვლევაში გამოყენებულია კომპარატივისტიკის მეთოდი. დოკუმენტი შეისწავლის  რა საკანონმდებლო ჩარჩო არსებობს გარემოსდაცვით დანაშაულთან ბრძოლის კუთხით ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: გერმანია, შვედეთი და ლიეტუვა.  ქვეყნები შერჩეულია სხვადასხვა კრიტერიუმით, მათ შორის, რამდენად წარმატებულია ეს ქვეყანა გარემოს დაცვის სფეროში, რამდენად რელევანტურია მასთან საქართველოს შედარება საკანონმდებლო თვალსაზრისით. 

გარდა ამისა, კვლევაში წარმოდგენილია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების შესახებ ქართული კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. შესწავლილი და დამუშავებულია ამ ტიპის დანაშაულების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები, ასევე ადმინისტრაციულ  სახდელდებასთან დაკავშირებით სასამართლო გადაწყვეტილებები/დადგენილებები. 

კვლევის მიზნებისთვის გაანალიზებულია  შესაბამისი უწყებებიდან -საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და გენერალური პროკურატურიდან  მოწოდებული რელევანტური საჯარო ინფორმაცია, გამოძიებისა და დევნის დაწყების მაჩვენებლები, დანაშაულის სტატისტიკა. 

საჯარო ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, რომ დაბალია გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გახსნის მაჩვენებელი, ასევე, 2021 წლის მონაცემებით არცერთ შემთხვევაში დაწყებულა იურიდიული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი  მიგნებების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობის დახვეწის, ევროკავშირის სამართალთან მისი მეტად დაახლოებისა და ჰარმონიზაციის, ასევე, პრაქტიკაში აღსრულების კუთხით გამოვლენილი პრობლემების გამოსწორების მიზნით, საიამ შეიმუშავა შემდეგი რეკომენდაციები:

- გარემოს, ასევე ადამიანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საჭიროა, ეროვნულ დონეზე პრიორიტეტულად გამოცხადდეს გარემოსდაცვით დანაშაულთან ბრძოლა. უნდა არსებობდეს დეტალური და ყოვლისმომცველი ეროვნული სტრატეგია კონკრეტული ტიპის დანაშაულებთან ბრძოლის თაობაზე. ეროვნულ სტრატეგიაში უნდა აისახოს თანამშრომლობის საჭიროება  სხვადასხვა უწყებას შორის, როგორებიცაა პოლიცია, პროკურატურა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, გარემოს ეროვნული სააგენტო, ეროვნული სატყეო სააგენტო და ა.შ.

- სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება საჭიროა მაშინაც, როდესაც სახეზეა არა უშუალოდ ზიანი, არამედ გარემოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების საფრთხე. გარემოს დაცვის სფეროში ამგვარ მიდგომას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლი ითვალისწინებს, თუმცა, აუცილებელია, ის სხვა შემთხვევებზეც გავრცელდეს;

- განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილება-გაიზარდოს ქართულ კანონმდებლობაში იმ დანაშაულთა წრე, რომელთა ჩადენის შემთხვევაში იურიდიულ პირებსაც დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა;

- იურიდიული პირებისთვის განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს შედარებით მკაცრი, რათა მას ჰქონდეს სათანადო შემაკავებელი ძალა და უზრუნველყოს  დანაშაულის პრევენცია.

- გარემოსდაცვითი დანაშაულის გამოსავლენად აუცილებელია, შესაბამისმა უწყებებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში გაამკაცრონ ამა თუ იმ ნებადართული და ლიცენზირებული საქმიანობის კონტროლი, გაზარდონ მათი შემოწმების სიხშირე, ასევე გააუმჯობესონ სხვა უკანონო ქმედებების მონიტორინგი. ამას კი სჭირდება, როგორც ადამიანური რესურსი, ისე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

- აუცილებელია, გაიზარდოს გარემოს დაცვის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობა; 

- ბრალდების ორგანოებმა  და სასამართლომ უნდა შეარჩიონ აღკვეთის იმგვარი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას; 

- სასამართლომ უნდა გამოიყენოს ადეკვატური სასჯელები, რომლებსაც ექნება პრევენციული ხასიათი და, შესაძლებლობის შემთხვევაში, მიმართული იქნება გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრისკენ;

- უაღრესად მნიშვნელოვანია, გარემოსთვის მიყენებულ რეალურ ზიანს შეესაბამებოდეს მისი გამოანგარიშების წესი;

- სასამართლომ მეტი მგრძნობელობა უნდა გამოავლინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით. ამგვარი საქმეების განხილვები არ უნდა იყოს მხოლოდ ფორმალური, ხოლო დაკისრებულ სახდელებს უნდა ჰქონდეს რეალურად შემაკავებელი ძალა.

 

იხილეთ კვლევა

კვლევა მომზადებულია  ფონდ „პური მსოფლიოსათვის პროტესტანტული განვითარების სამსახურის“ (BFDW) მხარდაჭერით.