კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს, გამოეხმაუროს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონსა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი შესწორებების შესახებ.
აღნიშნული ცვლილებები შეეხება შემდეგ საკითხებს:
- საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ორგანოს - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე"-ს მიერ მისი გამოქვეყნების შემდეგ და არა გადაწყვეტილების სასამართლო დარბაზში საჯაროდ გამოცხადებისთანავე, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობით და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკით არის დადგენილი. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაერთოს საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ხელმოწერა, ასევე წერილობითი ფორმით მოსამართლის თანმხვედრი ან განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნებაზე უარი დასაშვები იქნება, თუ იგი ზემოაღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევით იქნება წარდგენილი.
- არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები.
- საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ სრულ შემადგენლობას (პლენუმს) შეეძლება. მოქმედი კანონმდებლობით, ნორმის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასმართლოს კოლეგიასაც აქვს, რომელშიც 4 მოსამართლეა.
- საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებს შორის საქმეთა თანაბარი განაწილების პრინციპის ნაცვლად, სავალდებულო ხდება საქმეთა განაწილება რიგითობის წესის მიხედვით. მომხსენებელი მოსამართლეების შერჩევა ავტომატური, ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით მოხდება. ცვლილებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მოადგილეების და მდივნის არჩევის წესს. ასევე, ზუსტდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახლადარჩეული წევრის უფლებამოსილების დაწყების წესი.
კოალიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების სისტემის, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, რეფორმების განხორციელების საჭიროება კრიტიკის საგანს ან მოულოდნელობას არ წარმოადგენს. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ცვლილებები არ ქმნიდეს განცდას, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული რეფორმა, საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილების შინაარსით გამოწვეული უკმაყოფილებით არის განპირობებული და მმართველი პოლიტიკური ძალის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაზე ერთგვარ რეაქციას წარმოადგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირების ან/და რაიმე ტიპის ცვლილების მიზეზი, არ უნდა გახდეს ის გარემოება, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება უკმაყოფილოა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობით და მის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შინაარსით.
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში განსახორციელებელი/მიმდინარე რეფორმები, რომელსაც ხელისუფლების სხვა შტოები უძღვებიან, სათანადოდ იყოს განხილული თავად სასამართლოსთან და გათვალისწინებული იყოს მათი პოზიცია რეფორმის დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპზე. ვენეციის კომისიის 2016 წლის 12 მარტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ევროპული კონსტიტუციური კულტურა გულისხმობს, საკონსტიტუციო სასამართლოების ჩართვას იმ რეფორმების პროცესში, რომლებიც ეხება თვითონ სასამართლოს. ვენეციის კომისიის მითითებით, სასამართლოებს, ეძლევათ შესაძლებლობა, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები განსახორციელებელ რეფორმებზე, ხშირ შემთხვევაში კი, უშუალოდ ჩაერთონ რეფორმის დაგეგმვის პროცესშიც. აღნიშული ემსახურება დამატებითი ჩართულობის და გამოცდილების გაზიარების უზრუნველყოფას. სამწუხაროა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები დახურულ კარს მიღმა შემუშავდა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის და შესაბამისი განხილვების თუ დისკუსიების გარეშე.
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლა მისი „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნების მომენტიდან, საფრთხეს შეუქმნის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი კონსტიტუციური მართლმსაჯულების განხორციელებას ისევე როგორც, გამოიწვევს ადამიანის უფლებების არამართლზომიერ შეზღუდვას.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის საკითხი, აქტუალური გახდა სასამართლოს მიერ გიორგი უგულავას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ. იუსტიციის მინისტრი აცხადებდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში უნდა შესულიყო მისი საკონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების შემდეგ და სასამართლოს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს.
ინიცირებული ცვლილება, საფრთხეს უქმნის ეფექტური და ხელისუფლების სხვა შტოებისგან დამოუკიდებელი კონსტიტუციური კონტროლის განხორციელებას, რადგან სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლას უკავშირებს აღმასრულებელი ხელისუფლების შტოში შემავალი ორგანოს მიერ მის გამოქვეყნებას. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის მინისტრის პასუხად, ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომაც გაავრცელა განცხადება. სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლობისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შედის სასამართლო დარბაზში მისი გამოცხადების მომენტიდან, არ არის და არც უნდა იყოს დამოკიდებული აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მის გამოქვეყნებაზე. საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში გადაწყვეტილების გამოცხადება, ემსახურება გადაწყვეტილების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას და იგი არ შეიძლება განხილულ იქნას გადაწყვეტილების ძალაში შესვლის წინა პირობად.
მოცემულ კონტექსტში, მნიშვნელოვანია, იმის აღნიშვნაც, რომ ინიცირებული ცვლილებებით „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უფლებამოსილი ხდება არ გამოაქვეყნოს სასამართლოს გადაწყვეტილება, თუ მას თან არ ახლავს საქმის განხილვაში მონაწილე ყველა მოსამართლის ხელმოწერა და მოსამართლის თანმხვედრი ან განსხვავებული აზრი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
ნათელია, რომ აღნიშნული ცვლილება მოტივირებულია გიორგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებისას განვითარებული მოვლენებით, როცა საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე უარს აცხადებდა გადაწყვეტილების ხელის მოწერაზე. მიუხედავად ამისა, საკონსტიტუციო სასამართლოს დანარჩენი 8 მოსამართლის ხელმოწერით, გადაწყვეტილება სასამართლოს სხდომის დარბაზში გამოცხადებისთანავე ძალაში შევიდა, რის საფუძველზეც, თბილისის საქალაქო სასამართლომ, გიორგი უგულავა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა.
აღნიშნულს მკვეთრად უარყოფითი რეაქციები მოყვა იუსტიციის მინისტრის მხრიდან და საპასუხოდ დააანონსა ის ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ იქნა ინიცირებული ამ კანონპროექტთა პაკეტით.
კოალიცია ამ განცხადების ფორმატში, არ აფასებს აღნიშნული კონკრეტული საქმის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, თუმცა ინიცირებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად აჩენს რისკებს უმცირესობაში მყოფი მოსამართლეების მხრიდან შეფერხდეს სასამართლოს წევრთა უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ეფექტური აღსრულება, მითუმეტეს იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლას მოსარჩელის უფლებების პრაქტიკული რეალიზებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
2. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს აეკრძალება ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები, ამ შემთხევაში, შეიზღუდება კონსტიტუციით გათვალისწინებულ მოსამართლის უფლებამოსილების 10 წლიან ვადა, რაც კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. ამასთანავე, სასამართლო საკუთარ უფლებამოსილებებს კონკრეტულ კომპეტენციებთან მიმართებით ვერ განახორციელებს.
მკვეთრად უარყოფითად უნდა შეფასდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმა, რომლის თანახმად, არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩენილია 3 თვეზე ნაკლები.
საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადად განსაზღვრულია 10 წელი, რაც თავისთავად უნდა გულისხმობდეს მოსამართლის მიერ ამ ვადის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების სრულყოფილ განხორციელებას. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილება, რიგ შემთხვევაში, შესაძლოა, საფრთხეს უქმნიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეთა უფლებების ეფექტურ დაცვას. კერძოდ, 2016 წლის 30 სექტემბერს, სასამართლოს მოქმედ 4 წევრს ეწურება უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა. შესაბამისად, თუ ბოლო 3 თვის მანძილზე, ახალ საქმეებზე მხოლოდ ხუთი უფლებამოსილი მოსამართლე იქნება, ამ პერიოდში, თუნდაც მოსარჩელეს გამოუსწორებელი ზიანი ადგებოდეს, შეუძლებელი ხდება სადავო ნორმის შეჩერება, რადგან ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია, რომ ნორმის შეჩერების უფლებამოსილება მხოლოდ პლენუმს ექნება, პლენუმი კი, თავის მხრივ, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ საქმის განხილვაში სულ მცირე 6 მოსამართლე მონაწილეობს.
ამასთანავე, გვსურს, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს სპეციფიკური კომპეტენციები, რომლის ფარგლებშიც, დავის გადაწყვეტისთვის კანონმდებლობით შემჭიდროვებული ვადებია განსაზღვრული. ამ კომპეტენციათაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია არჩევნებთან დაკავშირებული დავების განხილვა. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩასატარებელი არჩევნების ან რეფერენდუმის კონსტიტუციურობის შესახებ კონსტიტუციური სარჩელის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანიდან. მოცემული ცვლილებებით კი, ფაქტობრივად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმევა შესაძლებლობა განახორციელოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებები. მით უფრო, მოცემულ შემთხვევაში, მოსამართლეების სამთვიანი ვადით შეზღუდვა წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა, რაც ცვლილების პოლიტიკურ მოტივაციაზე აჩენს ეჭვებს. ამასთანავე, დაუშვებელია, საარჩევნო პროცესის სასამართლო ზედამხედველობის გარეშე დატოვება, რაც თავად არჩევნების ლეგიტიმურობასა და კონსტიტუციურობას ეჭვქვეშ აყენებს.
3. სადავო ნორმის შეჩერება საკონსტიტუციო სასამართლოს მხოლოდ სრული შემადგენლობით, შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, ართულებდეს სასამართლოს ეფექტურ ფუნქციონირებას.
საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტურად და ოპერატიულად ფუნქციონირებას ართულებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნორმის შეჩერების წესთან დაკავშირებით ინიცირებული ცვლილება. მოქმედი რეგულაციით, ნორმის შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ საქმის განმხილველი კოლეგია (4 მოსამართლის შემადგენლობით), საქმეში მონაწილეთა უმრავლესობით. შემოთავაზებული კანონპროექტით კი, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის მოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, (9 მოსამართლის შემადგენლობით) რომელსაც შეუძლია სრული შემადგენლობის უმრავლესობით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი ნაწილის მოქმედება.
გასათვალისწინებელია, სადავო ნორმის შეჩერების ინსტიტუტის არსი და დანიშნულება. კერძოდ, იგი ემსახურება მოსარჩელე მხარისთვის გამოუსწორებელი შედეგის თავიდან აცილებას სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, რიგ შემთხვევებში, მოსარჩელეთა უფლების ეფექტური დაცვისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მყისიერ მოქმედებას. სახელმწიფოს აქვს როგორც კონსტიტუციური, ასევე საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებები უზრუნველყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს უფლებების ეფექტურად დაცვას. სასამართლოს მიერ სადავო ნორმის შეჩერების უფლებამოსილების კონტექსტში, საკითხის დროულ ვადაში განხილვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც თავიდან იქნას აცილებული პირისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება.
საქმის განმხილველი კოლეგიის მიერ საკითხის პლენუმზე გადაცემის ვალდებულება კი გულისხმობს, საკითხის განხილვას მინიმუმ 6 მოსამართლის მონაწილეობით, რაც ოპერატიულობის თვალსაზრისით, რიგ შემთხვევაში, შეიძლება პრობლემური გახდეს და ხელი შეუშალოს მოსარჩელის უფლების ეფექტურ დაცვას.
ამასთან, გაუგებარია, თუ რა რაციონალურ-სამართლებრივ საფუძველს ემყარება წარმოდგენილი ცვლილების პროექტი. კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია მოქმედებს როგორც საკონსტიტუციო სასამართლო და იგი უფლებამოსილია, სადავო ნორმატიული აქტი არაკონსტიტუციურად ცნოს. ამ პირობებში, გაუგებარია, თუ რა ლეგიტიმურ ინტერესს ემსახურება კოლეგიის შეზღუდვა, შეაჩეროს სადავო ნორმის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. აღნიშნული აჩენს ეჭვს, რომ ინიცირებული ცვლილება წარმოადგენს ხელისუფლების ნეგატიურ რეაქციას “რუსთავი 2”-ის საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებითაც საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, 4 მოსამართლის შემადგენლობით, შეაჩერა სადავო ნორმების მოქმედება შემჭიდროვებულ ვადებში, რათა მოსარჩელის უფლებებისთვის გამოუსწორებელი ზიანი არ დამდგარიყო. აღნიშნულ გარემოებას ამყარებს ის ფაქტიც, რომ იუსტიციის მინისტრმა საჯარო განცხადებით ეჭვი შეიტანა საქმის განმხილველი კოლეგიის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობაში.
კოალიცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პოლიტიკური სისტემა მოწოდებული უნდა იყოს სასამართლოს ინსტიტუციური გაძლიერებისკენ. პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან სასამართლო სისტემაში სამართლებრივი რეფორმების ინიცირება და მისი შინაარსი არ უნდა წარმოადგენდეს სასამართლოს მიერ მიღებულ ან/და მის სამომავლო გადაწყვეტილებებზე უხეშ, დაუსაბუთებელ რეაგირებას. ამგვარი დამოკიდებულება საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის ეფექტურ ფუნქციონირებას და, შესაბამისად, ეჭვქვეშ აყენებს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებების ეფექტურ დაცვას ქვეყანაში.
ამასთანავე, თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ ხელისუფლებას წარმოდგენილ კანონპროექტზე სამართლებრივი დასკვნის მომზადების თხოვნით მიმართოს ვენეციის კომისიას.