სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განცხადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით

2017-08-31 17:48
Featured image

29 აგვისტოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ევროპის საბჭოს მიერ დაწუნებული კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით 2 ახალი კანდიდატი შეარჩია. კოალიციის შეფასებით, კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისიის შემადგენლობა და მუშაობის წესი, ისევე როგორც დამდგარი შედეგი კვლავაც უსამართლოა და არ აკმაყოფილებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს.

როგორც ცნობილია, სპეციალური სამთავრობო კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატების სია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორჯერ უკვე იქნა დაწუნებული. კოალიციამ როგორც პირველი, ისე მეორეკონკურსის მიმდინარეობისას არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია და გამოკვეთა ის ხარვეზები, რომლებიც მოსამართლეთა კანდიდატების კონკურსის მიმდინარეობას ახლდა თან. კომისიის საქმიანობაში ჩვენმა უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავდა წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრის უზრუნველყოფას. გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას, გაუმართლებელი იქნებოდა მოლოდინი, რომ მესამედ ამ შემადგენლობის პირობებში და იმავე პროცედურებით კონკურსი ობიექტურად ჩაივლიდა. სწორედ ამიტომ, კოალიციამ მეორედ ჩავარდნილი კანდიდატების ჩანაცვლების მიზნით გამართულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი თქვა და შესაბამისად, უკანასკნელი კონკურსი კოალიციის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. მოცემული კონკურსის პირობებში კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობაზე, ასევე, უარი თქვა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამაც.

როგორც მოსალოდნელი იყო, სამთავრობო კომისიამ თითქმის იდენტური შემადგენლობით და პროცედურებით უკვე მესამედაც ვერ უზრუნველყო ობიექტური კონკურსის ჩატარება და ისეთი კანდიდატების შერჩევა, რომლებიც პროცესის პოლიტიზირების ეჭვებს გაფანტავდა, რასაც კონკურსის შესახებ სახალხო დამცველის მკვეთრად უარყოფითი შეფასებაც ადასტურებს. როგორც ცნობილია, გასაუბრების მიმდინარეობისას კანდიდატ(ებ)ის მიმართ დაისვა შეკითხვები, რომლებიც სრულიად შეუფერებელი იყო კონკურსის მიზნებთან ან/და პოლიტიკური ანგარიშსწორების სულისკვეთებით იყო განმსჭვალული. მაგ. სპეციალური სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, ევროსაბჭოში საქართველოს ყოფილ მუდმივ წარმომადგენელს და კონკურსის ერთ-ერთ მონაწილეს 2017 წლის იანვარში ამავე კომისიის მიერ წარდგენილი სიის ჩაგდების ხელშეწყობაში დასდო ბრალი და მას ამისათვის პასუხი მოსთხოვა.

სამთავრობო კომისიის მიერ მესამედ შერჩეული კანდიდატების შესახებ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემებინათელს არ ხდის, თუ რატომ აკმაყოფილებენ შერჩეული კანდიდატები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მაღალ სამოსამართლო თანამდებობაზე დანიშვნის პირობებს და რატომ დაიმსახურეს მათ უმაღლესი შეფასება სხვა კანდიდატებთან შედარებით. კომისიის მუშაობის არსებული წესის თანახმად კომისიას არ გააჩნია მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ამავდროულად, საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის გასაუბრების ამსახველი აუდიოჩანაწერები, რაც პროცესის კიდევ უფრო გაუმჭვირვალეს ხდის და კომისიას უფლებამოსილების არასათანადოდ გამოყენებისთვის ფართო სივრცეს უტოვებს.

არსებული პროცედურების პირობებში, ამჯერადაც, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, დაბალი შეფასებები დაიმსახურეს სამოსამართლო კორპუსის კვალიფიციურმა წარმომადგენლებმა და მაღალი რეპუტაციის მქონე იურისტებმა, მაშინ როცა მაღალი შეფასებები დაიმსახურეს და მთავრობისთვის წარსადგენ სიაში მოხვდნენ საკამათო რეპუტაციისა და კვალიფიკაციის მქონე ის კანდიდატები, რომლებიც არაერთხელ სამართლიანად გამხდარან საზოგადოების კრიტიკის ობიექტები.

მაგალითად, თამარ ალანია, რომელიც 2006 წლიდან მოსამართლეა და 2013 – 2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი იყო, აქტიურად უჭერდა მხარს არაერთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელთა უკანონობასა და თვითნებურობაზე სამართლიანი კრიტიკა ისმოდა და რომლებმაც კიდევ უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანა მართლმსაჯულების სისტემა. ამავდროულად, თამარ ალანია მოიაზრება სასამართლო სისტემაში არსებული მოსამართლეთა გავლენიანი „კლანის“ წევრად, რომელთაც დღემდე ფაქტობრივად სრული გავლენა აქვთ სასამართლო ხელისუფლებაზე. მიუხედავად ამისა, თამარ ალანიას კანდიდატურა უკვე მეორედ წარედგინა კომისიის მხრიდან საქართველოს მთავრობას.

 

მთავრობისათვის წარსადგენ კანდიტატებს შორის ასევე მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომლის როგორც კვალიფიკაციასთან, ისე პროფესიულ რეპუტაციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს. საქართველოში, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმის განხილვაზე, ოთარ სიჭინავა ხელოვნურად არ გამოცხადდა, არ შეასრულა საკუთარი სამოსამართლო უფლებამოსილება და განზრახ შეაფერხა სამართალწარმოება. მიუხედავად ამისა, ოთარ სიჭინავა მთავრობის მიერ საბოლოოდ შერჩეულ 2 კანდიდატს შორის მოხვდა.

კოალიციას მიაჩნია, რომ ჩატარებულმა კონკურსმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესის არსებითი ნაკლოვანებები, რამაც ამჯერადაც, მსგავსად წინა შემთხვევებისა, კომისიის სახელისუფლებო წევრებს მისცათ შესაძლებლობა ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით წინასწარ შერჩეულ კანდიდატებისთვის ხელოვნურად და უსამართლოდ ჩამოეშორებინათ სხვა ძლიერი კონკურენტები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეროვნულ დონეზე მესამედ ჩატარებული შერჩევის პროცესიც მსგავსად წინა შემთხვევებისა არ შეესაბამება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის „მოსამართლეთა ნომინირების და არჩევის შესახებ“ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში თავიდან უნდა იქნეს აცილებული პროცესის პოლიტიზირება. კოალიციის შეფასებით, ჩატარებული კონკურსის პირობებში უკვე მესამედ არსებობს სტრასბურგში საქართველოდან წარდგენილი სიის ჩავარდნის რეალური საფრთხე, რაც კიდევ ერთხელ მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯსა და ინტერესებს.