თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება დაევალა, რაც გულისხმობს სამედიცინო სარეაბილიტაციო კურსის საფასურის, შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის არსებობამდე ადაპტირებული ტრანსპორტით მომსახურების საფასურის და ღამის მომვლელის მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას. გადაწყვეტილებები შესულია კანონიერ ძალაში.
საქმე შეეხება პირს, რომელიც სკოლის დამთავრებისას ე.წ. "ბოლო ზარზე" სკოლის მასწავლებელმა თანაკლასელებთან ერთად წაიყვანა გარდაცვლილი კლასელის საფლავზე. გზაში პედაგოგებმა გააჩერეს სატვირთო ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი. მგზავრობისას მძღოლმა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესი, რის გამოც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ავტომანქანა გადაბრუნდა და მოსარჩელე მოყვა ავტომანქანის ძარის ქვეშ. შედეგად მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები, რომელთა გათვალისწინებითაც პირს დაუდგინდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსი უვადოდ.
მოსარჩელესა და სამინისტროს შორის დავა ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო. პირველი საქმის ფარგლებში სასამართლომ განიხილა ამ უკანასკნელისთვის მატერიალური და მორალური ზიანის დაკისრების მოთხოვნები. სასამართლომ დაადგინა სამინისტროს ბრალეულობა და შედეგად მას დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება. თუმცა რამდენიმე წლის გასვლის შემდეგ მოსარჩელეს დამატებითი საჭიროებები წარმოეშვა და სწორედ ამიტომ საჭირო გახდა სასამართლოსთვის ხელახლა მიმართვა.
საია დაზარალებული პირის ინტერესებს 2012 წლიდან დღემდე იცავდა.