სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ფარულად შერჩეული მოსამართლეები

2017-06-28 11:30
Featured image

ამონარიდი საბჭოს წევრის და უზენაესი სასამართლოს ყოფილი, აწ უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლის გასაუბრებიდან:

საბჭოს წევრი: მოსამართლეთა კრიტიკაზე რას ფიქრობთ? როგორ ფიქრობთ, საჭიროა დამატებითი რეგულაციები ამ მიმართულებით?

მოსამართლეობის კანდიდატი: მოსამართლე ღმერთის უფლებამოსილებას ასრულებს ქვეყანაზე და რა თქმა უნდა დაცული უნდა იყოს, მათ შორის სისხლის სამართლის წესით.

 

 

მართლმსაჯულების მესამე ტალღის ცვლილებების შესაბამისად, მოსამართლეობის კანდიდატები ფასდებიან, კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით. კანდიდატის ობიექტური და სრულფასოვანი შეფასების მიზნით ასევე ხდება მათი პროფესიული რეპუტაციასა და საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოძიება. მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭი ეყრება მხოლოდ იმ მოსამართლეობის კანდიდატს, რომლის კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეობის კანდიდატი აკმაყოფილებს ან სრულად აკმაყოფილებს კეთილსინდისიერების კრიტერიუმს, ხოლო კომპეტენტურობის კრიტერიუმით კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამი ქულების მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტია. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა მიმდინარეობს ე.წ. დახურულ კარს მიღმა, დაინტერესებულ პირთათვის  მხოლოდ გადაწყვეტილებების მიღებისა და გასაჯაროების შემდეგ ხდება საბჭოს მიერ მიღებული ამა თუ იმ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი.

მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ერთადერთი ღია ნაწილი შესაძლებელია იყოს  მოსამართლეობის კანდიდატთან გასაუბრებაზე, თუმცა არა ყველა შემთხვევაში. რატომ? იმიტომ, რომ კანონი არ ითვალისწინებს ჩანაწერს გასაუბრებების ღია თუ დახურულ ფორმატში ჩატარებაზე, საბჭომ კი მის მიერ მიღებული წესით დადგინა, რომ: “მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება ტარდება დახურულ სხდომაზე.

რა ხდება პრაქტიკაში?

გასაუბრების დაწყებამდე საბჭოს თავმჯდომარე ყველა კანდიდატს უსვამს კითხვას იმის თაობაზე თანახმა არიან თუ არა გასაუბრების ღია ფორმატში ჩატარებაზე, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში საბჭოს მათთან გასაუბრების ჩანაწერის გასაჯაროვებაზე?

ყოველ კონკურსზე, მოსამართლეთა კეთილი ნების იმედად ვართ.  ამასთან, ყოველწლიურად მოსამართლეთა ნება გასაუბრების ღიაობასთან დაკავშირებით უარესდება.

მაგალითად: თუ წინა წელს კონკურსის პირობებში დაიხურა 4 გასაუბრება. ამ კონკურსის მიმდინარეობისას 14 გასაუბრება. გასაუბრების დახურულ ფორმატში ჩატარება მოითხოვა - უზენაესი სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ, საბჭოს ყოფილმა წევრმა, საბჭოს მოქმედმა წევრმა არგუმენტით -  „მაინც გვაკრიტიკებენ რომ გამჭვირვალეები არ ვართ და რა აზრი აქვს?“ მოსამართლეები - რომლებიც გარკვეულწილად მაგალითს უნდა აძლევდნენ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს გამჭვირვალობის სტანდარტის დამკვიდრებაში, თავად ირჩევენ გასაუბრების დახურულ ფორმას.

გასაუბრების ჩატარება დახურულ სხდომაზე, მით უფრო იმ პირობებში, როცა საბჭოს წევრებს არ ევალებათ მიღებული გადაწყვეტილებების  დასაბუთებულობა, მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებს კიდევ ერთხელ და ნათლად წარმოაჩენს. გასაუბრებების ღიაობა ხელს უწყობს კონკურსის მიმდინარეობისას ხარვეზების გამოვლენას და გასაჯაროებას, რაც თავის მხრივ ხარვეზების აღმოფხვრის პრევენციას ემსახურება.

მიუხედავად წლების განმავლობაში მონიტორინგის ანგარიშებში ასახული  რეკომენდაციისა, რომ გასაუბრება ჩატარდეს ღია სხდომაზე, კვლავ მოსამართლეთა კეთილი ნების იმედად ვრჩებით...

 

 

 

ნინო ნოზაძე საიას იურისტი

შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას