2018 წლის 8 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი კითხვებით მიმართა.
გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს, საქართველოსა და აფხაზეთის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. აფხაზმა მესაზღვრემ, რაშიდ კანჯი-ოღლიმ მოკლა. ოთხოზორიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის წევრებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართეს. წარდგენილ საჩივარში მომჩივნები ე.წ. აფხაზი მესაზღვრის მიერ ძალის უკანონო გამოყენების შედეგად გ. ოთხოზორიას სიცოცხლის მოსპობასა და ამ ფაქტზე წარმოებული გამოძიების არაეფექტურობაზე დავობენ.
ევროპული სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, რუსეთის ფედერაციას სწორედ გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფის ფაქტთან დაკავშირებით მოუწევს პასუხის გაცემა, კერძოდ, დაირღვა თუ არა ოთხოზორიას სიცოცხლის უფლება და რამდენად ეფექტური იყო ეროვნული საგამოძიებო ორგანოების მიერ მისი მკვლელობის ფაქტზე ჩატარებული გამოძიება. ამასთან, სასამართლომ მოპასუხე სახელმწიფოს მოთხოვა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ გ. ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მთლიანი საგამოძიებო მასალების ასლების წარდგენა. რუსეთის ფედერაციას კითხვებზე პასუხის გასაცემად ვადა 2019 წლის 7 მარტამდე განესაზღვრა.
გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია პრეცედენტული მნიშვნელობა, რადგან სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტურ კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე.
ამავდროულად, ოთხოზორიას საქმე ცხადყოფს ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ საგანგაშო ვითარებას ადამიანთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით და კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩენს უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემებს ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვარზე.