სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ

2014-07-03 17:45
Featured image

დღეს, თბილისის დროით 13:00 საათზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში,  საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც სახელმწიფოთაშორის საჩივარზე (საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება გამოცხადდა.

2007 წლის 26 მარტს საქართველოს მთავრობამ საჩივრით მიმართა ევროპულ სასამართლოს 2006 წელს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მოქალაქეების მასობრივ გამოძევებასთან დაკავშირებით. წარდგენილ საჩივარში საქართველოს მთავრობა მოითხოვდა ევროპულ სასამართლოს დაედგინა რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების შემდეგი მუხლების დარღვევა. დამატებით საქართველო მოითხოვდა რუსეთის ფედერაციისთვის კომპენსაციის გადახდის დაკისრებას.
 
2007 წლის აპრილში ამავე საკითხზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პარტნიორ ორგანიზაციასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ევროპულ სასამართლოს ინდივიდუალური საჩივრებით მიმართა. საია ევროპული სასამართლოს წინაშე 13 საქართველოს მოქალაქის ინტერესებს წარმოადგენს. მოთხოვნები, რომლებსაც საია საჩივრებში აყენებს საქართველოს მთავრობის მიერ დაყენებული მოთხოვნების იდენტურია, თუმცა საია დამატებით ასევე ითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციას შეერაცხოს ბრალად სიცოცხლის უფლების ხელყოფა (კონვენციის მე-2 მუხლი) საქართველოს მოქალაქის თენგიზ ტოგონიძის მიმართ, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო დეპორტაციის პროცესში გარდაიცვალა.
 
დღევანდელი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელ სახელმწიფოდ ცნო  საქართველოს მოქალაქეების კოლექტიური გამოძევების, მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის, უკანონო დაკავებისა და დაპატიმრების, სამართლებრივი დაცვის საშუალებების არ ქონის ნაწილში. ევროპული სასამართლო ასკვნის, რომ  აღნიშნული დარღვევები წარმოადგენდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას და რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა შტოს კოორდინირებული და მიზანმიმართული ქმედებების შედეგია.
 
რუსეთის ფედერაცია დამატებით ცნობილი იქნა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის დამრღვევად. აღნიშნული მუხლი ევროპულ სასამართლოსთან სახელმწიფოს თანამშრომლობას ითვალისწინებს. რუსეთის ფედერაციამ ევროპულ სასამართლოს მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი დოკუმენტაციები არ მიაწოდა.
 
რაც შეეხება კომპენსაციის ნაწილს, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნული საკითხის განხილვა ერთი წლის ვადით გადადო და ამ ვადაში მხარეებს - საქართველოსა და რუსეთს კომპენსაციის ირგვლივ მორიგების საშუალება მისცა.
 
საიას მიერ ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოს მოქალაქეების მასიურ გამოძევებათან დაკავშირებით გაგზავნილი საჩივრების განხილვა უახლოეს მომავალში მოხდება. სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარმატებიდან გამომდინარე, მაღალი ალბათობით უნდა ვივარაუდოთ, რომ ასევე წარმატებით დასრულდება საიას მიერ 13 საქართველოს მოქალაქის ინტერესების დასაცავად შეტანალ საქმეების განხილვაც.