საიამ პარტნიორ ორგანიზაციასთან - ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეებზე წერილობითი პოზიცია წარადგინა. წერილობით პოზიციებში პასუხი გაცემულია სასამართლოს მიერ დასმულ ყველა შეკითხვასთან დაკავშირებით და წარმოდგენილია საპასუხო პოზიცია სახელმწიფოს წერილობით არგუმენტაციასთან მიმართებით.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ევროპულმა სასამართლომ საქმეების არსებითი განხილვა 2021 წლის 07 ივნისს დაიწყო საიას მიერ წარდგენილი ყველა მუხლის სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით: კერძოდ, გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ.
აღსანიშნავია, რომ წერილობითი პოზიციის წარდგენასთან ერთად, საიამ, ასევე, მოითხოვა დამატებით დადგინდეს კონვენციის 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა. აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ სახელწმიფოს მიერ წარდგენილ პოზიციაში ნახსენებიც კი არ არის 2021 წლის 07 სექტემბერს პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონი, რომელიც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან, აგრეთვე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლების პირობებს ადგენს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებზე (ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 1441−1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე). აღსანიშნავია, რომ ამნისტიის კანონი მნიშვნელოვან ცვლილებას წარმოადგენს 20-21 ივნისის საქმეებზე საგამოძიებო პროცესის ჯეროვანი წარმართვისთვის, ხოლო, როგორც აღინიშნა, სახელმწიფო ამ ფაქტს თავის პოზიციაში არ ახსენებს. კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად კი, მხარეები ვალდებული არიან სასამართლოს მიაწოდონ საქმესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია. აღნიშნულის შეუსრულებლობა, კი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას იწვევს.
ამნისტიის კანონი არარად აქცევს 20-21 ივნისის მოვლენებზე მიმდინარე გამოძიებას. კერძოდ, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საგამოძიებო ორგანოების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების სწორი კვალიფიკაცია. მომჩივანთა საქმეებიც ამის ერთ-ერთი მაგალითია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად მოწმობს, რომ კონკრეტულ ეპიზოდებთან მიმართებით ჩადენილია არაადამიანური ან/და დამამცირებელი მოპყრობა, რომელიც, თავისი არსით, უფრო სერიოზულია, ვიდრე სსკ 333-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, დღემდე გამოძიება მხოლოდ 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც, უკვე 2021 წლის 07 სექტემბრიდან ამნისტიას დაქვემდებარებული კვალიფიკაციაა. ამრიგად, პერსპექტივა, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება რაიმე შედეგს გამოიღებს, პრაქტიკულად აღარ არსებობს. ამის მიუხედავად, სახელმწიფომ ეს ფაქტი ევროპული სასამართლოს წინაშე არ ახსენა, რაც ევროპული კონვენციით დაკისრებული 38-ე მუხლის დარღვევაა.
წარდგენილ წერილობით პოზიციაში, საია, კვლავ ასაბუთებს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, მომჩივნები დაექვემდებარნენ სამართალდამცავების მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს, რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა ეროვნული კანონმდებლობის დარღვევით, რომელიც, ამასთანავე, თავის მხრივ, არ შეესაბამება ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დადგენილ სტანდარტს. ამასთან, საგამოძიებო ორგანოებმა არ ჩაატარეს ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი და მათ არ მისცემიათ ხელშესახები შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღოთ საგამოძიებო პროცესში. ამასთან, 2021 წლის 07 სექტემბერს ამნისტიის კანონის მიღებამ ძირი გამოუთხარა საგამოძიებო პროცესს, რითაც კონვენციის მე-3 მუხლით განმტკიცებული გარანტიები სრულად უგულებელყო.
საია, ასევე, ასაბუთებს, რომ მომჩივანი ჟურნალისტების მიმართ სამართალდამცავები იყენებდნენ ძალას, როდესაც ისინი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდნენ, და ამით კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლება გაუმართლებლად შეზღუდეს. ასევე, მომჩივანი დემონსტრანტების მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლება. დამატებით, საია კვლავ მიუთითებს, რომ მომჩივნებს არ ჰქონიათ შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი.