სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის პოზიცია არ გაიზიარა და აკაკი ოჩიგავას საქმეზე (ცინცაბაძის ჯგუფის) სახელმწიფოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტიანი აღსრულებისკენ მოუწოდა

2024-03-25 12:27
Featured image

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეფასებით, საქმეზე - ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ, სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტიანი აღსრულება არ მიმდინარეობს. 2024 წლის 14 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით, მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ,,ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების ეფექტიანი აღსრულებისაკენ მოუწოდა.1 სწორედ ამ ჯგუფში ერთიანდება აკაკი ოჩიგავას საქმე, რომელიც ეხება მომჩივნის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელებულ წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და ამ ფაქტების არაეფექტიან გამოძიებას. მითითებულ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2023 წლის 16 თებერვალს, ევროკონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) მატერიალური და პროცედურული ვალდებულებების დარღვევა დაადგინა.

2023 წლის 2 ნოემბერს საიამ, როგორც აკაკი ოჩიგავას უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს წერილობითაც მიმართა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ აკაკი ოჩიგავას განმარტებით ის პირები, რომლებიც მონაწილებდნენ მისი წამების არაერთ ეპიზოდში დღემდე დასაქმებულნი არიან პენიტენციურ სისტემაში, მათ შორის, მაღალ თანამდებობებზე, რის გამოც მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას კვლავაც საფრთხე ემუქრება, რადგან აკაკი ოჩიგავა დღემდე იმყოფება პენიტენციურ დაწესებულებაში. საიამ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა, დაეწყო გამოძიება ყოველმხრივ, დროულად და თანმიმდევრულად დაზარალებულისა და მისი წარმომადგენლის ჯეროვანი ჩართულობით. შემაშფოთებელია, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არა თუ აქტიური გამოძიება არ უწარმოებია, დღემდე საიას წერილისთვის პასუხიც არ გაუცია.

სახელმწიფოს მხრიდან მითითებული საქმის აღსრულების ნების არარსებობა 2024 წლის 14 თებერვალს მინისტრთა კომიტეტისთვის სახელმწიფოს მიერ წარდგენილი პოზიციითაც დამტკიცდა. კერძოდ, სახელმწიფო მიუთითებს, რომ აკაკი ოჩიგავასთან დაკავშირებით 2016-2017 წლებში შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, ხოლო გარკვეულ პირთა წრესთან დაკავშირებით კი, საქმე სათანადო მტკიცებულებით სტანდარტს ვერ აღწევს, რაზე დაყრდნობითაც სახელმწიფომ საქმეზე მინისტრთა კომიტეტის მხრიდან ზედამხედველობის დახურვა მოითხოვა.

2024 წლის 23 თებერვალს, საიამ და EHRAC-მა მინისტრთა კომიტეტს საპასუხო კომუნიკაცია წარუდგინეს და აღნიშნეს, რომ სასამართლომ 2023 წლის გადაწყვეტილებით გამოძიება არაეფექტიანად შეაფასა, ხოლო მტკიცებულებათა სტანდარტთან დაკავშირებით სასამართლომ მომჩივნის მხრიდან მოყვანილი ფაქტები სარწმუნოდ მიიჩნია. სასამართლოს თქმით, სახელმწიფომ თვალი დახუჭა მომჩივნის სანდო ბრალდებებზე (§59). შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან 2016-2017 წლის საგამოძიებო მოქმედებების ხაზგასმა ამტკიცებს იმას, რომ სახელმწიფოს არ აქვს მითითებული საქმის აღსრულების ნება, რაც მის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება.

ამავე კომუნიკაციაში საიამ ხაზი გაუსვა, რომ აკაკი ოჩიგავას საქმის აღსრულება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იურისდიქციას წარმოადგენს, თუმცა დღემდე უცნობია, რაიმე ქმედება თუ განხორციელდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ. ხსენებული სამსახურის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხისა და სახელმწიფოს მიერ მინისტრთა კომიტეტში წარდგენილი პოზიციების გათვალისწინებით არსებობს ეჭვი, რომ საგამოძიებო უწყებას გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დღემდე არც ერთი საგამოძიებო ან/და საპროცესო მოქმედება არ ჩაუტარებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა კომპეტენტურმა სახელმწიფო უწყებამ დაიწყოს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა ჯეროვნად აღსრულება.

ამდენად, საია მოუწოდებს:

- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - იმოქმედოს „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და აწარმოოს გამოძიება ევროსასამართლოს „კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის“ ფაქტთან დაკავშირებით;

- საქართველოს მთავრობას - შეიმუშავოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების ეფექტიანი მექანიზმი;

- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - უზრუნველყონ კომპეტენციების ფარგლებში აკაკი ოჩიგავას უსაფრთხოება;

- საქართველოს პარლამენტს - ჩანიშნოს შესაბამისი საკომიტეტო შეხვედრა და განიხილოს იუსტიციის სამინისტროს და საიას წარდგენილი ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ.


1 2024 წლის 24 იანვარს საიამ, ადამიანის უფლებათა ევროპულ ცენტრთან (EHRAC) ერთად, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებთან დაკავშირებით კომუნიკაცია წარუდგინა. ცინცაბაძის ჯგუფი აერთიანებს საქმეებს, რომლებზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 (წამების აკრძალვა) მუხლების მატერიალური ან/და პროცედურული ასპექტების დარღვევა დაადგინა. გამოძიებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გამოავლინა გამოძიების რიგი ხარვეზები, მათ შორის, დამოუკიდებლობის ნაკლებობა, დროულობა, გამოძიების არასრულყოფილება, დაზარალებულთა მონაწილეობასთან დაკავშირებული გამოწვევები, სასამართლო/სამედიცინო ექსპერტიზის არარსებობა და ა.შ.