სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

„ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება: რას უნდა ველოდოთ?“

2022-03-08 21:26
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) მიესალმება ევროკავშირის საბჭოს (Council of the European Union) ევროკომისიისადმი მიმართვას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოსაზრების (avis) წარდგენის მოთხოვნით. საია მხარს უჭერს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა, რომელშიც აუცილებელია როგორც ხელისუფლებისა და პოლიტიკური სუბიექტების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა.

ცნობისთვის, 2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე ოფიციალური განაცხადი შეიტანა და, უკრაინის მსგავსად, მისი დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.[1] 7 მარტს, ევროკავშირის (“მინისტრთა”) საბჭომ, რომელშიც შედის 27 წევრი ქვეყნის შესაბამისი პორტფოლიოს მქონე მინისტრი, ოფიციალურად მიმართა ევროკომისიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის წევრობის განაცხადების შესახებ მოსაზრების (avis) წარდგენის მოთხოვნით.[2]

რას გულისხმობს ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება?

მინისტრთა საბჭო ევროკავშირის სამი ძირითადი საკანონმდებლო ორგანოდან ერთ-ერთია. ევროკავშირის სამართლის თანახმად, მისი გადაწყვეტილება გაწევრიანების ხანგრძლივი პროცედურის პირველი ნაბიჯია. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი აღმოსავლეთ ევროპის სამ ქვეყანას - საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას - ერთ პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს. 7 მარტს, სამივე შემთხვევაში, მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება დაეწყო ქვეყნების ევროკავშირში შესვლის პროცედურა და მიმართა ევროკომისიას, შეიმუშავოს მოსაზრებები (avis) მიღებულ განაცხადებთან დაკავშირებით. 

Როგორია ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯები და სად არიან განმცხადებელი ქვეყნები, მათ შორის, საქართველო ამჟამად? 

მინისტრთა საბჭოს მიმართვის საფუძველზე, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, უნდა წარმოადგინოს მოსაზრება აპლიკანტი სახელმწიფოს სურვილზე გახდეს ევროკავშირის წევრი. ევროკომისიის მოსაზრებაზე დაყრდნობით, საბოლოო გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, იღებს ევროკავშირის საბჭო. იმისათვის, რომ საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ მიიღონ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საჭიროა 27-ვე ქვეყნის თანხმობა. 

Საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში, მინისტრთა საბჭომ ევროკომისიას სწორედ მსგავსი მოსაზრებების წარდგენა მოსთხოვა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში, სამივე ქვეყნა გადავა ევროკავშირში ინტეგრაციის მომდევნო ეტაპზე, რაც გულისხმობს წევრობაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყებას. ამ პროცესის ფარგლებში, ევროკავშირი შეაფასებს აპლიკანტი ქვეყნის შესაბამისობას გაწევრიანების კრიტერიუმებთან (ე.წ. კოპენჰაგენის კრიტერიუმები).[3]  სამი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს ევროკომისიის მიერ გამოგზავნილი ოფიციალური კითხვარის შევსება, რომელიც ფარავს პოლიტიკის 35 სფეროს (თავს) და შეეხება ქვეყნის წინსვლასა და საკანონმდებლო ჩარჩოს სხვადასხვა, მათ შორის, ეკონომიკის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და სხვა მიმართულებებით.[4] დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით, ევროკომისია აფასებს განმცხადებელი ქვეყნის წევრობისთვის მზაობას.[5] კითხვარის გარდა, მხედველობაში მიიღება საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებიც. 

 


[1] ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3tBuGvr, განახლებულია: 08.03.2022.

[2] ხელმისაწვდომია: https://bit.ly/376KWwF, განახლებულია: 08.03.2022. 

[3]  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3CmrA2e, განახლებულია: 08.03.2022.

[4]  ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3pNRo2i, განახლებულია: 08.03.2022.

[5] იქვე.