დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების ფაქტზე 5 ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა. დაკავებული პირები დანაშაულს არ აღიარებენ და მათი უდანაშაულობა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ეჭქვეშ ვერ დადგება. თუმცა, მისასალმებელია, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ მოხდა აქტიური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და ამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენების დაკავება, ასევე, საზოგადოების ინფორმირება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. იმედს ვიტოვებთ, რომ პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები უტყუარია და მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოებმა საკითხი დეტალურად შეამოწმონ ამ მიმართებით ბრალდებულთა პირველადი წარდგენის სხდომაზევე.
ვფიქრობთ, საზოგადოების აქტიურობის შედეგიცაა, ის რომ საგამოძიებო ორგანოები უფრო მეტად გააქტიურდნენ და გარკვეული შედეგები წარუდგინეს საზოგადოებას. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, უნდა დადგინდეს როდიდან, ვისი ხელმძღვანელობით და რა ხერხებით ხორციელდებოდა აღნიშნული ფარული ჩანაწერების შექმნა და შენახვა. ასევე, დასადგენია დაკავებულ პირებს ვინ აძლევდათ უკანონო ბრძანებებს, ვინ იდგა. პირადი ცხოვრების ინფორმაციის შემცველი არქივის შექმნის უკან. ამასთან, პროკურატურა უნდა დაინტერესდეს და ჩაატაროს გამოძიება ბოლო პერიოდში კონკრეტული ადამიანების მხრიდან (ეკა მიშველაძე, ნიკა გვარამია, ალექსანდრე ელისაშვილი) პირადი ცხოვრების ინფორმაციით შანტაჟის ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან კამპანია „ეს შენ გეხება“ კვლავ მოითხოვს, სამართალდამცავი სისტემა დატოვონ იმ პირებმა, ვინც იდგა პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის სისტემური დანაშაულის უკან.
პროცესის სანდოობის და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, ასევე საქმეზე არსებული მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, სამართალდამცავმა უწყებებმა უნდა გააგრძელონ საზოგადოების ინფორმირება მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.