სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ერთობლივი მიმართვა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტთან დაკავშირებით

2018-02-09 16:12
Featured image

მედია საშუალებები ყოველ კვირა იტყობინებიან დასაქმების ადგილებზე დაშავებული და დაღუპული მუშების შესახებ. დღეს, ჟვანიას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. 10 დღის წინ სოფელ რუხში მშენებარე ობიექტზე დასაქმებული მამაკაცი დაიღუპა. 2017 წლის მაისში ტყიბულის შახტაში ერთდროულად ოთხი მუშა, უსაფრთხოების ნორმების არარსებობის გამო, გარდაიცვალა. სიკვდილი სამუშაო ადგილზე უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა.

დაღუპვის და მძიმედ დასახიჩრების შემთხვევების მიღმა მედიისთვის და საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი რჩება დასაქმების ადგილებზე არსებული მძიმე და მავნე სამუშაო პირობების გამო დასაქმებულებისათვის განვითარებული პროფესიული დაავადების არაერთი შემთხვევა, რაც არ იწვევს ადამიანის უეცარ სიკვდილს თუმცა, მძიმედ აზიანებს ჯანმთრებლობას, ავითარებს ქრონიკულ და მწვავე დაავადებებს და ადამიანს შრომისუუნაროს ხდის. საქართველოს დღემდე არ გააჩნია სათანადო კანონმდებლობა, რაც აიძულებდა კომპანიებს შექმნან ღირსეული შრომის პირობები და შეწყვიტონ რესურსების დაზოგვა ისედაც დაბალანაზღაურებადი მშრომელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხარჯზე. ბოლო წლების მანძილზე სამოქალაქო საზოგადოება იბრძვის დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რეგულაციებისთვის. ამასთან ერთად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით, რომელიც იძლევა ვიზა-ლიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის პრივილეგიებს, გათვალისწინებულია შრომითი უფლებების, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის სტანდარტების შექმნისა და მათი აღსრულების მექანიზმების დანერგვის ვალდებულება. ეს ჩვენს რეალობაშისიკვდილსიცოცხლის საკითხია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

“შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, ბოლო რვა თვე  მის გადამუშავებას მიეძღვნა, რასაც მხარს უჭერდა პარლამენტი და სამოქალაქო საზოგადოება. 2018 წლის 5 თებერვალს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს მეორე მოსმენით უნდა განეხილა აღნიშნული კანონი, თუმცა ინიციატორმა – საქართველოს მთავრობამ არ წარმოადგინა საკანონმდებლო პაკეტი და პოზიციების შესაჯერებლად კიდევ ერთი კვირის ვადა ითხოვა. აღსანიშნავია, რომ საკომიტეტო მოსმენას არ ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა პოზიციები კანონპროექტის ტექსტზე შეუთანხმებლობას განაპირობებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წლების მანძილზე აჭიანურებდა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დამცავი კანონმდებლობის მიღებას. “შრომის უსაფრთხეობის კანონი” პირდაპირ უკავშირდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს მოქმედების არეალს, ხოლო კანონის მიღება საქართველოს პარლამენტის პრეროგატივაა. პარლამენტში განვითარებული პროცესები  ააშკარავებს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის დომინანტი ამ პროცესში და ის სარგებლობს სხვა უწყებებთან უპირატესი პოზიციით.

ჩვენ გამოვყოფთ სამ მნიშვნელოვან საკითხს “შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით:

  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრინციპულად ითხოვს კიდევ უფრო დავიწროვდეს კანონის მოქმედების სფერო და ნაცვლად „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოებისა“ განისაზღვროს „მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე და მავნე პირობებიანი სამუშაოები“ რაც „მომეტებული საფრთხის“ სტანდარტის შემოტანით დამატებით ავიწროებს კანონის მოქმედების სფეროს და ამასთან არ მოიცავს საშიშპირობებიან სამუშაოებს. ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პოზიციით კანონი არ უნდა გავრცელდეს საჯარო დაწესებულებებზე, რაც აგრეთვე დაუსაბუთებელი მოსაზრებაა და მიზნად ისახავს კანონის მოქმედების სფეროდან გამორიცხოს საჯარო დაწესებულებები. ჩვენ მოვითხოვთ, რომ კანონპრექტი გავრცლედეს დასაქმების ყველა ადგილზე და მოიცვას ყველა დასაქმებული.
  • კანონპროექტის მნიშვნელოვანი ხარვეზია ჯარიმების არასათანადო ოდენობები.  თუმცა, ჯარიმების გონივრული ოდენობების განსაზღვრა აუცილებელია იმისთვის, რომ აღიკვეთოს უსაფრხოების სტანდარტების დარღვევები სამუშაო ადგილებზე. თუ კომპანიისთვის ჯარიმის გადახდა უფრო იაფი იქნება, ვიდრე ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესება, დამსაქმებლები ყოველთვის აირჩევენ მინიმალური ჯარიმების გადახდის იოლ გზას. ადეკვატური დაჯარიმების სისტემა უპირობოა კანონის აღსრულებისთვის.
  • მესამე საკითხია სამუშაო ადგილებზე ინსპექტორების შესვლის წესი. ამჟამინდელი შემოთავაზება, ავალდებულებს შრომის ინსპექტორებს მიიღონ წინასწარი სასამართლო ნებართვა სამუშაო ადგილების შესამოწმებლად. ამ პროცედურის გარეშე მათი დაშვება შესაძლებელი იქნება მხოლოდ გეგმიური შემოწმებების დროს (წელიწადში ერთხელ), განმეორებითი კონტროლისას და საწარმოო შემთხვევების შემდეგ. მივიჩნევთ, რომ შრომის ინსპექტორებს უნდა გააჩნდეთ სამუშაო ადილზე უპირობო დაშვების უფლება. პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ ესაა ყველაზე ეფექტიანი გზა, რათა ინსპექტორებმა ზედამხედველობა დროულად და დაბრკოლებების გარეშე შეძლონ. ასევე აღნიშნული ნორმა, თავის მხრივ, ზღუდავს ინსპექციას უზრუნველყოს  ფატალური შემთხვევების პრევენცია.

იმისთვის, რომ მშრომელთათვის შეიქმნას უსაფრთხო სამუშაო გარემო, უპირობოდ უნდა გადაიჭრას დასახელებული საკითხები.

ჩვენ მოვითხოვთ:

-საქართველოს მთავრობამ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ კანონის პროექტის იმგვარ ტექსტზე შეჯერება, რაც სრულად გამორიცხავს სამუშაო ჯგუფში დამუშავებული ვერსიის დასუსტებას და დამატებით გაითვალისწინებს იმ არსებით საკითხებს, რაც უპირობოდ მნიშვნელოვანია ეფექტიანი რეფორმის გატარებისათვის;
-საქართველოს პარლამენტმა უმოკლეს ვადებში მიიღოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც რეალურად უპასუხებს ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.

 

ხელს ვაწერთ:

1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

2. ახალგაზრდა სოციალისტები (YSG)

3. სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი  (SNWC)

4. პროგრესული ფორუმი

5. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)