2 თებერვალს ფონდი “თაობა”-ს წარმომადგენელმა გასვლითი კონსულტაციების ჩატარების თხოვნით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრს. “თაობა” ხანდაზმულთა კლუბია, რომლის წევრებსაც ხშირ შემთხვევაში არ შეუძლიათ შორ მანძილზე გადაადგილება.
3 თებერვალს საიას იურიდიული დახმარების ცენტრის იურისტები ბექა დოჭვირი და თათია კერესელიძე ესტუმრნენ ფონდ “თაობა”-ს.
თავდაპირველად იურისტებმა ზოგადი სამართლებრივი რჩევები და განმარტებები მისცეს კლუბის წევრებს, რის შემდეგაც თითოეული მათგანის კითხვებს გასცეს პასუხები. მოხდა ინფორმაციის მიწოდება სამკვიდრო ქონების განკარგვასთან დაკავშირებით, ასევე სავალდებულო წილის, ანდერძით და კანონით მემკვიდრეობის, უღირსი მემკვიდრის და მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის თაობაზე, სამისდღეშიო რჩენისა და სესხის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით. განემარტათ პირის სიცოცხლეში ქონების ჩუქებით განკარგასა და ქონების მემკვიდრეობის წესით გადასვლას შორის განსხვავებები, არსებული რისკები და შესაძლო სამართლებრივი შედეგები.
საჯარო კონსულტაციების შემდეგ კლუბის ზოგიერთმა წევრმა სურვილი გამოთქვა ინდივიდუალურად მიემართათ იურისტისთვის და მათთვის საჭირბოროტო სამართლებრივ პრობლემებზე კონსულტაცია მიეღოთ.
კონსულტაციები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.