ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციები საქართველოს
2010-04-16 14:47
2010 წლის 29-31 მარტს, პარიზში, სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რიგით მერვე მონიტორინგის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს წარმომადგენლები.
სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა OECD-ის ანტიკორუფციული ქსელის ინიციატივაა. აღნიშნულ ქსელში ცენტრალური, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები შედის.
სტამბულის ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია გულისხმობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოების მიმოხილვას და რეკომენდაციების შემუშავებას; რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგსა და ინფორმაციის რეგულარულ განახლებას.
შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ 2008 წელს დაწყებული მონიტორინგის მეორე რაუნდის ფარგლებში საქართველოს ანტიკორუფციული ღონისძიებების შეფასება და მონიტორინგის ანგარიშის დამტკიცება.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოყოფს მონიტორინგის ანგარიშის რამდენიმე უმნიშვნელოვანეს ასპექტს:
ანგარიშის თანახმად, საქართველომ უნდა მოახდინოს არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის განხილვა და განახლება და უზრუნველყოს ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია გამჭვირვალობისა და ჩართულობის მნიშვნელობა ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავებაში. OECD-ის რეკომენდაციების თანახმად, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს წინამორბედი დოკუმენტების იმპლემენტაციის დეტალურ ანალიზსა და კორუფციული რისკის ზონების გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ კვლევას.
OECD ხაზს უსვამს ასევე საჯარო სამსახურის რეფორმის აუცილებლობას. კერძოდ: საქართველომ უნდა შემოიღოს დამსახურების მიხედვით დანიშვნისა და წახალისების სისტემა, შექმნას და ფართოდ გაავრცელოს საჯარო მოხელეთათვის განკუთვნილი კორუფციის, ინტერესთა კონფლიქტის, ეთიკური სტანდარტების, სანქციებისა და კორუფციის მხილების შესახებ პრაქტიკული და ამომწურავი სახელმძღვანელო პრინციპები. უნდა მოხდეს საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა კონფლიქტის შესახებ კანონის უფრო ეფექტური აღსრულება და გაძლიერდეს საჯარო სამსახურის ბიუროს როლი.
OECD ყურადღებას ამახვილებს მამხილებელთა უფლებების ეფექტური დაცვის მექანიზმის შექმნაზე. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლება და მამხილებელთა დაცვის რეჟიმის დარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესება. რაც შეეხება შიდა კონტროლის მექანიზმებს, OECD-ის მიხედვით, საქართველომ უნდა დანერგოს შიდა აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისი სტანდარტები და იზრუნოს მათ იმპლემენტაციაზე.
ანგარიშში კვლავ დიდი ადგილი ეთმობა ინფორმაციის თავისუფლების თემას. OECD-ის რეკომენდაციის მიხედვით, უნდა შეიზღუდოს საჯარო მოხელეთა დისკრეცია საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. უნდა განხორციელდეს საჯარო მოხელეთა სისტემატური ტრენინგი ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით. უნდა განისაზღვროს იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელიც საჯარო დაწესებულებებმა პროაქტიულად უნდა გამოაქვეყნონ. უნდა შეიქმნას აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების ცენტრალიზებული ელექტრონული სისტემა, სადაც გადაწყვეტილებების ავტომატური გამოქვეყნება და ხელმისაწვდომობა იქნება უზრუნველყოფილი.
OECD-ის რეკომენდაციები შეეხო აგრეთვე, სასამართლოს. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სასამართლოს გამჭვირვალობა, რაშიც, მათ შორის იგულისხმება: მოსამართლეთა შერჩევისა და წახალისების კრიტერიუმების გამოქვეყნება, ასევე, მსხვილ კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული საქმეების ინტენსიური და გამჭვირვალე განხილვა მაგალითად ნაფიცი მსაჯულების მიერ.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ზემოაღნიშნული საკითხების მონიტორინგზე და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ დაიწყოს OECD-ის რეკომენდაციების შესრულება.