უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სსიპ - ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, რითაც ეკატერინე მიშველაძესა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დავა საბოლოოდ დასრულდა. ეკა მიშველაძის ინტერესებს საია იცავდა.
სამივე ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ ეკატერინე მიშველაძე სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ქვედა ინსტანციების სასამრთლოების შეფასება, რომ ,,საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული საშუალება ეკა მიშველაძის ალტერნატიული სამუშაოთი უზრუნველსაყოფად და ვერც ის გარემოება დაამტკიცა, რომ ასეთი საშუალება არ გააჩნდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ ეკა მიშველაძეს მიჰყავდა საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულების გადაცემები. გადაცემა ,,პირველი სტუდიის“ დახურვის შემდგომ, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გავიდა ამ მიმართულების ოთხი ახალი გადაცემა. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ესაჭიროებოდა შესაბამისი მიმართულების გადაცემის წამყვანები, ამასთან, წამყვანების შერჩევა მოხდა არა საკონკურსო წესით, არამედ თავად ,,საზოგადოებრივი მაუწყებელმა“ შეარჩია ახალი წამყვანები. უზენაესმა სასამართლომ შეუსაბამოდ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის მიერ უპირატესობა არ მიენიჭა სწორედ ეკატერინე მიშველაძეს, რომელიც წამყვანის პოზიციას უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე იკავებდა.
სასამართლო გადაწყვეტილებით, ,,საზოგადოებრივ მაუწყებელს“ ეკატერინე მიშველაძის სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.