ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დღეს სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
საია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ში განხორციელებული და დაანონსებული საკადრო პოლიტიკა დისკრიმინაციულ ხასიათს ატარებს. არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, სამსახურიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე ხოლო ეკა კვესიტაძის და კიდევ რამდენიმე ჟურნალისტის გათავისუფლებას მათი შვებულებიდან დაბრუნებისთანავე გეგმავს. აღნიშნული პოლიტიკის გამო პროტესტის ნიშნად არაერთმა ჟურნალისტმა ტელევიზია უკვე დატოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება. წარდგენილი საჩივრით ეკა კვესიტაძე ითხოვს მის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების გამო დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას, რაც ამ ეტაპზე მისთვის კუთვნილი ხელფასის გაუცემლობაში ვლინდება. შესაბამისად, ეკა კვესიტაძე წარდგენილ საჩივარში სახალხო დამცველს სთხოვს მისი საქმის დაჩქარებულ ვადაში შესწავლას და დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად რეკომენდაციის გამოცემას.