სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ძალადობისა და დაპირისპირების ფაქტები

2016-10-05 13:49
Featured image

1. საია პარტნიორ ორგანოიზაციებთან ერთად, გამოეხმაურა კოლმეურნეობის მოედანზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების ფაქტს. როგორც ცნობილია, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.პირველ რიგში, წუხილს გამოვთქვამთ დაზარალებული მოქალაქეების გამო, რომელთაგან ერთ-ერთის მგომარეობა კვლავ მძიმეა.  მიგვაჩნია რომ აღნიშნული ქმედება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოების ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული და მის უკან მდგომი ძალების სურვილია საქართველოში დესტაბილიზაცია და არჩევნების დაძაბულ გარემოში ჩატარება. ამ შემთხვევას წინ უძღვოდა შეიარაღებული თავდასხმა დეპუტატობის კანდიდატ ირაკლი ოქრუაშვილზე გორში, და ძალადობრივი ინციდენტის შედეგად „ქართული ოცნების“ აქტივისტების დაშავების ფაქტი ზუგდიდში. მაშინ როცა, რიგი გამოწვევების მიუხედავად, ამ ინციდენტებამდე საარჩევნო პერიოდი პოზიტიური გარემოთი ხასიათდებოდა, მსგავსი ქმედებები ცალსახად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და საფრთხეს უქმნის მშვიდ და სტაბილურ საარჩევნო გარემოს, ქმნის სიტუაციის ესკალაციის რისკებს და აჩენს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებზეც პასუხის გაცემა სამართალდამცავი ორგანოებისთვის გამოწვევაა. ამ გამოწვევასთან  გამკლავება მათი საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

2. სენაკში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს სანდრა რულოვსსა და კობა ნაყოფიას ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი და მისი ჯგუფის წევრები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

 

შემთხვევა სენაკში 1 ოქტომბერს სააგიტაციო შეხვედრის დროს მოხდა. ია მეტრეველის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა ავტომანქანა დაუზიანეს. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საიას მონიტორები ფაქტის დამატებით შესწავლას ახორციელებენ.

 

3. 1 ოქტომბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთისა და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რამდენიმე წარმომადგენელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას არიგებდენ. დაპირისპირების შედეგად დაზიანება მიიღო „ქართული ოცნების“ სამმა წარმომადგენელმა, როგორც ზუგდიდის სავადმყოფოს ექიმმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა “ორს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, ერთს კი თავის ზედაპირული ტრავმა”.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ინციდენტში მონაწილეობას იღებდა სოფელ დიდინეძის ყოფილი გამგებელი, ნაციონალური მოძრაობის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ კახა ქირია და ოპოზიციური პარტიის კიდევ რამდენიმე მხარდამჭერი. „ნაციონალური მოძრაობაში“ კი ინციდენტში საკრებულოს წევრის კახა ქირიას მონაწილეობას უარყოფენ და დაპირისპირების პროვოცირებაში ბრალს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სდებენ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგიზ გუნავამ სოფელ დიდინეძში მომხდარი ინციდენტი შეაფასა როგორც ცუდი და სამწუხარო ფაქტი, თუმცა ამავდროულად  განაცხადა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან უწმაწური სიტყვებით მიმართვაზე მათ „ადეკვატური პასუხი მიიღეს“.

იმავე დღეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში მოწმის სახით იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ დიდინეძის ადგილობრივი შტაბის ხელმძღვანელი პაპუნა კუკავა და კახა ქირია, თუმცა მათთან ადვოკატი არ შეუშვეს, რასაც საიას მონიტორიც შეესწრო. ადვოკატს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში განუმარტეს, რომ აღნიშნული პირები მათთან არ იმყოფებოდნენ. მოგვიანებით კი, ადვოკატს განუცხადეს, რომ პაპუნა კუკავა და კახა ქირია მოწმის სახით იკითხებოდნენ შსს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ენგურ ქაღალდ კომბინატის ქვეგანყოფილებაში.

პაპუნა კუკავას და კახა ქირიას გამოკითხვა დაახლოებით ღამის თორმეტ საათზე დაიწყო და დილის ოთხ საათამდე გაგრძელდა. გამოკითხვის დასრულების შემდეგ მოწმეები  ექსპერტიზის ჩატარებისა და სისხლის ნიმუშის აღების მიზნით,  რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით   დაიწყო,  რაც  ცემას   ითვალისწინებს.

4. 2 ოქტომბერს, გორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატს ირაკლი ოქრუაშვილს  ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოხდა. შემთხვევა ქალაქ გორის სადგურის დასახლებაში მოხდა. კერძოდ,  მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მაშინ, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილი მოსახლეობასთან სააგიტაციო შეხვედრას მართავდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მისი მიმართულებით განხორციელდა, რა დროსაც ჭრილობა კიდურების არეში ოქრუაშვილის დაცვის წევრმა და ერთმა აქტივისტმა მიიღეს. ისინი გორის ჰოსპიტალში არიან მოთავსებულნი. პოლიცია შემთხვევის ადგილას დროულად  გამოცხადდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება  სსკ-ის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლებით.

როგორც ირაკლი ოქრუაშვილი მედიასთან საუბარში აღნიშნავს, მის შეხვედრებზე გააქტიურდნენ  კრიმინალური წარსულის ადამიანები, რათა ხელი შეუშალონ მას პოლიტიკურ საქმიანობაში. თუმცა აღნიშნული უარყო ქართულმა ოცნებამ.

4 ოქტომბერს შსს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.ი. გორში დააკავეს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფაქტზე უსწრაფესად წარიმართოს გამოძიება და დადგინდეს როგორც დანაშაულის მოტივი, ასევე მასში მონაწილე ყველა პირი.